Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივ ჯობსი „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის


სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი
ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ეფლის“ თანადამაარსებელი, სტივ ჯობსი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. 56 წლის ჯობსს, რომელსაც გარკვეული ხნის წინ პანკრეასის კიბო დაუდგინეს, იანვრის შემდეგ ბიულეტენზე იყო.
კომპანია „ეფლის“ პროდუქციის მოყვარულები სტივ ჯობსის მიღწევების, ხედვის და ნიჭის შესახებ კეთილ სიტყვებს არ იშურებენ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ ის ტოვებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.
ყოველთვის ვამბობდი, ის დღე რომ დადგებოდა, როცა მე „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ვეღარ შევასრულებდი და მოლოდინს ვერ გავამართლებდი, პირველი მე შეგატყობინებდით ამას...

56 წლის ჯობსს გადამწყვეტი როლი აქვს შესულებული „ეფლის“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად ქცევაში.
რამდენიმე წლის წინ ჯობსს პანკრეასის კიბოს გამო ოპერაცია გაუკეთდა. წელს ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იანვრის შემდეგ სამსახურში არ გასულა.

გადადგომის შესახებ ჯობსმა „ეფლის“ დირექტორთა საბჭოს წერილობით აცნობა.

“ყოველთვის ვამბობდი, ის დღე რომ დადგებოდა, როცა მე „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ვეღარ შევასრულებდი და მოლოდინს ვერ გავამართლებდი, პირველი მე შეგატყობინებდით ამას. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა“, - წერს ჯობსი.

ჯობსი სამუშაოდ კომპანიაში რჩება - ითხოვა, საშუალება მისცენ დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელოს. იგი ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, კომპანიამ სისრულეში მოიყვანოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება და „ეფლის“ აღმასრულებელ დირექტორად ტიმ კუკი დაინიშნოს. კუკი „ეფლის“ სტაჟიანი მუშაკია და იმ დროს, როცა ჯობსი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურში ვერ დადიოდა, ის ასრულებდა ხოლმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას.
მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მაინც არ იქნება დიდი ცვლილება. „ეფლის“ პროდუქციის ციკლი გრძელია და შემდეგი თაობის პროდუქცია უკვე შექმნილია...

ტექნოლოგიის ბაზრის ექსპერტები თვლიან, რომ ჯობსის წასვლით „ეფლს“ სირთულეები შეექმნება. ისინი თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჯობსის ხედვა, ქარიზმა და ენერგია უმნიშვნელოვანესი იყო კომპანიის წარმატებისთვის.
ექსპერტების აზრით, „ეფლმა“ ახლა ინვესტორები და მომხმარებელი უნდა დაარწმუნოს, რომ კომპანიას ახალი წარმატებული პროდუქციის შესაქმნელად ჯობსი არ ესაჭიროება. კომპანია დღემდე ისეთი პოპულარული და გლობალური წარმატების მქონე კომპიუტერებით, მობილური ტელეფონებით თუ მუსიკალური ფლეიერებით არის ცნობილი, როგორიცაა აიმაკი, აიპოდი, აიფონი და აიპადი.

ჰონგ-კონგში განთავსებული სტენფორდ ბერნშტეინის საინვესტიციო ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი მარკ ნიუმანი თვლის, რომ კომპანია ჯერჯერობით შეძლებს წარმატების შენარჩუნებას:
სტივ ჯობსი

„ჩემი აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი ცვლილება არ იქნება. არის შანსი, ამას ნეგატიური ემოციები მოჰყვეს - არის ასევე შიშიც, რადგან, სტივ ჯობსმა „ეფლი“ ბოლო ხანებში მართლაც მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა, ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მაინც არ იქნება დიდი ცვლილება. „ეფლის“ პროდუქციის ციკლი გრძელია და შემდეგი თაობის პროდუქცია უკვე შექმნილია.“

მაგრამ ჯობსის გადადგომის შესახებ ცნობაზე ინვესტორები ჯერჯერობით სხვაგვარად რეაგირებენ. მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ ჯობსის წერილი გამოქვეყნდა, მსოფლიოს ბაზრებზე „ეფლის“ აქციების ფასი 7 პროცენტით დაეცა.
პარალელურად, პრესაში და ინტერნეტში არ წყდება ჯობსის ქება. ბრიტანელმა მწერალმა ტონი პარსონსმა მას „ჩვენი დროის ლეონარდო და ვინჩი“ უწოდა. საინტერნეტო მაძიებელი გიგანტის, „გუგლის“ ხელმძღვანელმა, ერიკ შმიტმა, ჯობსი „ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლიდერად“ დაახასიათა და დასძინა, „ის ერთმანეთს უნიკალურად უხამებდა ხელოვანის ნიჭს და ინჟინრის ხედვას, რათა ეს სრულიად გამორჩეული კომპანია შეექმნაო.“

როგორც წესი, ჯობსი საჯაროდ იშვიათად ლაპარაკობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა 2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში აკადემიური წლის დახურვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ტრადიცია დაარღვია და ვრცლად ისაუბრა ავადმყოფობით მიღებული გამოცდილების ირგვლივ:
სიკვდილი არავის უნდა. სამოთხეში ვისაც უნდა მოხვედრა, მათაც კი არ სურთ, რომ მოკვდნენ იქ მოსახვედრად. არადა, სიკვდილი ყველას გვეხება...

„იმის ცოდნა, რომ მალე მოვკვდები, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარება. როცა სიკვდილის წინაშე დგახარ, თითქმის ყველაფერი, - მთელი გარეშე მოლოდინები, სიამაყე, შერცხვენის ან მარცხის შიში, - უბრალოდ, ქრება.“

ჯობსი უფრო ზოგად თემატიკასაც არ მოერიდა და სიკვდილის შესახებ თავის დამოკიდებულებაზეც ილაპარაკა:

„სიკვდილი არავის უნდა. სამოთხეში ვისაც უნდა მოხვედრა, მათაც კი არ სურთ, რომ მოკვდნენ იქ მოსახვედრად. არადა, სიკვდილი ყველას გვეხება. ის ვერავის ვერასოდეს აუცილებია თავიდან, რადგან, სავარაუდოდ, სიკვდილი ამ ცხოვრების ყველაზე საუკეთესო გამოგონებაა. ის ცხოვრებაში ცვლილებების მომხდენი ძალაა. ის ძველისგან ათავისუფლებს და ახალს გზას უთმობს.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG