Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანის უშედეგო შეხვედრა


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დვანში 3 საათს მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ქართული მხარე ამ შეხვედრაზე ბოლო ხანებში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლებას მოითხოვდა. შოთა მახარაშვილი, ოთარ ჯავახი და ვასილ კობახიძე უშედეგოდ ელიან ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აყოვნებს დაკავებულთა გათავისუფლებას.

ინციდენტების პრევენციის მე-14 შეხვედრას პირველად დაესწრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანდჟეი ტიშკევიჩი. მან ამ პოსტზე ჰანს იორგ ჰაბერი შეცვალა. ტიშკევიჩი მხარეთა წარმომადგენლებს გაეცნო და განაცხადა, რომ შეხვედრის კონსტრუქციულობით კმაყოფილია. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ცალკე, ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას გეგმავს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის საშუალება მიეცეს. გარდა ამისა, ტიშკევიჩი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება. მისი აზრით, დაკავებულთა ერთგვარი კლასიფიკაციაც უნდა მოხდეს და დაკავებული მწყემსი და დანაშაულის ჩამდენი პირი ერთმანეთთან არ უნდა გათანაბრდნენ.

დღევანდელ შეხვედრას ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გეიდრიუს ჩეკოულისიც ესწრებოდა, რომელმაც, გადაუჭრელი საკითხების მიუხედავად, ამ შეხვედრას მაინც პოზიტიური უწოდა.

დვანის შეხვედრაზე ოსურმა მხარემ გენადი ბესტაევის ადგილსამყოფლის დადგენა მოითხოვა. იგი ომამდე სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობდა და სასჯელს დედის მკვლელობისთვის იხდის. მისი მეუღლე ამჟამად ცხინვალის რაიონში ცხოვრობს და მეუღლესთან კონტაქტზე ვეღარ გადის. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა შოთა უტიაშვილს ამ პატიმრის მდგომარეობის გარკვევა სთხოვა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებიც განიხილეს. მომდევნო შეხვედრა დვანში 2 სექტემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG