Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეტაკებები გრძელდება


ლიბია
ლიბია
ლიბიის მეამბოხე ძალები მძიმე არტილერიას და ტანკებს გზავნიან ქალაქ სირტეში. სირტე მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია და ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც კადაფის მომხრე ტომების წარმომადგენლები და სამხედრო ძალები არიან თავმოყრილი. ამ დრომდე მეამბოხეები ცდილობდნენ სირტეში მყოფ კადაფის მომხრეებს ბრძოლის მშვიდობიანი დასრულების შესახებ მოლაპარაკებოდნენ. თუმცა ძლიერდება ვარაუდი, რომ ქალაქში შეტაკება მოხდება. ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა მაშინ, როცა სირტეს მიმართულებით მოძრავ მეამბოხეთა ძალებს კადაფის მომხრე მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ზოგიერთი ცნობით, კადაფი და მისი ვაჟები სწორედ სირტეში გაიქცნენ. მათი ზუსტი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა სამშაბათს ტრიპოლიში კადაფის რეზიდენცია აიღეს, კადაფის მომხრე სამხედრო ნაწილები ტრიპოლიდან სირტეში გადავიდნენ.

ტრიპოლიში მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჯეიმი კირჩიკი გვატყობინებს, რომ ოპოზიციის მებრძოლები განაგრძობენ ქალაქში ჩასვლას ლიბიის სხვადასხვა კუთხიდან ტრიპოლიზე კონტროლის გამყარების მიზნით:

„ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. ქალაქში უამრავი გამშვები პუნქტია, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. დღეს დილით კადაფის რეზიდენციას მანქანით ჩავუარეთ. კარები ღია იყო და ხალხი შედიოდ-გამოდიოდა. რეზიდენციასთან ახლოს მდებარე შემოვლით გზაზე უწინ კადაფის მომხრეთა ბანაკი უნდა ყოფილიყო - მისი ბევრი პლაკატი ვნახეთ. ახლა ეს ადგილი აბსოლუტურად დანგრეულია - დალეწილი კარვებით და ბევრი ნაგვით. მიწაზე რამდენიმე ახლად გარდაცვლილი ადამიანის გვამი ეგდო. ზოოპარკის სიახლოვეს მეამბოხეთა თორმეტიოდე სატვირთო მანქანა იყო, არტილერიითა და სამხედროებით.“

მეამბოხეები ტრიპოლის დიდ წილს აკონტროლებენ, თუმცა კვლავაც რჩება საშიში ადგილები, სადაც სნაიპერები, აფეთქებები და საარტილერიო ცეცხლი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ჟურნალისტებს უთხრა, კადაფის რეჟიმი დამთავრებულია და ამას ვეღარაფერი შეცვლისო. მან დასძინა, რომ ნატოს საჰაერო ძალები მანამ გააგრძელებენ გაეროს მიერ მხარდაჭერილი მისიის შესრულებას, სანამ კადაფის მომხრეები ლიბიის სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

ოპოზიციის მომხრეებს სურთ კადაფი იპოვონ და ამით ექვსი თვის წინ დაწყებული ამბოხება დაასრულონ. მეამბოხეები აცხადებენ, რომ კადაფი ლიბიაში უნდა გასამართლდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის ვაჟს, საიფ ალ-ისლამს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG