Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თრიალეთი” - „აგვისტოს 5 დღის“ ავტორების წინააღმდეგ


ტელერადიოკომპანია "თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ფილმ "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორს რენი ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ტელეკომპანიამ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფილმი მაყურებელს არაობიექტურ ინფორმაციას აწვდის.
თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო გუბერნიის შენობა გადაეღო!..

ფილმის ერთ ეპიზოდში უცხოელი ჟურნალისტები ტელეკომპანიაში მასალის მიტანას ცდილობენ, მაგრამ კარი ბოქლომით დაკეტილი ხვდებათ. კადრში შორი ხედით ტელეკომპანიის ლოგოც ჩანს. სწორედ ამ კადრებმა გამოიწვია ტელეკომპანიის პროტესტი.

„თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო გუბერნიის შენობა გადაეღო!.. ხელისუფლება საკუთარი სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მათთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია ერთი წუთითაც არ დაკეტილა. შენობაში განთავსებული იყო საერთაშორისო მედიაცენტრი და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, რომლებიც დაბომბვას ელოდებოდნენ, ყველაზე გვიან დატოვეს შენობა. ნანეტაშვილი ფილმში ასეთი კადრის მოხვედრას ტელეკომპანიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეჟისორმა პოლიტიკური შეკვეთა შეასრულა. მისი აზრით, „თრიალეთის“ მიმართ ხელისუფლების ზეწოლა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ომის დროს ბადრი ნანეტაშვილი ვიცე-გუბერნატორი იყო.
ეს არის მხატვრული ფილმი და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული რეჟისორსა და სცენარის ავტორს. რა შუაშია აქ, რომ სპეციალურად გაკეთდა...

„კარები არ ყოფილა დაკეტილი. ჟურნალისტებიც აქედან მას შემდეგ გავიდნენ, როცა გუბერნატორი და ხელისუფლება ხალხის გაუფრთხილებლად გავიდნენ. ამ დროს თანამშრომლების ნაწილი დარჩა ტელევიზიაში და კარები არ დაკეტილა. რახან ასე შებრუნებით არის ნაჩვენები, ესე იგი გამიზნულად იმისთვისაა, რომ „თრიალეთი“ იყო დაკეტილი და „თრიალეთი“ გაიქცა აქედან. ხელისუფლებაში როცა ვიყავი, სააკაშვილმა თათბირი ჩაატარა და მადლობა გამოგვიცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს თავდადებისთვის და თავგანწირვისთვის. და ახლა, როცა ხელისუფლებიდან წამოვედი, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი და სამაგიეროს გადახდა“, - ამბობს ბადრი ნანეტაშვილი.

ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი, კობა ნაყოფია, ტელეკომპანიის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ომის დღეებში გორში არა მარტო ტელევიზია, არამედ სხვა ორგანიზაციებიც არ მუშაობდა. მხატვრულ ფილმში კი რეჟისორმა სცენარის მიხედვით ასახა ყველაფერი. ნაყოფია ამ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტს კატეგორიულად გამორიცხავს.

"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა თბილისში
„არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვისახავდით მიზნად, რომ რომელიმე ტელევიზიის დისკრედიტაცია მოგვეხდინა. ეს არის მხატვრული ფილმი და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული რეჟისორსა და სცენარის ავტორს. რა შუაშია აქ, რომ სპეციალურად გაკეთდა. აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი განცხადებაა მათი მხრიდან. მაშინ გორი იბომბებოდა. მე მოვიკითხე და გვაქვს ინფორმაცია, რომ მაგ პერიოდში არა მხოლოდ ეს ტელეკომპანია, არამედ ბევრი რამ არ მუშაობდა და დაკეტილი იყო“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ტელეკომპანიის ოფისში 2008 წლის 7, 8 და 9 აგვისტოს საერთაშორისო მედიაცენტრი იყო განთავსებული. 9 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც ქალაქი დაიბომბა - მედიაცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მომდევნო დღეს ტელეკომპანიამაც შეაჩერა მუშაობა. იმ დღეებში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ტელეკომპანიას გაზეთ „24 საათის“ ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი ესტუმრა, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომელს, რამაზ ელანდიშვილს, გაესაუბრა. დალაქიშვილის თქმით, ტელეკომპანია უკვე აღარ მუშაობდა და აპარატურაც მის მფლობელებს გატანილი ჰქონდათ.

