Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარი ახალი იდეებით


ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში დასრულდა ხუთდღიანი სემინარი კავკასიელი ჟურნალისტებისთვის. გამოცდილი სპეციალისტები სკიპ აიზეკი და ონიკ კრიკორიანი ქართველ, ოს, აფხაზ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს სამშვიდობო ჟურნალისტიკის არსსა და დანიშნულებაზე ესაუბრებოდნენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ, მოენახულებინათ ბუფერული ზონა, რომელიც კუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს. ამ ზონაში გაერო ასრულებს სამშვიდობო მისიას. ფამაგუსტას უნივერსიტეტში ადგილობრივი კონფლიქტოლოგები სემინარის მონაწილეებს მოუთხრობდნენ კვიპროსის კონფლიქტის წარსულსა და მისი მოგვარების პერსპექტივებზე. სოხუმში გამომავალ გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორ ინალ ხაშიგის განმარტებით, მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ საუბრები, პოლიტიკის გვერდის ავლით, ჟურნალისტურ საქმიანობასა და ერთობლივ პროექტებზე მიმდინარეობდა.

აქ არ განვიხილავთ პოლიტიკურ მომენტებს, აქ ჟურნალისტურ საქმიანობას განვიხილავთ იმ რთულ პირობებში, რომლებიც კავკასიაში არსებობს...
„ეს ჩვეულებრივი შეხვედრაა, სადაც ჟურნალისტები ხვდებიან და არ არის საჭირო, თითოეულმა მხარემ მკერდზე მუშტის ცემით ამტკიცოს საკუთარი პატრიოტიზმი. აქ არ განვიხილავთ პოლიტიკურ მომენტებს, აქ ჟურნალისტურ საქმიანობას განვიხილავთ იმ რთულ პირობებში, რომლებიც კავკასიაში არსებობს: ბევრი პრობლემით, საზღვრებით, კონფლიქტებით და ასე შემდეგ“, – აცხადებს ინალ ხაშიგი.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილო_ და სამხრეთკვიპროსელ ჟურნალისტებს კუნძულის ორივე ნაწილში მიმოსვლა, ბუფერული ზონის გავლით, დაუბრკოლებლად შეუძლიათ. მათთვის არც მხარეების წარმომადგენლების ჩაწერა წარმოადგენს პრობლემას. გაეროს მედიაცენტრის ხელმძღვანელის, როლანდო გომესის, თქმით, მედია ახლა კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობი უფროა, ვიდრე შუღლის გამღვივებელი. კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ მეტი უნდა იფიქროს გამოსავლის გზების შესახებ. კავკასიური კონფლიქტებიდან გამოსავლის პოვნა კი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება.

„ჩვენ ადგილზე ვნახეთ ცოცხალი კონფლიქტის შედეგები. ჩვენ ვნახეთ, რა რთულია კონფლიქტიდან გამოსავლის ძებნა და რა პესიმიზმი არსებობს ჩრდილო კვიპროსის მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ კონფლიქტში ჩართული მხარეები კავკასიაში ასევე უნდა დაფიქრდნენ იმის შესახებ, როგორ შეიძლება გამოსავლის ძებნა და გამოსავლის ძებნა შეიძლება მხოლოდ ერთობლივად“, – აღნიშნა კონფლიქტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა.
ბოლო პერიოდში ასეთი შეხვედრები იშვიათია, ვფიქრობ, ეს არასწორია. ხშირად უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ...

ოსური რადიო „ირის“ რედაქტორმა ალან ცხოვრებოვმა კვიპროსული ვიზიტის შემდეგ გამოცდილება შეიძინა. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში, შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა საზოგადოების ინფორმირების დონე ამაღლდეს და პოლიტიკოსებმაც რიგითი ადამიანების მოსაზრებებს მეტი ყურადღება მიაქციონ .

„ბოლო პერიოდში ასეთი შეხვედრები იშვიათია, ვფიქრობ, ეს არასწორია. ხშირად უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობთ, მხოლოდ დიალოგით შეიძლება მივიღოთ სასარგებლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც შემდეგ ჩვენს მხარეებს გავაცნობთ და რეკომენდაციას გავუწევთ“, – აღნიშნა ალან ცხოვრებოვმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ზურაბ დვალისთვის ამ სემინარის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ფამაგუსტას უნივერსიტეტის პროფესორის, კონფლიქტოლოგ ეროლ ქაიმაკის გამოსვლა, რომელმაც აფხაზ და ოს ჟურნალისტებს კითხვაზე – თუ რატომ არ ამყარებს თურქეთის მიერ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსი დიპლომატიურ ურთიერთობებს კავკასიურ არაღიარებულ რესპუბლიკებთან – მკაფიო ტექსტით უპასუხა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის უმთავრესი ამოცანა არის ევროპული განვითარება და არა კოლონიად დარჩენა.

ეს არის კარგი მაგალითი და გამოცდილება ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, რომლებიც ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩამოვიდნენ...
„რამდენიმე თემაა, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი – ჩრდილოეთ კვიპროსს არ უნდა, რომ გახდეს თურქეთის პროვინცია. ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო, რადგან პირიქით მეგონა. მეორე – ჩრდილოეთ კვიპროსს არ უნდა, რომ გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი მეგობარი, რადგან არ უნდა, ჰქონდეს იმიჯი, რომ არაღიარებული და არშემდგარი რესპუბლიკების მეგობარია და მესამე – ჩრდილოეთ კვიპროსს უნდა რომ გამონახოს საერთო ენა სამხრეთ კვიპროსთან, რადგან სხვანაირად მას ვერ წარმოუდგენია თავისი მომავალი, ევროკავშირისა და ევროინტეგრეციის გარეშე. ეს არის კარგი მაგალითი და გამოცდილება ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, რომლებიც ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩამოვიდნენ“, – შენიშნა ზურაბ დვალმა.

კავკასიელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ერთობლივი საინფორმაციო ვებსაიტიის შექმნის იდეა. გარდა ამისა, მოხდა ახალი იდეებისა და ინიციატივების განხილვა, რომელთა დეტალებზე მსჯელობა სხვა შეხვედრებზე გაგრძელდება. ჩრდილოეთ კვიპროსის სემინარი ჩატარდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ორგანიზებით. პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში.
XS
SM
MD
LG