Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესთეტიკა და ეთიკა სტრასბურგში


მიხაილ ხოდორკოვსკი (მარჯვნივ) და პლატონ ლებედევი
მიხაილ ხოდორკოვსკი (მარჯვნივ) და პლატონ ლებედევი
5 ივლისს სტრასბურგში გაიმართა კონცერტი კლასიკური მუსიკის რამდენიმე ვარსკვლავის მონაწილეობით. იშვიათად ხდება, ერთ საღამოს, ერთ სცენაზე იდგნენ ისეთი რანგის მუსიკოსები, როგორიც არიან მარტა არგერიხი, ევგენი კისინი, გიდონ კრემერი, მიშა მაისკი... და ის გარემოება, რომ კონცერტი დაიწყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ელი ვიზელის ვიდეომიმართვით, კიდევ უფრო აშკარას ხდის გუშინდელი საღამოს განსაკუთრებულობას.

საქმე ეხება კონცერტს „თავისუფლების მუსიკა“, რომლის ორგანიზატორმაც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტა.

„ეს არის კონცერტი რუსეთში ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. მაგრამ ამ კონცერტის კონტექსტში ბუნებრივად და ლოგიკურად ისმის ხოდორკოვსკისა და ლებედევის სახელები, რადგან მათი პროცესი არის ყველაზე ცნობილი, ყველაზე რთული და მძიმე პროცესი, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება და რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს მთელს მსოფლიოში. ასე რომ, საქმე არ ეხება მხოლოდ ხოდორკოვსკისა და ლებედევს, არამედ მაგნიტსკისაც, პოლიტკოვსკაიასაც - ხალხს, რომელიც ან დაიღუპა უკანონო ქმედებების შედეგად, ან ციხეში ზის“, - ამბობს სტრასბურგში გამართული კონცერტის ორგანიზატორი, ელენა დორდენ-სმიტი.

სტრასბურგი შემთხვევით არ აურჩევიათ კონცერტის ადგილად. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სწორედ სტრასბურგშია განთავსებული, საფრანგეთის ეს ქალაქი აქცია ევროპაში ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის ცენტრად. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო, მრავალ სხვა საქმესთან ერთად, განიხილავს მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის საჩივრებსაც. შეგახსენებთ: მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსის“ მფლობელი იყო და ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი, 2003 წელს დააკავეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე, რასაც მოჰყვა მისთვის რვა წლით პატიმრობის მისჯა. პატიმრობა მიუსაჯეს მის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევსაც. მოგვიანებით ისინი დამატებითი ბრალდებების - ფულის გაფლანგვისა და გათეთრების ბრალდებების საფუძველზეც გაასამართლეს. შედეგია ის, რომ მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს მოუწევთ, მთლიანობაში, 14-14 წელი დაჰყონ ციხეში.

ბევრი მიიჩნევს მათ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად. ასე ფიქრობს გამოჩენილი რუსი პიანისტი, ევგენი კისინიც.

ევგენი კისინი

„ჩემს წრეში ეს საკითხი ყოველთვის ნათელი იყო. ყველამ ვიცით, რომ რუსეთში - იქ მყოფი მრავალრიცხოვანი ოლიგარქებიდან - დევნიან მხოლოდ იმათ, ვინც შეეცადა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას. თუ (ხოდორკოვსკისა და ლებედევის) პირველი პროცესის დროს ჯანსაღად მოაზროვნე ზოგი ადამიანი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, რაღაც სიმართლე ყოფილიყო თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებებში, მეორე პროცესში წაყენებული ბრალდების - საკუთარი თავისთვის მილიონობით ტონა ნავთობის მოპარვაში დადანაშაულების - აბსურდულობა, ვფიქრობ, სავსებით ნათელია ჯანსაღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისათვის“, - განაცხადა კისინმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში. ჩვენი კოლეგის შეკითხვას, რამდენად შეუძლია მუსიკას „საზოგადობრივ-პოლიტიკური განწყობების“ გადმოცემა, მან ასე უპასუხა:

„უდავოდ შეუძლია. სწორედ ასეთია შოსტაკოვიჩის მუსიკა, მისი მრავალი ნაწარმოები. ეს ახლა არავისთვისაა საიდუმლო. არვო პიარტმა თავისი ბოლო სიმფონია ხოდორკოვსკის მიუძღვნა. და მეტიც - რამდენადაც ვიცი, საგანგებოდ დაწერა, მის პატივსაცემად“.

არვო პიარტი, რომელიც კისინმა ახსენა, ესტონელი კომპოზიტორია და სტრასბურგში გამართულ კონცერტზე მისი ერთ-ერთი ნაწარმოებიც შესრულდა. ის შეასრულა „კრემერატა ბალტიკამ“ - კამერულმა ორკესტრმა, რომელსაც ხელმძღვანელობს საუცხოო ლატვიელი მევიოლინე და დირიჟორი, გიდონ კრემერი.

გიდონ კრემერი

„ჩემი აზრით, უბრალოდ, მუსიკოსის ვალდებულებაა, დაკავებული იყოს არა მარტო ესთეტიკით, არამედ ეთიკითაც. და ამ შემთხვევაში ვცდილობ, ვიყო დამცველი - გამოვხატო თანაგრძნობა და იმედი, რომ ამ ადამიანების ბედი აღარ იქნება ტრაგიკული, როგორიც ახლაა. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ არავინ დარჩეს გულგრილი. რასაკვირველია, მესმის, რომ ჩვენს მომცრო აქციას არა აქვს განსაკუთრებული შანსი, გავლენა მოახდინოს იმ აპარატზე, იმ ზეწოლაზე, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი ჩანს. მაგრამ ხელის ჩაქნევა, ხმის არ-ამოღება და გვერდის ავლა ადამიანისთვის - თუნდაც უბრალოდ, ადამიანისათვის, რომელსაც უჭირს - ჩემი აზრით, დაუშვებელია“, - ამბობს გიდონ კრემერი, რომელიც ევგენი კისინთან, მარტა არგერიხთან, მიშა მაისკისთან და სხვებთან ერთად მონაწილეობდა კონცერტში „თავისუფლების მუსიკა“.

სხვათა შორის, პირველი ნაწარმოები, რომელიც სტრასბურგში გამართულ საღამოზე შესრულდა ელი ვიზელის ვიდეომიმართვის შემდეგ, იყო გია ყანჩელის კომპოზიცია “V & V”. უკრავდა კრემერატა ბალტიკა (სოლისტი გიდონ კრემერი) და ჟღერდა აუდიო ჩანაწერი, კერძოდ, ჰამლეტ გონაშვილის ხმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტით მოგროვილი ფული მოხმარება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ინტერნატს მოსკოვთან მდებარე კოროლევოში. ინტერნატი მიხაილ ხოდორკოვსკიმ დააარსა 1994 წელს.
XS
SM
MD
LG