Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარიაციები ”ქართველთა მარშზე”


გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე
”ეროვნული ფორუმის” მიერ სექტემბრის დასაწყისში დაანონსებული ”ქართველთა მარშის” გამართვის ზუსტი დრო და ადგილი ცნობილია. მარშის დეტალები ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს 20 სექტემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააცნო: ”ეს არის აქცია, რომელმაც სერიოზული განაცხადი უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, როგორც ერი, ისევ ვვარსებობთ. ეს არის ანტისინგაპურიზაციის აქცია”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე. როგორ აფასებენ ”ქართველთა მარშს” ექსპერტები და ”ეროვნული ფორუმის” პარტნიორები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ”ექვსიანის” წარმომადგენლები.

გეგმა ასეთია: ”ქართველთა მარშის” იდეის ავტორები, ანუ ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 27 სექტემბერს ვარდების მოედანზე იკრიბებიან. თუ რა იქნება შემდეგ, ამის შესახებ თავად ”ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე საუბრობს: ”მარში დაიწყება დღის 4 საათზე, გავივლით რუსთაველის გამზირს და შემდეგ მივალთ სამების ტაძარში, სადაც გაიმართება დაღუპული გმირების მოსახსენიებელი რიტუალი. ეს არ არის მხოლოდ სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერს ჯვართამაღლებაა”.

აქვე მოვისმინოთ ”ქართველთა მარშის” გამართვის მთავარი იდეის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ იდეა საკმაოდ ზოგად ხასიათს ატარებს და, შესაბამისად, ფრაზებიც ზოგადია. საუბრობს კვლავაც გუბაზ სანიკიძე: ”ეს არის აქცია, რომელმაც ქართველი ერის განაცხადი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ, როგორც ერი, განვაგრძობთ არსებობას, რომ სოხუმიც და ცხინვალიც აუცილებლად იქნება საქართველოს შემადგენლობაში, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სახელისუფლებო პროგრამას, რომელსაც სინგაპურიზაციის პროგრამას უწოდებენ. ეს აქცია არის ანტისინგაპურიზაციის აქცია”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
როგორც ჩანს, ”ეროვნულმა ფორუმმა” გადაწყვიტა, რომ აშკარა ეთნონაციონალისტური კარტის გათამაშება პოლიტიკურად მომგებიანია. ჩემი ვარაუდით, ამისკენ მათ უბიძგა ზაფხულში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის წარმოქმნილმა გარკვეულმა განხეთქილებამ...

მიუხედავად გუბაზ სანიკიძის მტკიცებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ქართველთა მარში” არ არის პარტიული შეკრება და ის არ ისახავს მიზნად ”ფორუმელთა” მხარდამჭერების რიცხოვნობის დადგენას, ”ეროვნული ფორუმის” პარტნიორები, ანუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ”ექვსიანის” წარმომადგენლები, ამ მომენტისათვის, ”ქართველთა მარშში” მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ”ექვსიანის” ერთ-ერთი წევრი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების ცალ-ცალკე დაგეგმვა საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს და ეროვნულ ფორუმს ინიციატივას უწუნებს: ”ამ დაბნეულობის ფუფუნების უფლება ჩვენ არ გვაქვს. პოლიტიკურმა კოალიციამ, სადაც ექვსი პარტია შედის, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სტრუქტურით, რა ინტეგრაციის ხარისხით აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და რაც შეიძლება მოკლე ხანში უნდა გააგებინოს ეს საზოგადოებას”, – მიიჩნევს ზვიად ძიძიგური.

შესაძლებელია თუ არა, რომ ”ეროვნული ფორუმის” ინიცირებულმა ნაბიჯმა ბზარი შეიტანოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ”ექვსიანის” სიმყარეში? აღნიშნულ კითხვაზე ზვიად ძიძიგურს ასეთი პასუხი აქვს: ”მე ვგრძნობ, რომ ეს ასეა. ის ხალხი, ვინც პოლიტიკური ”ექვსიანისგან” ელოდებოდა სერიოზულ და გადამწყვეტ ნაბიჯებს, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებული დარჩა”.

მოდით, მოვისმინოთ გუბაზ სანიკიძისეული ვერსია ”ექვსიანის” სიმყარესთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი თქმით, ”ქართველთა მარში” არ შეარყევს: ”არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს ეს ”ექვსიანის” დაშლას. ”ექვსიანში” შემავალ პარტიებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვაქვს და აქ არანაირი ბზარი არ არსებობს, თუმცა ეს, არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის პარტიების საქმიანობას ხელი შევუშალოთ”, – განმარტავს გუბაზ სანიკიძე.

და კიდევ ერთხელ, ერთი მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ”ქართველთა მარში”. გუბაზ სანიკიძის მტკიცებით, ერთდღიანი აქცია ანტისინგაპურიზაციასთან ბრძოლას ემსახურება. ამჯერად კი ”ქართველთა მარშის” იდეის საკუთარ ვერსიას პოლიტოლოგი გია ნოდია წარმოგვიდგენს. მისი ვარაუდით, აღნიშნული ნაბიჯით ”ეროვნული ფორუმი” ცდილობს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს დაანახვოს, რომ ის არის არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი ლიდერი ხალხის მობილიზების თვალსაზრისით. გია ნოდია”ქართველთა მარშის” კიდევ ერთ შესაძლო მიზანზე ამახვილებს ყურადღებას და ის გასულ ზაფხულს, კონკრეტულად კი რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

”როგორც ჩანს, ”ეროვნულმა ფორუმმა” გადაწყვიტა, რომ აშკარა ეთნონაციონალისტური კარტის გათამაშება პოლიტიკურად მომგებიანია. ჩემი ვარაუდით, ამისკენ მათ უბიძგა ზაფხულში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის წარმოქმნილმა გარკვეულმა განხეთქილებამ, როდესაც ჩანდა, რომ ეკლესიას შეეძლო ხალხის მობილიზება რელიგიური ნაციონალიზმის კუთხით. ოპოზიციამ ჩათვალა, რომ აქ არსებობს რაღაც შანსი და ახლა, როგორც ჩანს, უფრო ხაზგასმულად იქნება ეთნონაციონალისტური კარტი გათამაშებული. თუ ვიფიქრებთ, რომ ეს მიმდინარეობა გახდება დომინანტური ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, რადგან ეს არის კვაზიფაშისტური მიმართულება – უმცირესობებს ექნებათ შეგრძნება, რომ ოპოზიცია მათ ხელს კრავს”, – აღნიშნავს გია ნოდია.

თუმცა, როგორც ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე რადიო „თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ”ქართველთა მარშში” ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინც საქართველოს მოქალაქედ თვლის თავს და, ამ შემთხვევაში, წარმომავალობას მნიშვნელობა არა აქვს. მისივე ინფორმაციით, ის უახლოეს დღეებში სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს არაქართველი მოსახლეობისათვის.

”ქართველთა მარშის” იდეის გაცილებით მარტივ ვერსიას სთავაზობს რადიო „თავისუფლებას“ ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე – შემოდგომა მოვიდა: ”დაიწყო სასწავლო წელი, საზაფხულო არდადეგების შემდეგ დადგა აქტიური პერიოდი და, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც გააქტიურდნენ”.
XS
SM
MD
LG