Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თვალსაზრისი“ სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის


„პირველ სადღეგრძელოდ, მოდით, მაინც უზენაესის სადღეგრძელო ვთქვათ და მივენდოთ მის ნებას, რათა მან კარგი თვალით გადმოგვხედოს და საშუალება მოგვცეს, რომ დღევანდელი საღამო მშვიდობიანად, სიკეთით, ურთიერთგაგებითა და სიყვარულით წარვმართოთ.“ - ეს სადღეგრძელო ცხინვალის „ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორმა და, ამავე დროს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა კოსტა ძუგაევმა გამოსამშვიდობებელ ვახშამზე წარმოთქვა, რომელიც სტამბულის ცენტრში, ოსურ რესტორან „ფიჩინში“, გაიმართა. ვახშამს ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტამბულში, შვედეთის საკონსულოს დარბაზში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების ანალიზის და მოგვარების ინსტიტუტის მიერ ამ ფორმატში 9 შეხვედრა უკვე გაიმართა. საზოგადოებრივი დიალოგის სერიას „თვალსაზრისი“ ჰქვია. ბოლო შეხვედრაში 26 ადამიანი მონაწილეობდა - პოლიტიკოსები, კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ფორმატის თავისებურება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასში როგორც კერძო პირი, ისე მონაწილეობს და სხვადასხვა ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს, ამიტომ მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც პროცესს როგორც სახალხო დიპლომატიის მიმართულებას, ისე განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ისე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ისაუბრეს კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე. ამ საკითხს ცხარე დისკუსიაც მოჰყვა, მაგრამ იგი კორექტულობის და ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებს არ გასცდენია. ოსური საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ფედერაციიდან შევიდნენ დე ფაქტო რესპუბლიკაში, ქართველი კოლეგები კი მათ ურჩევენ, რომ თვითიზოლაციიდან გამოსასვლელად დათანხმდნენ, რომ ამ ორგანიზაციებმა საქართველოს გავლით იმოძრაონ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი კამათის დროს აუცილებელია ურთიერთნდობა არსებობდეს და ადამიანი კარგად ხვდებოდეს, რომ მას კი არა, მის პოზიციას აკრიტიკებ.

„ყველაზე ეფექტური აქ ის არის, რომ ნდობა არის მხარეებსა და წარმომადგენლებს შორის ძალიან მაღალი. იყო საკმაოდ მძაფრი კამათიც კი, მაგრამ არ გადაზრდილა არანაირ შეურაცხყოფაში და არც ერთი მხარე არ გაბრაზებულა. დასრულდა კამათი და დისკუსია საკმაოდ მშვიდობიანად, თუმცა სათქმელი ითქვა და არავის არ მოერიდა თავისი პოზიციის დაფიქსირების და მე მგონი, რომ თავის პოზიციაზე შეიძლება დარჩნენ, მაგრამ არ მგონია, რომ ყველა ასეა - ძალიან ბევრში ამ კამათმა გადაფასება თუ არა, დაფიქრება გამოიწვია“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„თვალსაზრისის“ დიალოგის ფორმატში, მხარეების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე საყოფაცხოვრებო და ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს. არ ცხრება ინტერესი საზღვრისპირა სოფლებისთვის სარწყავი წყლის და ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. შეხვედრის მონაწილეების აზრით, საირიგაციო სისტემების აღდგენა და ახალგორის გაზიფიცირება, ეკონომიკური ასპექტის გარდა, ჰუმანიტარულ შინაარსსაც ატარებს, ამიტომ საკითხის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს. გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მომავალ შეხვედრებზეც გაგრძელდება და მონაწილეების თვალსაზრისი ჟენევის დისკუსიის წარმომადგენლებს გაეგზავნებათ. ცხინვალის „სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა დინა ალბოროვამ ამ შეხვედრიდან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მისი აზრით, საზოგადოებრივი დიალოგის ამ ფორმას ალტერნატივა არ გააჩნია და იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„ვფიქრობ, რომ ასეთ შეხვედრებზე ორივე მხარე ახელს თვალს და ამახვილებს ყურს და გონებას. ისინი მზად არიან მიიღონ სიმართლე, თუ რა ხდება ამა თუ იმ მხარეს. ამის შემდეგ კი გააზრების, ანალიზის და იმაზე ფიქრის დრო დგება, სად გვაქვს შეხების წერტილები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში. ყველაზე მთავარია, რომ შევაფასოთ სიტუაცია რეალურად და არა ისე, როგორც ჩვენ მისი დანახვა გვსურს“, – განაცხადა დინა ალბოროვამ.

ამავე შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქართული და ოსური სოფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დღემდე მოუგვარებელ პრობლემებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ქართულ სოფლებში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიო“ (Saferworld), რომლის წარმომადგენელმა მონაწილეებს ერთგვარი ანგარიში წარუდგინა. „უსაფრთხო მსოფლიო“ ამ შეხვედრის ერთ–ერთი დონორიც იყო. საზოგადოებრივი დიალოგის მთავარი დამფინანსებელი და ორგანიზატორი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალენ ნანია. მისი აზრით, ომის შემდეგ ასეთი შეხვედრებით მხარეების წარმომადგენლების დაახლოება და ნდობის აღდგენა უნდა მოხდეს. მისი თქმით, სახალხო დიპლომატიას დიდი როლი აკისრია კონფლიქტების გადაჭრის საქმეში.

„ეს შეხვედრები მონაწილეებს აძლევს საშუალებას უშუალოდ გაუგონ ერთმანეთს და მიიღონ ინფორმაცია ორივე მხარეს არსებული ვითარების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება, აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემები და, უბრალოდ, განმტკიცდეს ნდობა“, – ამბობს სიუზან ალენ ნანი.

ასეთი შეხვედრების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპული სახელმწიფოების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. სტამბულის შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა - ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ შეხვედრის მონაწილეებს.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტს 26 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში სახალხო დიალოგის განვითარების გამოცდილება დაუგროვდა.
XS
SM
MD
LG