Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთი პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებს საქართველოს

რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს მასშტაბური პროვოკაციის მომზადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 3 წლისთავზე სოფელ ოძისიდან ახალგორის მიმართულებით დაგეგმილია ”მშვიდობის მარში,” რომელშიც უნდა ჩართონ წეროვანის დასახლების სამი ათასამდე დევნილი და ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩნები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ აქციის სცენარი ითვალისწინებს დევნილთა დაბრუნების ლოზუნგით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო, მასობრივი შესვლის მცდელობას. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ჩანაფიქრი საკმაოდ საშიშია და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მოსკოვი ქართულ მხარეს აფრთხილებს, უარი თქვას ახალი ავანტიურის მცდელობაზე და იმედს გამოთქვამს, რომ თბილისი შესაბამის ცალსახა სიგნალს მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებისგანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი განცხადებები 30 ივნისს და 17 აგვისტოს გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამაც.

ყველა ახალი ამბავი

დიღომში მომხდარი აფეთქების გამო პოლიციაში გამოკითხვაზეა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელიც

თბილისის პოლიციის დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება სამშენებლო კომპანიის „ლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჭანტურია. 2017 წელს ამ კომპანიამ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც 16 ინვარს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 4 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინაში გაზი აფეთქდა. გამოკითხვზე იმყოფებიან კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებიც. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იგრძნობოდა გაზის ძლიერი სუნი, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა, მათ რაიმე პრობლემის არსებობა არ დაადასტურეს. პოლიცია საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აშშ-ში დაიწყო გამოძიება ჩინური კომპანია Huawei Technologies Co.-ს მიმართ

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ჩინური სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებლის, Huawei Technologies Co.-ს მიმართ, ამერიკელი პარტნიორებისგან კომერციული საიდუმლოებების მოტაცების ბრალდებით. როგორც გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნელი“ იტყობინება, საქმე ეხება მოწყობილობას, რომელიც ამერიკულმა T-Mobile-მა გამოცადა სმარტფონებისთვის.

როიტერსის ცნობით, საქმისთვის მასალა საკმარისად მოიპოვება Huawei-ითვის ოფიციალური ბრალდების წარსადგენად. Huawei მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და და მობილური ტელეფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მანამდე აშშ-ში კომპანია შავ სიაში მოხვდა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გამო. აშშ-ის დაზვერვამ ეჭვი შეიტანა ჩინეთის ხელისუფლებასთან Huawei-ის ურთიერთობების კეთილსინდისიერებაში.

ნიკოლ ფაშინიანი მამუკა ბახტაძეს უსამძიმრებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიუსამძიმრა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის გამო. საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ხალხს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს და უსურვა სიძლიერე და მოთმინება, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 8 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ პირს საავადმყოფოში წარუდგენენ ბრალს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს დღეს ბრალს საავადმყოფოში წარუდგენენ. 17 იანვარსვე წარუდგენენ ბრალს მასთან ერთად დაკავებულ მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გიორგი ადუაშვილმა, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი ადუაშვილი დააკავა. ის სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ადუაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში სამძიმარს ქართულ ენაზე უცხადებს დიღომში დაღუპულების ოჯახებს

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გამოუცხადა twitter-ის საკუთარი გვერდიდან.

საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იტალიის საელჩომ საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ საქართევლოში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, პირველი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნავს, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული: „წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

რამდენიმე აფეთქება მოხდა საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში. ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, ბიბლიოთეკაში სამშენებლო სამუშაოების დროს გაზის ბალონები აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა შენობის სახურავზე და ამას მოჰყვა გაზის ბალონების აფეთქება. უნივერსიტეტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.

დამნაშავე ამ დრომდე არ გამოვლენილა ფონიჭალაში აფეთქების საქმეზე

ზემო ფონიჭალაში, 15 ნოემბერს, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამ დრომდე პასუხისმგებელი პირი გამოვლენილი არ არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია მრავალი სახის ექსპერტიზა, მათ შორის სახანძრო, საინჟინრო და სამედიცინო, თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არის.

კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, ამ დრომდე კორპუსის მობინადრეები ალტერნატიულ ფართში ცხოვრობენ. 9 ოჯახი სასტუმროში ცხოვრობს, 17 ოჯახი კი ნაქირავებ ბინაში.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ცნობით, კორპუსს ჩაუტარდა წინმსწრებ -დამზღვევი სამუშაოები, არსებობს გამაგრების სამუშაოების პროექტი თუმცა, ის ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. სამუშაოები სავარაუდოდ სამ თვეს გასტანს.

ზემო ფონიჭალაში 15 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა სსკ-ს 240 მუხლის პრიმა მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

იგივე მუხლითაა აღძრული საქმე 16 იანვარს, საღამოს 9 საათზე, დიდ დიღომში, მაღლივ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზეც, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. დაშავებულია რვა ადამიანი.

სახალხო დამცველი: თბილისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სწრაფად უნდა დადგინდეს

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მწუხარება გამოთქვა თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება მიიღოს.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფაც.

