Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების ერთი ნაწილი გაძვირდა


ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსი
ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსი
მიმდინარე კვირის ბოლოს თბილისში გამოჩნდა დიდი ხნის წინ დაპირებული ყვითელი მიკროავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები. უახლესი მოდელის ”ფორდის” მარკის მიკროავტობუსები ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელებს კონდიცირებული ჰაერის გარდა სხვა კომფორტსაც სთავაზობს. მაგალითად, ყვითელი „მარშრუტკით“ გადაადგილებისას ყველა მგზავრი დაზღვეულია. თუმცა ასეთი მომსახურება მოქალაქეებს თითქმის ორჯერ ძვირი უჯდებათ.
მგზავრობა ძვირია და იმიტომ არ მომწონს. „მარშრუტკა“ კი მომწონს, მაგრამ...

თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მარშრუტზე გამოჩნდა და უმალვე გახდა დისკუსიის მიზეზი. საქმე ისაა, რომ „მარშრუტკით“ მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად 80 თეთრია. მგზავრების ნაწილისთვის ეს მიუღებელია, ნაწილი კი ხაზს უსვამს ახალი მიკროავტობუსების კომფორტს და ხარისხს:

”მგზავრობა ძვირია და იმიტომ არ მომწონს. „მარშრუტკა“ კი მომწონს, მაგრამ პენსიონერი ვარ და საშუალება არ მაქვს.”
”ჩვენი მგზავრების დასაწუნი არაფერი აქვს. 20 წლის მანქანა და გუშინდელი მანქანა განსხვავდება. ისინი ამორტიზებული მანქანები იყო და ეს ახალია. არის განსხვავება.”

მგზავრების გარდა მძღოლებიც აღნიშნავენ, რომ 2011 წლის ახალი მიკროავტობუსები კომფორტით გამოირჩევა და მგზავრის გადაყვანისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. თბილისში ასეთი ტრანსპორტის გამოჩენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დედაქალაქის მთავრობამ სამარშრუტო ხაზების ექსპლუატაციაზე ტენდერი ჩაატარა. ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანიის გაერთიანების - ”თბილისის მიკროავტობუსის” - გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლის ბოლომდე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს:

”ამ დღეებში რიგრიგობით დავტვირთავთ 22 ხაზსს. ჯამში, 353 მანქანა გავა ხაზებზე, წლის ბოლომდე ეს რაოდენობა გაიზრდება და, საბოლოო ჯამში, შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს.”

მომსახურების ხარისხი აღნიშნული მიკროავტობუსებით იქნება უმაღლესი, ვინაიდან მიკროავტობუსები არის ახალი; ასევე ყველა მგზავრი და ყველა მძღოლი იქნება დაზღვეული...
ვალდებულებებში, რომელიც ”თბილისის მიკროავტობუსმა” აიღო, ახალი მანქანების შემოყვანის გარდა, ძველ „მარშრუტკებზე“ მომუშავე ყველა მძღოლის დასაქმებაც შედის. ამჟამად ათვისებულ ხაზზე ეს პირობა შესრულდა და ამას თავად მძღოლებიც აღნიშნავენ. მათი დღიური ანაზღაურება საშუალოდ 40 ლარს შეადგენს. თუმცა ”თბილისის მიკროავტობუსს” სხვა პირობის შეუსრულებლობას ახსენებენ, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა - ეს არის ტარიფი. ტენდერის ჩატარებისას მონაწილე კომპანიები ირწმუნებოდნენ, რომ მგზავრობის საფასური არ შეიცვლებიოდა. ამ პირობას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებიც იძლეოდნენ. სწორედ ამას შეახსენებს თბილისის ხელისუფლებას სატენდერო კომისიის წევრი, დედაქალაქის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა სამუშია:

”ამ დოკუმენტაციის მოძიება ნებისმიერ პირს შეუძლია - ეს არის სატენდერო კომისიის ვიდეოჩანაწერები, სადაც გამოდიან ის ადამიანები რომლებიც დღეს აძვირებენ, რომ 2012 წლამდე არ გააძვირებდნენ ქალაქში მგზავრობის გადასახადს. ამას ამტკიცებდა ქალაქის მერი გიგი უგულავა, ამას ამტკიცებდა უმრავლესობა საკრებულოში. მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ტენდერში გაიმარჯვეს, 4 თვეში გადასახადი გააძვირეს.”

ოპოზიციის ამ კრიტიკის მიუხედავად, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, რომ სატარიფო პოლიტიკა უცვლელი რჩება.

”მომსახურების ხარისხი აღნიშნული მიკროავტობუსებით იქნება უმაღლესი, ვინაიდან მიკროავტობუსები არის ახალი; ასევე ყველა მგზავრი და ყველა მძღოლი იქნება დაზღვეული. რაც შეეხება სატარიფო პოლიტიკას, ახალ მიკროავტობუსებში ვრცელდება იგივე ელექტრონული გადახდის საშუალებები, როგორიც არის ავტობუსში და მეტროში. ასე რომ, ყველა შემდგომ მგზავრობაზე მგზავრი მიიღებს მყისიერ ფასდაკლებას. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სოციალურად დაუცველს, რომელიც იმგზავრებს ახალი მიკროავტობუსით, ექნება გადასახდელი მხოლოდ და მხოლოდ ტარიფის ნახევარი.“

ის, რაზეც აკაკი ჯოხაძე ლაპარაკობს, სატარიფო პოლიტიკაა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ტარიფის მოცულობაზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა.

ჯაბა სამუშია
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ჯაბა სამუშია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად სატენდერო კომისიის სხდომაზე დადებული პირობისა, ხელშეკრულებაში არ არის ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სატრანსპორტო კომპანიას წლის ბოლომდე ტარიფის უცვლელობას მოსთხოვდნენ.

სატენდერო კომისიის კიდევ ერთი წევრი, საინიციატივო ჯგუფ ”თბილისის ტრამვაის” წარმომადგენელი ბექა ნინიკური, ამბობს, რომ 2011 წლის ბოლომდე ტარიფის უცვლელობის პირობა მხოლოდ ზეპირი განცხადება იყო:

”ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან დაისვა საკითხი ფასების შენარჩუნების შესახებ. ამის პასუხად მერიის წარმომადგენელთა მხრიდან ითქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა დაფიქსირებული ოფიციალურად არც ერთ პირობაში, თუმცა ზეპირი შეთანხმება არსებობდა სამარშრუტო ტაქსების კომპანიებთან, რომ ფასები არ გაზრდილიყო.”

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტრანსპორტით - მათ შორის, საქალაქო ტრანსპორტით - სარგებლობა საკმაოდ იაფია და მისი გაძვირების ტენდენცია მოთხოვნილების ზრდითაა გამოწვეული.
XS
SM
MD
LG