Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: სანამ ხელისუფლების სათავეში სააკაშვილია, კრემლი გამორიცხავს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გააკრიტიკა აშშ-ის სენატი 29 ივლისს მიღებული რეზოლუციის გამო, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები მოსკოვს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან. ამ საკითხზე მედვედევმა ისაუბრა თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში, რომელიც მასთან ჩაწერეს რუსეთის ინგლისურენოვანმა ტელევიზია „Russia Today“-მ, რადიო „ეხო მოსკვიმ“ და საქართველოს რუსულენოვანმა ტელევიზია „პიკმა“. მედვედევის განცხადებით, „სენატის ეს ფორმულირებები საფუძველს მოკლებულია. ისინი ასახავს სენატის ცალკეული მხცოვანი წევრების გემოვნებაზე დამყარებულ მიდრეკილებებს. ეს სენატორები, სუბიექტური მიზეზების გამო, სიმპათიით არიან განწყობილი ამა თუ იმ პირების მიმართ. ეს მათი საქმეა! ეს არის უცხო ქვეყნის პარლამენტი. მასთან მე, ასე ვთქვათ, არაფერი მესაქმება. ჩემთვის სულ ერთია მათი ფორმულირებები.“ რეზოლუცია, რომელსაც დმიტრი მედვედევის ეს განცხადება ეხება, გასულ კვირაში ერთხმად დაამტკიცა შეერთებული შტატების სენატმა, რომელმაც ამით ერთხელ კიდევ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მედვედევის განცხადებით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი რჩება, კრემლი გამორიცხავს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.
XS
SM
MD
LG