Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ბიზნესმენები და ფინანსისტები პროფკავშირების წინააღმდეგ


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მტკიცებით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. მათი განცხადებით, უფუნქციოდ დარჩენილი პროფკავშირი უნდა დაიშალოს. ახალგაზრდა ფინანსისტები გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტს საჯარო დისკუსიაში იწვევენ. თავად პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი კი ახალგაზრდა ფინანსისტებს ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის მზად არის ღია დისკუსიისათვის.

”პროფკავშირი, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს ვერ იცავს, უნდა გაუქმდეს” - აი, ასეთი კატეგორიული განაჩენი გამოუტანა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს. უძლური და უსუსური - ეს კი ის ეპითეტებია, რომლითაც ახალგაზრდა ფინანსისტები პროფკავშირებს ახასიათებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროფესიულმა გაერთიანებებმა ვერ შეძლეს დაეცვათ მასწავლებლების, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების, ექიმების ინტერესები, აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი და პროფკავშირის წევრებს მოუწოდებს უარი თქვან არსებული პროფკავშირების საწევროების გადახდაზე და შექმნან ალტერნატიული პროფკავშირები:

”ის პროფკავშირები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში არსებობენ, ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, არამედ ძალიან ნეგატიურ პოზიციებსაც აფიქსირებენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების წინაშე”, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის განცხადება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 80 თეთრამდე გაძვირდა. მერაბ ჯანიაშვილი აცხადებდა, რომ ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, რომელიც, იმავდროულად, სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებული სატენდერო კომისიის წევრი იყო, ბიზნესის ფაქტობრივ მონოპოლისტთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც მძღოლები კაბალურ პირობებში ჩააყენა. ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენელი მამუკა ნიკოლაიშვილიც შემოესწრო. პოლემიკაც სწორედ მას შემდეგ დაიწყო. მან ახალგაზრდა ფინანსისტები უსაფუძვლო ბრალდებების შეთხზვაში დაადანაშაულა:

”რა არ გავაკეთეთ, ძალიან მაინტერესებს. ჩვენ კოლექტიური ხელშეკრულებები გავაფორმეთ ახალ ფირმასთან. თქვენ რომ იძახით, დასაქმებულებს არ იცავთო, განახვებთ კოლექტიურ ხელშეკრულებას, სადაც ვერც ერთ მძღოლს ვერ გაუშვებენ სამსახურიდან. თქვენ კი ვის ინტერესებს იცავთ, ვერ ვხვდები. თქვენ გგონიათ, რომ ახალმა ფირმამ გააძვირა მგზავრობის საფასური? მგზავრობა თვითონ მძღოლებმა გააძვირეს. წავიდეთ და ვკითხოთ. ჩაგიყვანთ ხაზებთან და თვითონ ჰკითხეთ. ხვალვე მოვიწვიოთ ”შოფრები” და ვნახოთ, ვის გვერდით დადგებიან”, - ამბობს მამუკა ნიკოლაიშვილი.

თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ რადიო თავისუფლების არქივში ინახება არაერთი მცირე კომენტარი იმ მძღოლებისა, რომლებიც ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოითხოვა.

ახალგაზრდა ფინანსისტების მიერ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი თამარ ავალიანი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, პედაგოგთა პროფკავშირი, მიუხედავად იმ რთული გარემოსი, რომელიც მათ დარგშია შექმნილი, მაინც ახერხებს საკუთარი წევრების ინტერესების დაცვას. ის არ ეთანხმება ბრიფინგზე გამოთქმულ მოსაზრებას, არსებულმა პროფკავშირებმა ფუნქცია დაკარგაო:

”პედაგოგთა პროფკავშირს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. ჩვენ ვიცავთ ჩვენი წევრი უამრავი პედაგოგის უფლებებს, დღესდღეობით გვაკითხავს უამრავი გათავისუფლებული პედაგოგი და წარმოვადგენთ მათ ინტერესებს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე სასამართლოებში და გვაქვს საკმაოდ დიდი რიცხვი პრეცედენტებისა, როდესაც ჩვენ მოვიგეთ პროცესი და დღეს ეს პედაგოგები კვლავ სამსახურში არიან”, - ამბობს თამარ ავალიანი.

ახალგაზრდა ფინანსისტები საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის პრეზიდენტს ირაკლი პეტრიაშვილს საჯარო დისკუსიისაკენ მოუწოდებენ, რასაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავად ირაკლი პეტრიაშვილიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ის მზად არის მედიის თანდასწრებით ღია დისკუსიისათვის. მსგავსი ტიპის განცხადებები ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს, ირწმუნება ირაკლი პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”აშკარა ბრძოლა და პროფკავშირების ნაჯახით ჩეხა მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ნებისმიერი განცხადება, ე.წ. არასამთავრობო სექტორისგან პროფკავშირის საწინააღმდეგოდ გაკეთებული, ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის წისქვილზე ასხამს წყალს. მზად ვარ, ორშაბათსვე თავისუფალი მედიასაშუალებების თანდასწრებით გაიმართოს დიალოგი. მსაჯული იყოს მედია და მათ გადაწყვიტონ ვის მხარეს არის სიმართლე და ვის წისქვილზე ასხამენ ეს ადამიანები წყალს მსგავსი განცხადებებით”, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ, ახალგაზრდა ფინანსისტების მოთხოვნის თანახმად, თუკი ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო დისკუსიაში ვერ დაასაბუთებს, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში დასაქმებულთა მდგომარეობა უკეთესობისაკენ წავიდა, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
XS
SM
MD
LG