„ტელეკომპანია იყო ღია, მაგრამ რამაზმა გვითხრა მაშინ, ტექნიკა გავიტანეთ იმიტომ, რომ დიდი საფრთხეა, ესენიც დავკარგოთო. მე აქ იმიტომ ვარ, რომ შენობას ვუყარაულოო. ჩვენ მაშინ ვიკითხეთ, ხომ არ გაიძარცვეთო. რამაზმა გვითხრა, რომ სანამ დაიწყებოდა ეს ყველაფერი, ყველა ტექნიკა გაიტანეს“, - ამბობს ნინო დალაქიშვილი.
რუსული არხების გარდა გორში არაფერი არ აჩვენებდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პირადი, დაბალი სიმძლავრის გადამცემი შემოგვეტანა...

ქალაქში რუსული არმიის შემოსვლის შემდეგ, 12-13 აგვისტოს, სატელევიზიო ანძაზე ტელეარხების გადამცემები ააფეთქეს. მათ შორის „თრიალეთის“ გადამცემიც იყო. მოგვიანებით ამის გამო ადგილობრივმა ტელეკომპანიამ ამერიკის საელჩოს დახმარებაც მიიღო. იმ დღეებში კი ქალაქი, სადაც მხოლოდ რუსული არხები ვრცელდებოდა, ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა. ბოლნისის ტელეკომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელმა მალხაზ ვარდოსანიძემ, შემოვლითი გზებით ქალაქში მცირე სიმძლავრის გადამცემი შემოიტანა და ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში დაამონტაჟა.მაშინ ქალაქში მხოლოდ ერთი სამოყვარულო კამერა არსებობდა.

„რუსული არხების გარდა გორში არაფერი არ აჩვენებდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პირადი, დაბალი სიმძლავრის გადამცემი შემოგვეტანა ჩუმათ და დაგვეყენებინა მუნიციპალიტეტის სახურავზე, რის შემდეგაც ჩავრთეთ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემები“, - თქვა მალხაზ ვარდოსანიძემ.
როცა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაიქცა, ის თავის გაქცევასაც აღიარებს...

„თრიალეთის“ განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციალურ ქსელებში. გაზეთ „ქართლის ხმის“ ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს, არაერთი კითხვა გაუჩნდა. მისი აზრით, ამ კადრებს ფილმის ავტორები ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლად ვერ გადაიღებდნენ და ვერც კარს დაადებდნენ ბოქლომს. ამიტომ მას ეჭვი უჩნდება, რომ ფილმის გადაღებისას ტელეკომპანიაც თანამონაწილე იყო. გარდა ამისა, წიწიკაშვილი აცხადებს, რომ იმ ხელისუფლებაში, რომელმაც ომის დროს ქალაქი დატოვა, თვითონ ნანეტაშვილიც იყო.

„ტელეკომპანიის მფლობელები ამბობენ, რომ ხელისუფლებას იმ პერიოდში დატოვებული ჰქონდა გორი და, შესაბამისად, ამ მედიაცენტრსაც აკავშირებს ხელისუფლებასთან. შევახსენებ კვლავაც, რომ იმ დროს ადგილობრივ ხელისუფლებაში თვითონ იყო მაღალჩინოსანი, ვიცე-გუბერნატორი იყო, სწორედ ამ ვიცე-გუბერნატორობის გავლენის გამო განთავსდა მედიაცენტრი მაგ შენობაში, სადაც უფრო მეტად სახელისუფლებო ჟურნალისტები ტრიალებდნენ. როცა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაიქცა, ის თავის გაქცევასაც აღიარებს“, - აცხადებს საბა წიწიკაშვილი.

ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ ორი კვირაა გორის კინოთეატრ „გამარჯვებაში“ გადის. ამ კონოთეატრსაც ტელეკომპანიის დამფუძნებლები ფლობენ. ფილმის ჩვენება ახლაც გრძელდება, რადგან სპეციალური ხელშეკრულება არსებობს. ტელერადიოკომპანია "თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ფილმის ავტორებს უახლოეს დღეებში უჩივლებს.
XS
SM
MD
LG