Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ამაღამაც მოელიან არეულობას


ლონდონის ქუჩებში 16 000-მდე პოლიციელია მობილიზებული, ანუ, გუშინდელზე თითქმის სამჯერ მეტი, ამაღამ მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით. არეულობამ და მაღაზიების ძარცვამ, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო ლონდონში და შემდეგ ბირმინგემზე, ბრისტოლზე, ლივერპულსა და ნოტინგემზეც გავრცელდა, ქაოსით მოიცვა ამ ქალაქების რამდენიმე უბანი. ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დღეს გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ამ კვირაში ლონდონში დაიჭრა არეულობის დროს. დღესვე პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა პირობა დადო, რომ ყველა საჭირო ზომას მიმართავენ წესრიგის აღსადგენად, ბრიტანეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე ფართომასშტაბიანი არეულობების შემდეგ. „ უკვე დაკავებულია 450 ადამიანი. ვიზრუნებთ იმაზე, რომ სასამართლო პროცედურები და პროცესები დაჩქარდეს და ხალხი უნდა მოელოდეს მომდევნო დღეებში მეტ, გაცილებით მეტ დაპატიმრებას. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მართლმსაჯულება აღესრულოს და ამ ხალხმა იხილოს თავისი ქმედებების შედეგები“, - განაცხადა კამერონმა, რომელიც მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომას გაუძღვა. ხუთშაბათს კი პარლამენტი შეიკრიბება საგანგებო სხდომაზე არეულობებთან დაკავშირებით. არეულობა დაიწყო ლონდონში მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა პოლიციელებთან დაპირისპირებაში ახალგაზრდა კაცის სიკვდილს.
XS
SM
MD
LG