Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება


ხაშურის რაიონში სამაშველო სამსახურები ისევ ეძებენ შაბათს სტიქიის დროს დაკარგულ ორ პირს. ორი დღის წინ რიკოთის უღელტეხილზე წამოსული ღვარცოფისა და მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისინი რესტორან „რიკოთის“ თანამშრომლები იყვნენ.

რიკოთზე დღეს დილიდან წვიმს, რაც სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს. თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის თქმით, გამოდარებისთანავე სამუშაოები გაგრძელდება.

კვირას რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. გვირაბში სატვირთო მანქანების გამოტარება დაიწყეს. მსუბუქი მანქანები კი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობენ.

მთელი ღამის განმავლობაში რიკოთთან გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. საგზაო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაჭრეს და მთიდან წამოსული წყალი მილებში გაუშვეს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, გზის ჩაკეტვის საფრთხე აღარ არსებობს.

სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ხაშურის, სურამისა და ჩუმათელეთის მოსახლეობას. ადიდებულმა მდინარე სურამულამ მთლიანად დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

შაბათ-კვირას სტიქიის ზონაში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ზარალი 10 მილიონ ლარზე მეტია.

მთავრობის წევრები დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს. ამჟამად თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით და ნარჩენების გატანით არიან დაკავებულნი.
XS
SM
MD
LG