Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზებისა და ქართველების სიმღერით გამოხატული სიყვარული


მარინა კვიჟინაძე და ნინო კალანდაძე
მარინა კვიჟინაძე და ნინო კალანდაძე
ეთნომუსიკოლოგები მარინა კვიჟინაძე და ნინო კალანდაძე აფხაზური მუსიკით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ და კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს. მათ მიერ მოძიებული მასალის წიგნად გადაქცევის იდეის ერთ-ერთი ავტორი ანსამბლ ”რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილია. წიგნის მთავარი სათქმელი თავიდანვე განისაზღვრა. “მთავარი იდეა ჩვენი წიგნის არის სიყვარული, რომელიც არსებობს ქართველებსა და აფხაზებს შორის, არსებობდა და იმედი გვაქვს, ყოველთვის იარსებებს. ჩვენ უბრალოდ, სხვადასხვა ასპექტით ვცდილობთ ეს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს და თუ ვინმე ურწმუნო არსებობს ქვეყანაზე, ისიც დავარწმუნოთ, რომ ეს არის, იყო და იქნება” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარინა კვიჟინაძემ.

თვითონ აფხაზეთში სიმღერის სცენაზე ატანა ხდება ძუკუ ლოლუას მიერ. იქ მისი გამოჩენა განპირობებული იყო აფხაზეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით...
ამ შემთხვევაში სიყვარულის მთავარი გამომხატველი მუსიკაა. პირველ ყოვლისა, ტრადიციული ხალხური მუსიკა. სწორედ მას მიიჩნევს სიყვარულის ერთ-ერთ დასტურად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ნინო კალანდაძე: ”საერთოდ, მუსიკა უნივერსალური ენაა. ტრადიციული მუსიკა კი, იმ თავისებურებით ხასიათდება, რომ ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ყოფასთან, ტრადიციასთან და რადგან საუკუნეების მანძილზე ზეპირი გზით გადაეცემა, მასში განვითარების და ცვლილებების პროცესი შენელებულია. სიტყვიერი ტექსტი ადვილად იცვლება, მაგრამ მუსიკალური ინტონაცია ძალიან გამძლეა.” ნინო კალანდაძე ამბობს, რომ სწორედ მუსიკალურ ინტონაციაშია ბევრი რამ საერთო, რასაც ისინი, როგორც მკვლევარები ეძებენ. კერძოდ, საუბარია კავკასიელთა ერთიან მუსიკალურ ენაზე, მომდევნო პერიოდში აფხაზური მუსიკის ქართულზე და ქართულის აფხაზურზე გავლენაზე. ”რასაკვირველია, ადამიანებზეც. აფხაზებსა და ქართველებზე, ვინც ერთად იდგა და ერთად მღეროდა. თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, სიმღერა არანაირად არ გამოვა” - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო კალანდაძემ.

ხალხური სიმღერის ქართული ანსამბლების რეპერტუარში დღესაც მუდმივად არის რამდენიმე აფხაზური სიმღერა. სულ პირველად კი, საქართველოში აფხაზური სიმღერა 1886 წელს შეასრულა ლადო აღნიაშვილის ცნობილმა გუნდმა. რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთს, იქ სასცენო შესრულება 1904 წლიდან დაიწყო და ცნობილი ქართველი ლოტბარის სახელს უკავშირდება.

”თვითონ აფხაზეთში სიმღერის სცენაზე ატანა ხდება ძუკუ ლოლუას მიერ. იქ მისი გამოჩენა განპირობებული იყო აფხაზეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით. როდესაც 1903 წელს ილია ჭავჭავაძე ჩადის სოხუმში, იქ მას სთხოვენ ქართული სკოლის დაარსებას და ამას მოჰყვება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების დაარსება. მას ხელმძღვანელობს შალვა დადიანის და მარიამ, მაშო დადიანი-ანჩაბაძისა. ერთ-ერთი პირველი ღონისძიებათაგანი, რაც ამის მერე ჩატარდა, იყო ძუკუ ლოლუას მიწვევა სოხუმში, რათა მას დაეარსებინა დიდი ქართულ-აფხაზური გუნდი” - უამბო რადიო თავისუფლებას მარინა კვიჟინაძემ. ეთნომუსიკოლოგი ამბობს, რომ პირველი ქართულ-აფხაზური გუნდი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებს ასრულებდა, საკმაოდ იოლად შეიქმნა და თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდის შექმნა რთული პროცესია და უამრავი ადამიანის დახმარებაც სჭირდება, როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის დასაწყისის სოხუმის აფხაზებიც და ქართველებიც ამისთვის მზად იყვნენ. სწორედ ამ გუნდმა დაუდო სათავე ჯერ სოხუმში, შემდეგ კი დანაჩენ აფხაზეთში საგუნდო შემსრულებლობას, რომელიც მანამდე არ არსებობდა. როგორც მარინა კვიჟინაძე ამბობს, ”ყველა ხალხი მღერის და ყველა ხალხური სიმღერა არის არაჩვეულებრივი, უნიკალური და ამ ხალხისთვის საყვარელი. მაგრამ, სცენაზე გამოტანა სულ სხვა მომენტია.”

