Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი: საკვებ პროდუქტებზე ფასები 33 %-ით გაიზარდა


მსოფლიო ბანკი სასურსათო კრიზისის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის ივლისში მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე იყო 2010 წელს და 2008 წლის პიკურ მაჩვენებელს უახლოვდება. მსოფლიო ბანკის ინდექსის მიხედვით, საკვებზე ფასები, გასულ წელთან შედარებით, 33 %-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2011 წლის აპრილ-ივლისში ფასები რამდენადმე შემცირდა, პიკურ თებერვლის თვესთან შედარებით, თუმცა ფასები არასტაბილური რჩება ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ბრინჯი, სიმინდი და ხორბალი. რა გავლენა შეიძლება იქონის მსოფლიო ბაზარზე საკვებ პროდუქტებზე მომატებულმა ფასებმა საქართველოზე?

2011 წლის აპრილიდან მოყოლებული, საერთო მარაგები გაიზარდა, მაგრამ ეს მარაგები მაინც საგანგაშოდ დაბალია. მაგალითად, სიმინდის მარაგი სულ 13 პროცენტია და ეს, 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველაზე მცირე რაოდენობაა. ამ დონის მარაგის გათვალისწინებით, მოსავლის მცირეოდენმა შემცირებამაც კი ფასებზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ქართული რა გვაქვს? არაფერი თითქმის.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი წელი საქართველოში სოფლის მეურნეობის წლად არის გამოცხადებული: ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი ინფლაციის ფონზე - 11 პროცენტი. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივი სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი კომპონენტია.ასევე ფიქრობს ქვეყნის პრეზიდენტიც.მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელ გამოსვლებში ხშირად ფიგურირებს შემდეგი ფრაზები:

”მთავრობა უნდა გადაიქცეს აგრარულ მთავრობად. არა მხოლოდ თქვენი სამინისტრო, ეს უნდა იყოს საქართველოს აგრარული მთავრობა, რომელიც დღენიადაგ იმუშავებს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეები ბოლომდე კარგად გამოკვებოს და, მეორე, საქართველოს დაუბრუნებს მის დასახელებაში ჩადებულ ძირითად მნიშვნელობას.”

ივლისიდან ივლისამდე კი არის ფასები გაზრდილი პროდუქციაზე, მაგრამ ივლისიდან დაიწყო სიმინდზე და ხორბალზე ფასების შემცირება მსოფლიო ბაზარზე, ანუ დიდი მოსავალია რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში...
ბერძნულად საქართველო მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავსო, აღნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრისას.

იმ ფონზე, როცა მსოფლიო ბანკი საკვებ პროდუქტებზე ფასების 33 %-იან ზრდას ვარაუდობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ეკონომიკური მნიშვნელობა ერთიორად შემცირდა, ეს კი ადგილზე საკვები პროდუქტის წარმოების შემცირებითაც გამოიხატა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წელს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 30 პროცენტი იყო, ამჟამად კი 8,3 პროცენტია. იმას, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალური ნაკლებობაა, აგრარულ ბაზარზე ერთი გავლაც ცხადყოფს. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში ბოსტნეულის გამყიდველი კითხვაზე, რა აქვს ქართული, გვპასუხობს:

”ქართული რა გვაქვს? არაფერი თითქმის.”

მიუხედავად მსოფლიო ბანკის ანგარიშში მოყვანილი მაგალითებისა, რომელიც ცხადყოფს, რომ მსოფლიოში სიმინდზე ფასმა საშუალოდ 84 %-ით მოიმატა, შაქარზე - 62 პროცენტით და ხორბალზე - 55-ით, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საქართველოზე ამ მაჩვენებლებს, წესით, დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

”ივლისიდან ივლისამდე კი არის ფასები გაზრდილი პროდუქციაზე, მაგრამ ივლისიდან დაიწყო სიმინდზე და ხორბალზე ფასების შემცირება მსოფლიო ბაზარზე, ანუ დიდი მოსავალია რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში. შესაბამისად, ხორბალზე ფასები შემცირდება, თუმცა იმის იმედი, რომ ჩვენ გავიტანთ პროდუქციას ექსპორტზე, განსაკუთრებით ხორბალს, ვერ გავიტანთ. სიმინდი შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე, ხორბალზე დავრჩებით იმპორტზე დამოკიდებულები, თუმცა თუ მასზე ფასები შემცირდა, ეს, თავისთავად ცხადია, საშუალებას მოგვცემს, რომ შედარებით სტაბილური იყოს პურზე ფასი - თუ არ შემცირდება, არ გაიზრდება მაინც”, - აცხადებს ექსპრეტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადური.

წლევანდელი წლის სოფლის მეურნეობის წლად გამოცხადებასთან ერთად, მთავრობამ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. ამის შეასახებ 23 მარტს პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის კვირეულის ფარგლებში სიტყვით გამოსულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმაც ისაუბრა:

”...ეს არის სიმინდი, რომელიც წელს იქნება ნაწარმოები 410 ათასი ტონა... შარშანდელთან შედარებით, წელს 110 000-ტონიანი მატება იქნება, რაც მოგვცემს საშუალებას ჩავანაცვლოთ 25%-იანი იმპორტი და გავიტანოთ ეს პროდუქტი პირველად ექსპორტზე. ხორბლის წარმოებაში კი ჩვენი მიზანია 2012 წლისთვის ჩვენი მოხმარების 35 პროცენტი დავაკმაყოფილოთ ადგილობრივად... ”

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამ ეტაპზე საკვებზე მსოფლიო ფასების მერყეობის გამო საქართველოში მძიმე პერსპექტივას ვერ ხედავენ, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოთა მთავრობებმა ყველა სოციალური, პოლიტიკური ფაქტორი თავად უნდა გააწონასწორონ, რათა სამომავლოდ მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენები დაიცვან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG