Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსების მიერ დაკავებული ათი ქართველი თავისუფალია


დაკავებული ქართველები
დაკავებული ქართველები
ოთხშაბათს, საღამოს ოსურმა მხარემ ქართულ პოლიციას ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მცხოვრები გადასცა, ისინი ოთხი დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ.

ჯავის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ცხინვალის სასამართლოს შენობაშია განთავსებული, 10 ქართველის დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო.

ონის რაიონის სოფელ ღარის მცხოვრებლები - ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიმიტრი მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი - რუსმა და ოსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ღარელები წმინდა გიორგის ეკლესიაში რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად წავიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველები და ოსები რელიგიურ დღსასწაულს, საჯვარეობას, საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღესასწაულისას მოსახლეობა სტუმრობს ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას სალოცავების სიახლოვეს დააკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ რობერტ გაზაევმა განაცხადა, რომ სოფელ ღარის მცხოვრებლები ჯავის რაიონის სოფელ კოზთან საზღვრიდან კილომეტრ-ნახევარში დააკავეს.

ოსური მედიის ცნობით, 18 ივნისს ჯერ ოთხი პირი დააკავეს, ხოლო მეორე დღეს კოზთან ახლოს მათ მოსაძებნად წასული კიდევ ექვსი პირი დაიჭირეს. დაკავებულთა ნათესავები აცხადებენ, რომ სალოცავებში სოფლის მოსახლეობა ტრადიციულად მიდიოდა, მაგრამ აქამდე პრობლემები არ შეჰქმნიათ.

სასამართლოს სხდომის შემდეგ ოსურმა მხარემ გათავისუფლებულები ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. ამ პროცესს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გათავისუფლებულებს ცემის კვალი არ ემჩნეოდათ. საგუშაგოზე დიმიტრი მარკოიშვილთან და ბესიკ ჯელაძესთან გასაუბრება მოვახერხეთ, რომლებმაც მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე გვიამბეს.

„ვიყავით ცხინვალში, საზღვრის დარღვევას გვედავებოდნენ. ჩვენი რაიონის რელიგიური დღესასწაულია და იმ დღესასწაულზე ვიყავით წასულები. შესაწირი გვყავდა წაყვანილი და იქ რაღაც მონაკვეთი ვეღარ გავარკვიეთ და შემთხვევით დაირღვა საზღვარი, იქ დაგვაკავეს და ცხინვალში გადაგვიყვანეს. დღეს სასამართლო იყო, ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა და ზეწოლას არ ჰქონია ადგილი“, - განაცხადეს გათავისუფლებულებმა.

ღარელების დაკავებისთანავე საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. ორი დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განახადა, რომ ოკუპანტები საერთაშორისო მოწოდებებს უგულებელყოფენ.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ოთხშაბათს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო უწყებას შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო საზოგადოება, როცა საზღვრის დამრღვევებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულებად და უკანონოდ დაკავებულებად აცხადებს. მურად ჯიოევის უწყების ცნობით, რუსი მესაზღვრეები ადამიანის უფლებებს არ არღვევენ და ისინი ოს კოლეგებთან ერთად სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებენ.

დაკავებული ქართველების გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, ისე ევროკავშირის დამკვირვებლები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ დაკავებულები უნებლიეთ მოხვდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში კი, მხარეთა შეთანხმების თანახმად, მათი დაუყოვნებლად გათავისუფლება უნდა მოხდეს. დაკავებული ქართველები დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მე-18 მუხლით გაასამართლეს და დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაძევება შეუფარდეს.

ღარელები ერგნეთიდან გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. გორიდან კი ისინი სახლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა დააბრუნეს.
XS
SM
MD
LG