ძუკუ ლოლუამ უზარმაზარი სამუშაო აფხაზური სიმღერის სცენაზე დამკვიდრებამდეც გასწია. ”თვითონ მოგზაურობდა მეგობრების დახმარებით აფხაზეთის სოფლებში და პატრიარქის ნაჩუქარი ფონოგრაფით იწერდა ხალხურ სიმღერებს. როგორც ჩანს, ჯერ თვითონ სწავლობდა და მერე ასწავლიდა გუნდის წევრებს. სწავლობდა ტრადიციებსაც, აფხაზურ ჩვეულებას და ადათს. ეს ყველაფერი შეიყვარა და შეისისხლხორცა და სხვათა შორის, მერე სცენაზეც წარმოადგინა. მისი პირველი გამოსვლები ერთგვარი თეატრალიზებული სანახაობა იყო. აფხაზები ამ გუნდის გამოსვლას თვლიან თავისი თეატრის საწყისადაც” - უამბო ნინო კალანდაძემ რადიო თავისუფლებას.

ეთნომუსიკოლოგები ბუნებრივია, წიგნში მკითხველს უამბობენ იმ აფხაზებზეც, რომლებმაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ქართველების მიერ სოხუმში დაწყებული საქმე განაგრძეს. მარინა კვიჟინაძის თქმით, ”პირველი აფხაზი ლოტბარი, რომელმაც გააგრძელა ძუკუ ლოლუას გზა, იყო ივანე ლაკერბაია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელშეწყობით და უშუალოდ მაშო ანჩაბაძის თხოვნით, მან 1914 წელს შექმნა გუნდი, რომელსაც საქველმოქმედო კონცერტები უნდა ჩაეტარებინა. როდესაც ეს გუნდი შექმნა, ივანე ლაკერბაია 16 წლის იყო. მან საქმიანობა შემდგომშიც გააგრძელა და გუნდებს უკვე დამოუკიდებლად ქმნიდა.”

ეთნომუსიკოლოგები მარინა კვიჟინაძე და ნინო კალანდაძე მკითხველს უამბობენ კიდევ არაერთ ცნობილ ადამიანზე, აფხაზსა, თუ ქართველზე, რომელთა სახელებსაც უკავშირდება აფხაზეთში ტრადიციული ხალხური მუსიკის საგუნდო შესრულების განვითარება. ამ საქმეში გასული საუკუნის დასაწყისიდან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქართველების ღვაწლს ყოველთვის აღნიშნავდნენ აფხაზი მკვლევარები და ლოტბარებიც, რომლებიც მოგვიანებით ხელმძღვანელობდნენ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლს. წიგნში თავს მოიყრის არაერთი საინტერესო ფაქტიც. მაგალითად, ის, რომ აფხაზური სიმღერები ნოტებზე პირველმა მე-19 საუკუნის ბოლოს გადაიტანა დიმიტრი არაყიშვილმა. ნინო კალანდაძემ გვიამბო, რომ ”დიმიტრი არაყიშვილმა თბილისის და ქუთაისის სახალხო სკოლების მოსწავლეთათვის გამოცემულ კრებულში დაბეჭდა ერთ-ერთი ნუმუში აფხაზურ კილოზე. ანუ, მისთვის გურული კილო, მეგრული კილო, აფხაზური კილო იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. ქუთაისსა და თბილისში ბავშვებს დანარჩენ სიმღერებთან ერთად უნდა ესწავლათ აფხაზურ კილოზეც სიმღერა.”

წიგნს, რომელიც სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი ტრადიციული მუსიკალური ფესტივალისთვის გამოიცემა, თან დაერთვება აუდიო და ვიდეო დისკები, თბილისში დაცული უნიკალური საარქივო მასალებით. მათ შორის აფხაზური ცეკვა და თითქმის საუკუნის წინ შესრულებული აფხაზური სიმღერები. იქნება დღევანდელი ქართული გუნდების შესრულებაც, დასტურად იმისა, რომ აფხაზურად ქართველები დღესაც მღერიან. წიგნისთვის ანოტაცია მომზადდება ინგლისურად, რუსულად და აფხაზურად, რაც ავტორებს აძლევს იმის თუნდაც მცირე იმედს, რომ ამ ყველაფერს აფხაზეთშიც წაიკითხავენ და მოუსმენენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG