Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრონისლავ კომოროვსკის ვიზიტი საქართველოში


პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისში პოლონურ-ქართული ბიზნესფორუმი გაიხსნა. ბიზნესფორუმის პარალელურად, ბრონისლავ კომოროვსკიმ შეხვედრა გამართა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

„თბილისი მარიოტში“ შეკრებილი რამდენიმე ათეული პოლონელი და ქართველი ბიზნესმენი ბათუმიდან მომავალ პოლონეთის პრეზიდენტს ორი საათის განმავლობაში ელოდა. პოლონურ-ქართული ბიზნესფორუმის მონაწილეები ფორუმის ოფიციალური გახსნის მოლოდინში შესაძლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობდნენ. სოსო ფხაკაძე, ”ვისოლ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთის მხრიდან, ფორუმში მონაწილეების სიას გაეცნო და რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამდენიმე მათგანთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ სურვილი გამოთქვა:

”არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები, არის საქართველოდან გარკვეული პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და, ბუნებრივია, ამ საკითხებზე ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ვისაუბრებთ.”

ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს პოლონურ ინვესტიციებს საქართველოში და, პირიქით...
როგორც აცეკ კუგაჩი, პოლონური სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისი კომპანია უკვე 9 წელია ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობს. მისი თქმით, პოლონურ-ქართული ბიზნესფორუმი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნესკომპანიების თანამშრომლობის, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც.

ბიზნესფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა. რომელი სამი კრიტერიუმია საჭირო იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს? პირველი ასეთი წინაპირობა პოლიტიკური სიახლოვე და სტრატეგიული ურთიერთობებიაო, ამბობს ნიკა გილაური:

”მეორე კრიტერიუმი ეს არის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები. რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, ეს არის პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის. რეალურად ჩვენ ამ სამ კომპონენტს ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს პოლონურ ინვესტიციებს საქართველოში და, პირიქით.”

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე 26 ივლისს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გაამახვილა ყურადღება. ბიზნესფორუმის გახნის ოფიციალურ ცერემონიალზე კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნულ ფაქტს. მანვე აღნიშნა ისიც, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ის საქართველოს ამ მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს:

"პოლონეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს დასავლეთის ეკონომიკურ სისტემაში, დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში, დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ადგილის დამკვიდრებისაკენ მისწრაფებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ შეცვალა პოლონეთი ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებამ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გარდაქმნა პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირში შესვლამ, როგორ შეგვიქმნა სრულიად ახალი პერსპექტივები და ახალი, ძალიან კარგი შანსები."

მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც პოლონეთის ხელისუფალს, აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ის არის დემოკრატი მმართველი და ევროპა და ევროპული მიდგომა პოლიტიკისადმი ნიშნავს სწორედ ტოლერანტობას...
”თბილისი მარიოტში” ბიზნესფორუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დარბაზის იქით, თამარ მეფის სახელობის დარბაზში გადაინაცვლა, სადაც მას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორი თავად პოლონური მხარე იყო. შეხვედრა 10 წუთს გაგრძელდა.

შრომის კოდექსის დახვეწა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოლონეთის პრეზიდენტთან ათწუთიანი შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება, ხოლო თუ რა უთხრა თავად პოლონეთის პრეზიდენტმა მათ, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე ესაუბრა.

”თვითონ გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც პოლონეთის ხელისუფალს, აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ის არის დემოკრატი მმართველი და ევროპა და ევროპული მიდგომა პოლიტიკისადმი ნიშნავს სწორედ ტოლერანტობას და განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანებთან თანამშრომლობას”, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი თარგამაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა. სწორედ ამ თვალსაზრისით, პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის ვიზიტს ქართველი ექსპერტების ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს - ისინი აცხადებენ, რომ პოლონეთს საქართველოს სასარგებლოდ ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტში მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა შეუძლია. პოლონეთი ამბიციური ქვეყანაა და მას სურს ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, მისი ნიშა კი აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამაა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია:

”საქართველო ერთ-ერთი პერსპექტიული ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, რადგან მოსალოდნელია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება და ზოგადად პროგრესის დემონსტრირება კონკრეტულად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ასე რომ, თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი მიმდინარეობს, მიმანიშნებელია, რომ პოლონეთი ამ კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტულ ქვეყნად მიიჩნევს.”
XS
SM
MD
LG