Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპაში ნატოს ძალების სარდალი


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი. დღეს ამერიკელი ადმირალი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მისი ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრისას განიხილებოდა ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობისა და ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, მიხეილ სააკაშვილმა ჯეიმს სტავრიდისს გააცნო ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და ინფრასტუქტურული პროექტები. დღესვე ადმირალი სტავრიდისი შეხვდა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიამ ამერიკელ ადმირალს გააცნო საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები. თავის მხრივ, ჯეიმს სტავრიდისმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციას ეამაყება ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ნატოს სამხედროებთან ერთად იბრძვიან. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამერიკელ ადმირალთან დღევანდელი შეხვედრისას საუბარი იყო ავღანეთის ოპერაციაზეც. ახალაიას თქმით, საქართველო ამ ოპერაციის არა მხოლოდ ერთ-ერთი უდიდესი, არამედ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG