Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინ ქარდის“ ლატარიაში გამარჯვებულები კომპიუტერმა გააწბილა


კომპიუტერის შეცდომა გახდა მიზეზი იმისა, რომ მოსაწვევზე უარი ეთქვა 22 ათას ადამიანს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური „გრინ ქარდის“ ლატარიაში გამარჯვებულად გამოცხადდა. მძიმე კომპიუტერულმა შეცდომამ სასოწარკვეთაში ჩააგდო ადამიანები, რომლებმაც სანუკვარი „გრინ ქარდის“ მიღებისა და ამერიკაში გამგზავრების მოლოდინში სერიოზული ხარჯი გასწიეს.

ილია სმირნოვმა პირველ მაისს შეიტყო, რომ მას ბედმა გაუღიმა. 26 წლის ციმბირელი ახალგაზრდა აშშ-ში დროებითი ვიზის საფუძველზე ცხოვრობდა. მას განაცხადი ჰქონდა შეტანილი „სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალგანზომილებიან ლატარიაში“ (Diversity Lottery), პროგრამაში, რომელიც ყოველწლიურად 50 ათასამდე აპლიკანტს აძლევს საშუალებას იცხოვროს შტატებში და მიიღოს ე.წ. „გრინ ქარდი.“ როდესაც სმირნოვმა შეიტყო, რომ არჩევანი ამოუვიდა, მან და მისმა ცოლმა, უკრაინელმა ოლგა ლეონოვამ, ბედნიერებისაგან მოსვენება დაკარგა.

„სიხარულისაგან კინაღამ გავგიჟდით, მთელი ღამე არ გვეძინა. მეორე დღეს სამსახურში უძილობით ჩაწითლებული თვალებით, მაგრამ უაღრესად ბედნიერი მივედი. ასევე ჩემი ცოლიც. ისეთი გახარებულები ვიყავით, რომ ორი ღამე არ გვეძინა.“

სმირნოვი ყოველთვის ოცნებობდა ამერიკაში ცხოვრებაზე. სასიხარულო ამბის შეტყობის შემდეგ მან დაურეკა დედას და დაავალა გაეყიდა მისი ავტომობილი და დაებრუნებინა ნაქირავები ბინა მოსკოვში.

მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. სასიხარულო მესიჯიდან ორი კვირის შემდეგ სმირნოვმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე შემდეგი ინფორმაცია ამოიკითხა: „ ჩვენ წუხილით უნდა გაცნობოთ, რომ, კომპიუტერული პროგრამის შეცდომის შედეგად, 2012 წლის
ლატარია ძალადაკარგულია.“

16 მაისს, პარასკევ საღამოს შევიტყვეთ, რომ შედეგები გაუქმდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. დღემდე ვიმყოფები დეპრესიაში...
ამ ინფორმაციამ მძიმედ არა მხოლოდ სმირნოვზე იმოქმედა.

კიდევ 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მესიჯი, რომ მათ მიერ „გრინ ქარდის“ გათამაშებაში მოპოვებული გამარჯვება არ აღმოჩნდა ნამდვილი კომპიუტერის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. იმედგაცრუებულთა შორის სხვადასხვა პროფესიის უამრავი ადამიანია მოსკოვიდან, უკრაინიდან, აფრიკიდან, ბულგარეთიდან თუ უზბეკეთიდან. თუმცა სმირნოვი ერთ-ერთი უმთავრესი მოსარჩლეა იმ დაზარალებულთა შორის, რომლებმაც გაუქმებული ლატარიის შედეგების გამო ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში 16 ივნისს კოლექტიური სარჩელი შეიტანეს სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ.

აი, რას ამბობს ამ სარჩელთან დაკავშირებით ადვოკატი კენეტ უაიტი, საადვოკატო ფირმა „უაით ესოუსიეიშენიდან“, რომელსაც საიმიგრაციო დავების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს:

„ეს არის 20 სხვადასხვა ქვეყნის 36 წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კოლექტიური სარჩელი და არსებობს კიდევ 22 ათასი პოტენციური მოსარჩლე. ეს კი ასე ხდება: ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ დაამტკიცოს სარჩელი. შესაბამისად, თუკი სასამართლო წარმოებაში მიიღებს ამ სარჩელს, დანარჩენი 22 ათასი პირიც ამ სარჩელის მონაწილე გახდება.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც „გრინ ქარდის“ ლატარიის გათამაშებას 15 ივლისს გეგმავს, უარს ამბობს კომენტარზე. ადვოკატი უაიტი ამბობს, რომ კოლექტიური სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ყადაღა დაედოს ლატარიის ახალ გათამაშებას, „22 ათასი პოტენციური მოსარჩლის ინტერესებიდან გამომდინარე“. ადვოკატის თქმით, იგი ცდილობს „დაჩქარდეს დაცვის მხარის არგუმენტთა მოსმენა სასამართლოზე.“

ემოციური მღელვარების გარდა, ბევრი მოსარჩლე მატერიალურადაც დაზარალდა ლატარიის შედეგის გაუქმებით. ზემოხსენებულმა სმირნოვმა მანქანა ძალიან იაფად გაყიდა, ხოლო 33 წლის ირინა ვოროფაევა ახლა შიშობს, რომ მას საიმიგრაციო სამსახურები აშშ-ში წასასვლელად ტურისტული ვიზის გაცემაზეც კი უარს ეტყვიან.

„16 მაისს, პარასკევ საღამოს შევიტყვეთ, რომ შედეგები გაუქმდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. დღემდე ვიმყოფები დეპრესიაში. სამსახურიდან ავადმყოფობის მიზეზით შვებულებაც ავიღე, რადგან არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. ზოგჯერ ვტირი, რადგან არ ვიცით, რითი დასრულდება ეს ყველაფერი. არ დასრულდეს იმით, რომ უარი გვითხრან ტურისტული ვიზის გაცემაზე, რადგან იმიგრაციის თაობაზე ჩვენი განზრახვა უკვე გამხელილი გვაქვს.“

ვოროფაევას მხედველობაში აქვს სავიზო პროცედურა, რომლის თანახმადაც, პირს,რომელიც ე.წ. იმიგრანტთა რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, საიმიგრაციო სამსახურები უარს ეუბნებიან ვიზის გაცემაზე.

კოლექტიურ მოსარჩლეთა ადვოკატი კენეტ უაიტი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ლატარიის შედეგების გაუქმებასთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს ნომინანტთა მიერ განცდილი ზარალის ანაზღაურების საკითხი:

„როგორც იცით, არსებობს ლატარიის მოსაკრებელი, საიმიგრაციო ვიზის გადასახადი, მოგზაურობის ხარჯები, რომელსაც პირი იხდის, კურიერის მომსახურება, სამედიცინო შემოწმება და, ცხადია, აშშ-ში გამგზავრების საფასური. სახელმწიფო დეპარტამენტი რომ აცხადებს, არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული სამზადისი აშშ-ში გასამგზავრებლადო, ასე არ არის. ზოგიერთი რამ საჭირო ხდება მას შემდეგ, როცა ადამიანები შეიტყობენ, რომ გაიმარჯვეს ლატარიის გათამაშებაში.“

დაზარალებულებმა საკუთარ პრობლემებზე საუბარი სოციალურ მედიაშიც გადაიტანეს. „22 ათასი ცრემლი“ - ასე ჰქვია ფეისბუკის ჯგუფს, რომლის წევრები ცდილობენ, „გრინ ქარდის“ პროგრამის შეცდომის შედეგად იმედგაცრუებული ადამიანების გასაჭირი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების ყურამდე მიიტანონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG