Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 აგვისტო, 2011


„წაგებული ომის გმირები, რომლებიც დღეს სასჯელს ციხეში იხდიან“ - ასეთი სათაური აქვს 9 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსის“ მეწინავე სტატიას, რომლის ავტორი ძირითადად სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. სტატიიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც აღირიცხა ქვედანაყოფები, ხოლო იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ირაკლი სესიაშვილის მონაცემებით, დისლოკაციის ადგილზე არ იმყოფებოდა 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, საბოლოო ჯამში, დეზერტირობის ბრალდებით მხოლოდ 60 მათგანი დააპატიმრეს. გამოძიების მასალების შესწავლის საფუძველზე სესიაშვილი ასკვნის, რომ სამხედროების დიდი ნაწილი უსაფუძვლოდაა დასჯილი.

„იმ დროს, როდესაც სამხედრო მეთაურები კონფლიქტის ზონიდან გარბოდნენ, რიგითი ჯარისკაცები ცხელ წერტილებში რჩებოდნენ და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ გმირებს არაადეკვატურად უპასუხა და მადლობის ნაცვლად მათ მიმართ რეპრესიები წამოიწყო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
ასევე „რეზრნანსში“ წაიკითხავთ სტატიას, სათაურით „საქართველო რუსეთს ბათუმსა და ფოთის პორტებს სთავაზობს“. წერილში საუბარია ორგანიზაცია "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის" მიერ რუსეთ -საქართველოს ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშზე,სახელწოდებით "საქართველო-რუსეთი: ვისწავლოთ მეზობლურად ცხოვრება". სტატიაში ვკითხულობთ:
"როგორც "კრიზისების ჯგუფს" ერთ-ერთმა ქართველმა მაღალი თანამდებობის პირმა განუცხადა, საქართველო მზად არის, უსაფრთხოების თაობაზე გარკვეული შეთანხმების შემთხვევაში, გახსნას აფხაზეთის რკინიგზა რუსული ტვირთებისთვის, ასევე დაუთმოს რუსეთს ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობისთვის. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავდა ნოვოროსიისკის პორტს და რუსულ რკინიგზას", - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა იქვე ისიცაა მითითებული, რომ ასეთი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის ხელახლა დააყენებს დღის წესრიგში აფხაზეთის სტატუსის საკითხს და შესაძლოა ამის გამო რუსეთი ამ წინადადებაზე არ დათანხმდესო.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მესამე წლისთავს ეხმიანება გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. „სამი წლის წეროვანი“ - ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მალხაზ ჭკადუა დაბა წეროვანში მცხოვრებ დევნილებს ელაპარაკა.

„ეს არც ქალაქია და არც სოფელი. წელში რა გაგვმართავს? ერთ სულზე 300-ლარიანი დახმარება? ეს ასანთის კოლოფის ტოლა მიწა თუ ფიქრი იმაზე, რა დავკარგეთ და სად ვართ ახლა?“
კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან:

“ერთ წელზე მეტია, არაფერი მიგვიღია. ხან ზეთს, ხან მაკარონს რომ ჩამოატარებდნენ, გაჭირვებულ ხალხს კიდევ გაგვქონდა თავი, ახლა კი საერთოდ არაფერი. აქ რომ ჩამოვლენ, სკოლასთან აჩერებენ ამერიკელ და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, ასე ვუვლითო დევნილებს. იციან, ცოტა ქვევით რომ ჩამოვიდნენ, ხალხი გასაჭირზე დაიწყებს ჩივილს და ეს არ აწყობთ.“

9 აგვისტოს „ახალი თაობა“ კი აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, რომ ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად ნინო ბურჯანაძეა დაბარებული. სასამართლომ უკვე დაკითხა „სახალხო კრების“ სხვა ლიდერები. გაზეთის მიხედვით, 8 აგვისტოს სასამართლოსათვის ჩვენება უნდა მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს, მაგრამ ის სასამართლოში არ გამოცხადებულა. ბადრი ბიწაძეს პროკურატურა ბრალს სდებს უკანონოდ შექმნილი გასამხედროებული ჯგუფით პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში.

9 აგვისტოს გამოსული გაზეთები ასევე ეხმიანებიან ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას. „ახალ თაობაში“ გამოქყვეყნებულ სტატიას ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს შემდეგი სიტყვები: „დავით აღმაშენებელს სიცოცხლის დროს არ უვლია ამდენი ცხენით, რასაც ესენი დაატარებენო“. სტატიიდან ასევე შეიტყობთ, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს ლენინის ძეგლის ადგილზე დადგამენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG