Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითიმ დაითხოვა პირადი დაცვა


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საკუთარ დაცვას აღარ ენდობა. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მან მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი გენადი კოკოევი, ასევე პირადი დაცვის უფროსი ლუდვიგ კოკოევი. დე ფაქტო ლიდერის თქმით, დაცვის სამსახური საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ეწევა. კოკოითიმ ახალი დაცვის სამსახურის ჩამოყალიბება საკუთარი ადმინისტრაციის უფროსს დაავალა.

კოკოითის პირად დაცვაში ძირითადად მისი ნათესავები შედიოდნენ. ხელშეუხებლობით გათამამებული დაცვის წევრები გავლენიან პირებად ითვლებოდნენ და ყველა სფეროში საკუთარი მოთხოვნები ჰქონდათ. ბოლოს ისინი პოლიტიკაშიც ჩაერთვნენ და სხვა ძალოვანებთან ერთად პარლამენტში კოკოითის მესამე ვადით გაპრეზიდენტების მოთხოვნით შეიჭრნენ. გარდა ამისა, კოკოითის დაცვის წევრებზე ვრცელდებოდა ხმა, რომ ისინი ნარკორეალიზატორებს მფარველობდნენ და ამით დიდ შემოსავლებს იღებდნენ. იმავე თათბირზე კოკოითიმ ნარკორეალიზატორების და მომხმარებლების წინააღმდეგ კანონის გამკაცრება და მათი სპეციალურ აპარატურაზე გამოკვლევა მოითხოვა. მისი თქმით, ეს შემოწმება სკოლის მოსწავლეებსაც შეეხებათ.

ამავე თათბირზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი ღიად დაუპირისპირდა კოკოითის მიერ დანიშნულ რაიონების ადმინისტრაციათა ხელმძღვანელებს. მისი თქმით, რაიონების აღდგენისთვის გამოყოფილი ფინანსები უკვალოდ ქრება და გაკეთებული საქმე არ ჩანს. მან მაგალითად ჯავის რაიონი მოიყვანა, რომელსაც 44 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა, მაგრამ ამ ფულით არაფერი გაკეთებულა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. ექსპერტების აზრით, კოკოითის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები ახლა იმას ცდილობენ, ნოემბრამდე რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ, რადგან გარანტიას ვერავინ აძლევთ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მათ ისევ თანამდებობებზე დატოვებენ. კორუფციის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ამას დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პირებიც აღარ მალავენ. კოკოითი კი საკუთარი მომხრეების გაშვებას არ აპირებს, რადგან მოახლოებულ არჩევნებში მათ დე ფაქტო პრეზიდენტის მემკვიდრის სასარგებლოდ ამუშავებენ.
XS
SM
MD
LG