Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიყვარულის სახელით


ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ ეპიკური რომანია პათოლოგიაზე. ფამუქი დინჯად და გაჭიანურებულად ყვება შეყვარებული კაცის „არანორმალურობაზე“. წიგნის სიუჟეტი ერთობ ტრივიალურია, მისი ეპიკურობა სწორედ ამ დინჯსა და გაჭიანურებულ თხრობაშია.

სტამბოლელი მდიდარი ოჯახის შთამომავალ ბიზნესმენ ქემალს შეუყვარდება თავისი შორეული, ღარიბი და ლამაზი ნათესავი ფუსუნი, რაც მისი პათოლოგიის მიზეზი ხდება. ამ დროს ქემალი ერთდროულად ძალიან ბედნიერი და ძალიან უბედური კაცია.

შეყვარებულები ყველასგან მალულად ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს აპარტამენტ „ნიშანთაშიში“, სადაც ვნებით, ოხვრითა და სექსით სავსე თვენახევარს ატარებენ. იქვე ფუსუნი არა მარტო ქალიშვილობას, არამედ ცალ საყურესაც დაკარგავს. ეს კი რომანში ძალიან საყურადღებო დეტალია. მთელი რომანი თითქოს სრულიად უმნიშვნელო დეტალების, ნივთების, საგნების, მოვლენებისა და უამრავი სხვა წვრილმანის მოფერება, მათი გაფრთხილება, მათზე ზრუნვა და მათით აღტაცებაა. ამ თვენახევრის განმავლობაში, როცა ფუსუნი მის გვერდით არაა, ქემალი ხშირად ლოგინზე წევს და იმ ნივთებს ეფერება, რომელთაც მისი შეყვარებულის სუნი, ანაბეჭდი თუ პომადის კვალი შემოუნახავთ.

მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, თვენახევრის შემდეგ ფუსუნი დიდი ხნით ქრება ქემალის ორბიტიდან. ამ უკანასკნელის ცხოვრებაში დგება უსასრულო ეჭვისა და უსასრულო იმედის წლები, თვეები, კვირები, დღეები, წუთები და წამები. ასე რომ, ფუსუნის ხელშენახები ნივთები მისთვის თანდათან ლამის წმიდათა წმიდა საგნებად იქცევა, ფუსუნი - მიუწვდომელ ოცნებად, თვითონ ქემალი კი ნოსტალგიურ ფანატიკოსად ყალიბდება.

ხოლო, როდესაც ფუსუნი კვლავ გამოჩნდება მის ცხოვრებაში, ქემალი უკვე იმდენად ატაცებულია თავისი შეყვარებულის გაუკვდავებით, რომ მის ბედნიერება-უბედურებას აღარაფერი ემუქრება, მისი ფანატიზმი უკვე ზენიტშია. იგი ფუსუნს იმ ნივთებში ასახლებს, რომელთაც ეს უკანასკნელი შეეხო. ქემალი ექსტაზშია, მის გარშემო ყველაფერს ფუსუნის ნიშანი აზის, ყველაფერი ფუსუნით სუნთქავს. იგი ვერ ხვდება, ან არ უნდა მიხვდეს, რომ გაუკვდავებით ანუ ნივთებში ჩასახლებით რეალურ ცხოვრებაში ფუსუნის ადგილი აღარ დარჩება. ქემალი არა მარტო გულმოდგინედ და ლამის ფოტოგრაფიულად აღწერს თითოეულ ნივთს (ბოთლებს, კოვზებს, სამარილეებს, თმის სამაგრებს, კბილის ჯაგრისებს, სიგარეტის ნამწვებს, და ასე უსასრულოდ), არამედ იპარავს მათ, რათა აპარტამენტ „ნიშანთაშიში“ მიიტანოს და შემდეგ ლოგინზე მიწოლილმა მიფერებისას გონებაში აღიდგინოს თავისი შეყვარებულის სახე, მისი ყოველი მიმოხრა, ჟესტი, გამოხედვა თუ წარბის აზიდვა.