საია დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ინფორმაციას საია ავრცელებს: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს. საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას. „საია“ გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დიდი დიღმის პოლიციაში მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა

შსს-ს ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთი თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახური აწვდის. ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც 16 იანვარს, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვა სამართალდამცავებმა 16 იანვრის ღამესვე დაიწყეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოხატავს დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქებით დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა

ჯანდაცვის მინისტრი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობას გაეცნო

დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს მკურნალობენ.

„ბავშვს ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა ჩატარებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ. აფეთქების შემდეგ, იაშვილის კლინიკაში სულ 6 ბავშვი მოათავსეს. 5 მათგანი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დაგროვილი გაზი აფეთქდა.

თბილისში აფეთქებით დაზიანებული სახლის მდგრადობას ამოწმებენ

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის სეპციალისტებმა დაიწყეს დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესწავლა. წინასწარი შეფასებით, შენობის ძირითადი კონსტრუქცია არ დაზიანებულა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, შეძლებენ თუ არა კორპუსის მცხოვრებნი საკუთარ ბინებში დაბრუნებას. შენობის მეექვსე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, თითქმის ყველა კედელი დანგრეულია. დაზიანებულია ქვედა სამი სართულიც. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 2017 წელს ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა.“

საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოხატავს. „ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი სრულად არის უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა: „ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“ - განაცხადა ელოშვილმა. დაზარალებულები სასტუმროებში "შაინსა" და "ტეხასში" გადაიყვანეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია..

თბილისში მომხდარი აფეთქების გამო ენერგოომბუდსმენი განმარტებებს ყაზტრანსგაზისგან მოითხოვს

საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველადი სავარაუდო დასკვნით, დიდ დიღომში ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას მოითხოვს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან." კერძოდ, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. ენერგოომბუდსმენის შეფასებით, სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.

ამასთან, ენერგოომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, რადგან არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარუდგინა.

„ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად“ - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

ვითარების შესასწავლად საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გვიან ღამემედე იმყოფებოდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდეს გადადოს კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვა

ნენსი პელოსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გადადოს კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვა, რომელიც 29 იანვარსაა დაგეგმილი. ნენსი პელოსიმ მიზეზად დაასახელა „შატდაუნი,“ რომლის გამოც რთული იქნება კონგრესის შენობაში პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პელოსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „შატდაუნის“ გამო უსაფრთხოების სამსახური საკმარის დაფინანსებას ვერ იღებს, ამიტომ დონალდ ტრამპს შეუძლია კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართოს. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის, ჯიმ ჯორდანის შეფასებით, ნენსი პელოსის ქმედება ადასტურებს, რომ დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, რათა პრეზიდენტს ხელი შეუშალონ ქვეყნის მართვაში.

აშშ-ის ფედერალური მთავრობა 22 დეკემბრიდან იმყოფება „შატდაუნის“ მდგომარეობაში. საბიუჯეტო საკითხებზე პრეზიდენტის და კონგრესის შეუთანხმებლობის გამო 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსებას სთავაზობენ.

ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის ზედმეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძემ იანვრის ბაშოზე მონაწილეობა ნაადრევად შეწყვიტა. 2019 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირს ქართველი ოძეკი მძიმე ტრავმით შეხვდა - შეჯიბრების დაწყებამდე რვა დღით ადრე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოჩინოშინი ბაშოს გამოტოვებდა, მაგრამ მან კუნთის ბოლომდე გაწყვეტის რისკის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა დოჰიოზე ასვლა.

პირველსავე ტურში გამოჩნდა, რომ ლევან გორგაძეს ტრავმა ჩვეულად ჭიდაობაში ხელს უშლიდა, ფეხს ძალას ვერ ატანდა, მხოლოდ ხელებით ცდილობდა ბრძოლას და შედეგად, ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო.

სეზონის მეორე ბაშოს, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კადობანით შეხვდება, რაც ნიშნავს, რომ თუ თხუთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ რვას არ მოიგებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.

თბილისში მომხდარი აფეთქების გამო "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების დაკითხვა დაიწყეს

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამართალდამცავებმა გასული ღამიდან დაიწყეს კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების დაკითხვა. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, 16 იანვარს, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იგრძნობოდა გაზის ძლიერი სუნი, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა, მათ რაიმე პრობლემის არსებობა არ დაადასტურეს. პოლიცია საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვებიდან კლინიკაში ერთი რჩება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან 5 უკვე გაწერეს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან. საავადმყოფოში რჩება ერთი გოგონა, რომელსაც თავის არეში ჭრილობის გამო ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ექიმმა თამარ ყიყიშვილმა დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს უფროსი ასაკის ორი დაშავებულიც.

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაცორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. 16 იანვარს საღამოს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გლოვის ნიშნად საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებების და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

იუწყებიან, რომ გორში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა გორში, რის შედეგადაც დაშავდა 66 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი დამწვრობებით. სააგენტო "პრაიმტაიმი" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე სახლების მინებიც. გავრცელებული ცნობებით, აფეთქება ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა „ცხელი ხაზი“

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მერიის თანახმად, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31. „ცხელ ხაზზე“ ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

შსს: გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მუხლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ
დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა."

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის - ერთი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს მოხდა.

პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში "112"-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებს შს სამინისტრო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG