Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისი“ 40 წლისაა


ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ენთუზიასტების მომცრო ჯგუფმა გააპროტესტა შეერთებული შტატების გეგმა, წყნარი ოკეანის კუნძულზე ჩაეტარებინა ბირთვული გამოცდა. მას შემდეგ განვლილი წლების განმავლობაში ენთუზიასტების ჯგუფს ათასობით თანამოაზრე გაუჩნდა და მრავალფეროვანი გახდა საკითხები, რომლებზეც ეს ხალხი მუშაობს: ისინი ებრძვიან ვეშაპებზე ნადირობას, გარემოს დაბინძურებას ტოქსიკური ნარჩენებით, კლიმატური ცვლილებების გამომწვევ ქმედებებს. საუბარია საერთაშორისო საზოგადოებრივ ბუნებისდამცველ ორგანიზაციაზე სახელწოდებით „გრინპისი“. 15 სექტემბერს მას 40 წელი შეუსრულდა.
ჩვენ 40 წლისა ვართ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ისე არაფერს ვისურვებდით, როგორც პენსიაზე გასვლას. სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობა კვლავინდებურად საჭიროა...

40 წლის წინ, 1971 წლის 15 სექტემბერს პაციფისტების, ეკოლოგების, ჟურნალისტებისა და ჰიპების ჯგუფი თევზსაჭერი კატარღით გაეშურა კანადის ქალაქ ვანკუვერიდან ალეუტის კუნძულებისაკენ - შეერთებული შტატების კუთვნილი ალასკის დასავლეთით. კატარღას, მასში მყოფებმა სახელი შეუცვალეს და „გრინპისი“ - ინგლისურად მწვანე მშვიდობა - დაარქვეს, მოგზაურობის მიზნად კი დაასახელეს „მოწმედ ყოფნა“, როცა შეერთებული შტატები მიწისქვეშა გამოცდას ჩაატარებდა კუნძულ ამჩიტკაზე. ამ მიზანს აქტივისტებმა ვერ მიაღწიეს. მათი კატარღა ამჩიტკის სანაპიროსთან მისვლამდე შეაჩერეს და ბირთვული გამოცდისათვის ხელი არავის შეუშლია, მაგრამ მაინც მოხდა მნიშვნელოვანი რამ: ბირთვული გამოცდების პრობლემამ, კატარღა „გრინპისზე“ მყოფთა წყალობით, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და შეერთებულმა შტატებმა მიზანშეწონილად ჩათვალა, მომდევნო, 1972 წლიდან გაეუქმებინა გამოცდები ალეუტის კუნძულებზე. ამ დროისთვის უკვე არსებობდა ორგანიზაცია „გრინპისი“.

მას შემდეგ ორგანიზაციამ დიდი ძალა და გავლენა მოიპოვა. „გრინპის ინტერნეიშენალს“, რომლის შტაბბინაც ამსტერდამში მდებარეობს, ოფისები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანაში. მისი თანამშრომლების რიცხვი 1200-ს აღწევს, აქტიური მხარდამჭერებისა კი 2,8 მეათედი მილიონს აღემატება. გასულ წელს „გრინპისის“ ბიუჯეტი 310 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. ორგანიზაცია პრინციპულად ამბობს უარს დაფინანსებაზე კომპანიების, მთავრობების და პოლიტიკური პარტიებისაგან, რათა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

“ჩვენ 40 წლისა ვართ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ისე არაფერს ვისურვებდით, როგორც პენსიაზე გასვლას. სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობა კვლავინდებურად საჭიროა“, - ამბობს სარა ჰოლდენი, „გრინპის ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეკითხვას, რას მიაღწია „გრინპისმა“ განვლილი ათწლეულების მანძილზე, ჰოლდენი პასუხობს, პირველ რიგში, ანტარქტიკაზე მითითებით. „გრინპისის“ დაარსებიდან 20 წლის თავზე, 1991 წელს მოხდა ის, რასაც ორგანიზაცია დიდ მონაპოვრად მიიჩნევს: „ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე“ ხელმომწერმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს გარემოს დაცვის ახალი ოქმის მიღებაზე, რაც ითვალისწინებს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების, სულ ცოტა, 50 წლით აკრძალვას.
პერესტროიკის დროს, ჩვენს კომუნისტურ პარტიას, ჩვენს მთავრობას ესმოდა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და რომ საქმე, რომელსაც „გრინპისი“ მთელს მსოფლიოში აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ გარემოს დასაცავად...

„გრინპისს“ არც კრიტიკოსები აკლია. მას ადანაშაულებენ პროგრესის შეფერხებაში, რახან ბირთვულ ენერგიასა და გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის მოყვანას ეწინააღმდეგება, აკრიტიკებენ ხოლმე „გრინპისის“ ბრძოლის მეთოდებსაც - არცთუ იშვიათად, პროვოკაციულ აქციებს, რომლებიც მიმართულია ხოლმე, მაგალითად, ვეშაპებზე ნადირობისათვის ხელის შესაშლელად.

ვეშაპებზე ნადირობას „გრინპისი“ პირველად 1975 წელს დაუპირისპირდა. მან სცადა, ხელი შეეშალა საბჭოთა გემებისათვის, არ მიეცა მათთვის ჰარპუნების სროლის საშუალება. ასე დაიწყო ბუნებისდამცველი ორგანიზაციის აქციები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 1982 წელს ლენინგრადის ნავსადგურში შევიდა „გრინპისის“ ხომალდი „სირიუსი“ და ცაში აუშვა ჰელიუმით სავსე 2000 ბუშტი მესიჯით: „საბჭოთა კავშირო, შეწყვიტე ბირთვული გამოცდები“.

საბჭოთა კავშირშივე, „გრინპისმა“ 1989 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „გრინპისი: გარღვევა“, რომლისთვისაც უსასყიდლოდ ჩაწერეს სიმღერები გამოჩენილმა მუსიკოსებმა და ჯგუფებმა, პიტერ გებრიელმა, U2-მ, სტინგმა. იმავე 1989 წელს მოსკოვში გაიხსნა გრინპისის ოფისი.

„საბჭოთა კავშირში პერესტროიკის დროს, ჩვენს კომუნისტურ პარტიას, ჩვენს მთავრობას ესმოდა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და რომ საქმე, რომელსაც „გრინპისი“ მთელს მსოფლიოში აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ გარემოს დასაცავად. „გრინპისი“ ყოფილ საბჭოთა კავშირში მუშაობდა, მეტ-ნაკლებად, როგორც საინფორმაციო ბიურო. „გრინპისი“ ცდილობდა ხალხისთვის აეხსნა, ძირითადად, ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხალხისთვის აეხსნათ არა მარტო ოფიციალური პოზიცია ამ ბირთვულ საკითხებზე, არამედ არაოფიციალურიც - ძალიან სახიფათო შედეგებზე, რომლებიც მოსახლობისათვის მოჰყვა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარს და ა.შ.“ -იხსენებს ანდრეი პეტროვი, „გრინპისის“ რუსეთის განყოფილების წარმომადგენელი. რუსეთში ამ ორგანიზაციას ორი ოფისი აქვს, მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში. ბიუჯეტი წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს აღემატება, დამხმარე მოხალისეთა რიცხვი 600-ს. ანდრეი პეტროვი როგორც ამბობს, „გრინპისის“ მუშაობამ ანგარიშგასაწევი როლი შეასრულა რუსეთის ყველა იმ რეგიონის დაცვის საქმეში, რომლებიც შეყვანილია „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

„რუსეთის ათივე ტერიტორია, რომლებიც შეყვანილია მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში, რაღაცნაირად მაინც არის დაკავშირებული ჩვენს საქმიანობასთან. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვამზადებთ ნომინაციებს, ზოგ შემთხვევაში ვმონაწილეობთ ნომინაციების მომზადებაში და ეს ათივე ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია დაცულია არა მარტო რუსეთის კანონმდებლობით, არამდე საერთაშორისო კანონმდებლობითაც“, - განმარტავს რუსეთში „გრინპისის“ ოფისის თანამშრომელი, მსოფლიო მემკვიდრეობის კამპანიის კოორდინატორი ანდრეი პეტროვი.

საქართველოში „გრინპისს“ ოფისი არა აქვს. გარემოს დაცვაზე ჩვენში სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ, მეტ-ნაკლები წარმატებით... ხუთშაბათს ვანკუვერში, საიდანაც 40 წლის წინ დაიწყო ამ საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაციის პირველი აქცია, საგანგებო ღონისძიებით აღნიშნეს 40 წლიანი იუბილე და 15 სექტემბერი გამოაცხადეს „გრინპისის“ დღედ.
აი, რას ამბობს მომავლის გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენელი, სარა ჰოლდენი: „ახლა რაც გვინდა, არის ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც საჭიროა, რომ გავაკეთოთ. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს არახელსაყრელი გარემოებების უნიკალურ კომბინაციასთან. ეს ეხება, პირველ რიგში, კლიმატურ ცვლილებებს ეხება. ამიერიდან ჩვენი საქმეა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკოსებსა და კორპორაციებზე, რომლებსაც შეუძლიათ, ცვლილებას მიაღწიონ ჩვენი გარემოსა და ჩვენი კლიმატისათვის“.
XS
SM
MD
LG