ფუსუნი კი ხორცშესხმული ოცნებაა, რომელიც, სანამ მისი განჯადოება დაიწყება, მანამდე უნდა განსხეულდეს. ფორმულა შემდეგია: უკვდავებისთვის სიკვდილია საჭირო. რასაც გინდა შეეხე, ოცნების გარდა, თორემ დაისჯები! ამიტომაც ისჯება ქემალი. მან დანაშაული ჩაიდინა - ოცნებას შეეხო. და შესაბამისად, მოკლა იგი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქემალი იმიტომ კლავს, რომ უკვდავყოს, თვითონ კი იტანჯოს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მისთვის ხსნა სწორედ ტანჯვაშია. ქემალის დევიზია: ვიტანჯები, მაშასადამე, ვარსებობ.

რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ წიგნს მიხეილ სააკაშვილზე ვკითხულობდი. უფრო სწორად, წარმოვიდგინე, რომ მასაც ასევე ძლიერ უყვარს საქართველო და მისი სახების უკვდავსაყოფად ძალ-ღონეს არ იშურებს. აქედან გამომდინარე კი, სწორედ სიყვარულია მისი პროგრესირებადი პათოლოგიის მიზეზი. შეყვარებული კაცი ხომ, როგორც ცნობილია, ყველაფერზე წამსვლელია სიყვარულის გამო. მართლაც და, იქნებ, სააკაშვილს საქართველოს თავისებურ მუზეუმად გადაკეთება განუზრახავს და თავგამოდებით და ლამის ყოველდღიურად იმიტომაც აძლიერებს პოლიციას, რომ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თავისი მომავალი და ძალიან სპეციფიკური მუზეუმის ექსპონატად მოიაზრებს? და, რადგან სააკაშვილს იუმორის გრძნობა არა აქვს, თანაც უზომოდ ეჭვიანია, ამიტომ ყველაფერი, რაც კი მის სიყვარულთანაა დაკავშირებული, გულთან ახლოს მიაქვს - რომელიც იმავე სიყვარულითაა დაკოდილი. თუ დავუშვებთ, რომ ეს ასეა, მაშინ იგი ერთდროულად ბედნიერი და უბედური კაცი ყოფილა, რადგან შეყვარებულია. შეყვარებული და ტანჯული. ამიტომაც მაგონებს სააკაშვილი ამხანაგ საახოვს ფილმიდან „კავკასიელი ტყვე ქალი“. ამხანაგი საახოვიც ხომ ყველაფერზე მიდის სიყვარულის გამო. ალბათ მოვა დრო, როცა სააკაშვილი იმავე „უმანკოების მუზეუმის“ პერსონაჟივით იტყვის: „ისე ვცხოვრობდი, როგორც შეყვარებულს სჩვევია. სულ უფრო ხშირად მეჩვენებოდა, რომ რეალობასა და ილუზიებს შორის ვიმყოფებოდი“. ჩემი აზრით, ორში ერთია: იგი ფსიქოპათია ან სალოსი. თუ პირველია, მაშინ მას დანაშაულის გრძნობა, სინანული არ გააჩნია. თუ მეორეა, მაშინ პირიქით, სინანული იმ რეგისტრში აქვს, რომ თვითონ უნებურად იქცევა სალოსად. თუმცა, ვინც უნდა იყოს იგი, ვფიქრობ, სააკაშვილის ტანჯვა იქამდე არ დამთავრდება, სანამ შეყვარებულს არ გააუკვდავებს ანუ ბოლოს არ მოუღებს. ამიტომაც არ ესმის ბევრს სააკაშვილის. მისი მხოლოდ მას ესმის, ვინც თვითონ შეყვარებულია. დაბოლოს, ღმერთი ხომ სიყვარულია? ჰოდა, სააკაშვილიც ღმერთის ანუ სიყვარულის სახელით მოქმედებს. უფრო ზუსტად, სააკაშვილს ერთადერთი ძალა ამოძრავებს: სიყვარული, მხოლოდ სიყვარული, და არაფერი, სიყვარულის მეტი.
XS
SM
MD
LG