Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ოტუნბაევას პირველი წელი


ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში გამართული რეფერენდუმის შედეგად პრეზიდენტად დაამტკიცეს როზა ოტუნბაევა - პირველი ქალი პრეზიდენტის პოსტზე შუა აზიაში.

როზა ოტუნბაევა - ყირგიზეთის ყოფილი საგრეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი, ოპოზიციონერი - შუა აზიის ქვეყნების ყველა სხვა პრეზიდენტისაგან განსხვავებული ლიდერია. განსხვავებულია თუნდაც იმით, რომ მრავალი წელი ცხოვრობდა დასავლეთში, დიპლომატად იყო მივლინებული პარიზში, ლონდონში ვაშინგტონში.
მამამისი იყო საბჭოთა ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს წევრი და ოტუნბაევამ საფუძვლიანი განათლება მიიღო... ის შუა აზიის სხვა ლიდერებისაგან განსხვავდება თავმდაბლობითაც...

მან იცის, რას ნიშნავს დასავლური ფასეულობები, რა არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება. ესმის ამ ცნებების არსიო, ამბობს ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის დირექტორი, ვენერა ჯუმატაევა და განაგრძობს: „მეორეც, ის გაიზარდა არა, საბჭოთა პერიოდში როგორც ამბობდნენ, მუშურ-გლეხურ გარემოში, არამედ ელიტურ ოჯახში. მამამისი იყო საბჭოთა ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს წევრი და ოტუნბაევამ საფუძვლიანი განათლება მიიღო. მას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია. ის შუა აზიის სხვა ლიდერებისაგან განსხვავდება თავმდაბლობითაც. მასთან ადვილია ურთიერთობის დამყარება და თუნდაც ის, რომ ოტუნბაევა ჩვეულებრივი ავიარეისებით დაფრინავს ნებისმიერ ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ... მოკლედ, არის ასპექტები, რომელთა გამოც შეიძლება ითქვას, რომ ის სხვა ტიპის პოლიტიკოსია“.

ამ, როგორც ჩვენი ყირგიზი კოლეგა ამბობს, „სხვა ტიპის პოლიტიკოსს“ მძიმე პერიოდში ერგო ლიდერის როლი.
ოტუნბაევა ხელისუფლების სათავეში ჩადგა 2010 წლის „აპრილის რევოლუციად“ წოდებული მოვლენების შედეგად - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ემიგრაციაში წავიდა და ბიშკეკში დემონსტრაციების 80-ზე მეტი მონაწილე დაიღუპა. ამ კრიზისულ ვითარებაში ვინმეს უნდა ეკისრა ლიდერის ფუნქცია სტაბილიზაციის მისაღწევად და უცხოეთთან ურთიერთობის გასაგრძელებლად. ოტუნბაევაზე არჩევანი შეაჩერეს სახალდახელოდ შექმნილი დროებითი მთავრობის 14 წევრს შორის, როგორც გამოცდილ დიპლომატსა და ოპოზიციის ლიდერზე.

მისი ამოცანა რომ რთული იქნებოდა, წინასწარვე ნათელი იყო: გარდა იმისა, რომ გრძელდებოდა კონკურენცია დროებითი მთავრობის წევრებს შორის, გადაყენებული პრეზიდენტის კლანი ღიად იბრძოდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ.
გასულ წელს ჩვენ, დროებითმა მთავრობამ ძალიან ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით შეგვეჩერებინა ეს საშინელება. ძვირფასო ხალხო! სუსტები ვიყავით. გვაპატიეთ!..

2010 წლის ივნისში, როცა დაძაბულობა პიკს აღწევდა, ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის დაპირისპირებამ იფეთქა სამხრეთ ყირგიზეთში. ძალადობამ 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უმეტესწილად უზბეკების, და დიდი ზარალი მიადგა ქვეყნის ისედაც სუსტ ეკონომიკას.

ოტუნბაევას მთავრობამ ვერ შეძლო ვერც შეტაკებების თავიდან აცილება და ვერც მათთვის ბოლოს მალე მოღება. ეს თვით პრეზიდენტმაც აღიარა სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში წელს, მარტში გამართულ შეხვედრაზე: „გასულ წელს ჩვენ, დროებითმა მთავრობამ ძალიან ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით შეგვეჩერებინა ეს საშინელება. ძვირფასო ხალხო! სუსტები ვიყავით. გვაპატიეთ!“

ეს სისუსტე არის მიჩნეული ოტუნბაევას მმართველობის მთავარ წარუმატებლობად. ბევრი აკრიტიკებს ეთნიკური შეტაკებების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის პროცესსაც.
ასეთ ვითარებაში შეძლო, ჩაეტარებინა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და რეფერენდუმი, რომლებსაც ყირგიზეთში საპარლამენტო სისტემის დამყარება მოჰყვა...

რაც შეეხება ოტუნბაევას მთავარ დამსახურებას განვლილი წლის მანძილზე, ექსპერტების, მათ შორის ჩვენი კოლეგის, ვენერა ჯუმატაევას აზრით, ეს იყო კატასტროფის თავიდან აცილება ივნისის სისხლისღვრის შემდეგ. „ასეა თუ ისე, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დაიჭრა, ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიადგა. ოტუნბაევამ ეს ყველაფერი გამოიარა, არ დაუშვა კატასტროფა. ეს არის, რასაკვირველია, მისი მთავარი მიღწევა. და მეორე მიღწევაა ის, რომ ასეთ ვითარებაში შეძლო, ჩაეტარებინა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და რეფერენდუმი, რომლებსაც ყირგიზეთში საპარლამენტო სისტემის დამყარება მოჰყვა“, - ამბობს ყირგიზი ჟურნალისტი და შეგვახსენებს, რომ საქმე ეხება პირველ საპარლამენტო დემოკრატიას ცენტრალურ აზიაში.

და მაინც, მთავარი დამსახურება როზა ოტუნბაევას ჯერ კიდევ წინა აქვს: შესრულება დაპირებისა, რომ თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს წელს, შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებში და ნებაყოფლობით გამოეთხოვება სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტს წელსვე, დეკემბერში. გამოდის, ის სულ წელიწადნახევარი იმუშავებს პრეზიდენტის პოსტზე.

თუ მართლაც ასე მოხდა, როზა ოტუნბაევა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შუა აზიის სხვა პრეზიდენტებისაგან განსხვავებული ლიდერია.
XS
SM
MD
LG