Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მიმინო” ავლაბარში


კადრი ფილმიდან "მიმინო"
კადრი ფილმიდან "მიმინო"
დაახლოებით, 10 დღის წინ, “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად არც მერიამ დაადასტურა და არც საპატრიარქომ – თბილისში ჩამოიტანეს საქართველოს კათალიკოსის, ილია მეორის ქანდაკება, რომლის ავტორი ზურაბ წერეთელია. აქამდე ეს ქანდაკება მოსკოვში, წერეთლის მუზეუმში იდგა. “ნეტგაზეთმა” ქანდაკების ფოტოებიც დაბეჭდა – სამ მეტრამდე სიმაღლის ქანდაკებისა, რომელიც ზურაბ წერეთლის ოფიციალური საიტით თუ ვიმსჯელებთ, 2003 წელს არის შესრულებული. თავად წერეთელი ილია მეორეს ხშირად ახსენებს თავის ინტერვიუებში.

”ილია მეორე, ჩვენი კათალიკოსი, ჩამოვიდა პატრიარქის დაკრძალვაზე და ტიროდა. მერე მეც მიმიღო. ბრწყინვალედ ვისაუბრეთ” –

აღნიშნა ზურაბ წერეთელმა 2008 წლის მიწურულს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც ასევე მის საიტზეა განთავსებული. წერეთელი აქ არ აკონკრეტებს, უჩვენა თუ არა ილია მეორეს ეს ქანდაკება, სამაგიეროდ ამბობს, რომ ილია მეორემ ”შესანიშნავად ისაუბრა” რუსეთის პრეზიდენტთან, რომ რუსეთი და საქართველო ჰგავს ცოლ-ქმარს, ადამიანებს, რომლებიც დროებით გაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ აუცილებლად შერიგდებიან და დაუმატა, ”უბრალოდ ზოგიერთები წყალს ამღვრევენ”.
გადაეცით ყველას, ვისაც არ ვუყვარვარ – წერეთელი უსაქმოდ ჯერ არ დარჩება... არა, ასე არ უთხრათ – წერეთელი უსაქმოდ არასდროს დარჩება ...

სხვათა შორის, ეს ინტერვიუ ეძღვნება არა ილია მეორის, არამედ ”მიმინოს” პერსონაჟების ქანდაკებას, რომელიც წერეთელმა იმხანად დაასრულა, მაგრამ მოსკოვში არ დაადგმევინეს. სკულპტურა, რომელიც ქართველი, სომეხი და რუსი ხალხის მეგორობას ასახავს, ახლახან სომხეთში, დილიჟანში, ”მიმინოს” გმირის, რუბიკ ხაჩიკიანის სამშობლოში, დაიდგა და როგორც აღმოჩნდა, დაიდგმება საქართველოშიც – ავლაბარში, 14 ოქტომბერს... ბევრს ახსოვს ყოფილი ”26 კომისრის” მეტროსთან ოთხი კომისრის – აზიზბეკოვის, ჯაფარიძის, ფიოლეტოვისა და შაუმიანის ძეგლი – ახლა ამ ქანდაკებას ”მიმინოს” თემაზე შექმნილი წერეთლის კომპოზიცია ჩაანაცვლებს – ვალიკო მიზანდარის, რუბიკ ხაჩიკიანის, ივან ვოლოხოვის პერსონაჟები და რეჟისორ გია დანელაის ფიგურა... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავლაბარში ისევ დაიდგმება ქანდაკება ხალხთა მეგობრობის თემაზე.

”მიმინოს” კომპოზიცია წერეთელმა გია დანელიას ფილმის იუბილეს მიუძღვნა. 2007 წელს – მიუხედავად იმისა, რომ წერეთელს თავისი გვიანდელი შემოქმედების ერთ-ერთი ”მუზა“, იური ლუჟკოვი მფარველობდა (წერეთელს ლუჟკოვის სკულპტურული პორტრეტები აქვს შექმნილი, ისევე როგორც პუტინის, კადიროვის ბიუსტები), საზოგადოებრივმა აზრმა, შეიძლება ითქვას, გადაწონა ძალაუფლება, სახელი, ფული. მანამდე ზურაბ წერეთელმა ვერ მოახერხა იოსიფ ბროდსკის ქანდაკების დადგმა სწორედ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებით – ინტერნეტში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც 14 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი – წერილი ასეთი ტექსტით:

“მოსკოველებს ძალიან გვაღელვებს თქვენი მოღვაწეობა ჩვენს ქალაქში... პატივი ეცით იმ ხალხს, ვისაც, ყოველდღიურად, თქვენი ნამუშევრების ცქერით ცხოვრების ხალისი ეკარგება. გემუდარებით, ზურაბ კონსტანტინოვიჩ, ძალიან მოგვბეზრდა თქვენი ბრინჯაოს ურჩხულები”.

თავდაპირველად, წერეთელს რეაქცია არ ჰქონდა ამ წერილზე, უფრო სწორად, ჰქონდა რეაქცია, მაგრამ ხაზგასმით ირონიული:

"გადაეცით ყველას, ვისაც არ ვუყვარვარ – წერეთელი უსაქმოდ ჯერ არ დარჩება... არა, ასე არ უთხრათ – წერეთელი უსაქმოდ არასდროს დარჩება”, –

აღნიშნა წერეთელმა. თუმცა ხელმომწერთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მოქანდაკე იძულებული გახდა შეხვედროდა იმ ინტერნეტსაიტის ავტორებს, რომლებმაც საპროტესტო წერილი შეადგინეს. შეხვედრის შემდეგ წერეთელმა განაცხადა, რომ ბროდსკის სკულპტურა აღარ დაიდგმებოდა.

საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისშიც, როცა თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის წერეთლისეული ვერსიის მონტაჟი დაიწყო. მაგრამ თბილისში არა 14 000-მა, არამედ სულ რამდენიმე ახალგაზრდამ გამოხატა პროტესტი. ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტმა მაშინ კომენტარი სთხოვა საზოგადოების რეაქციაზე ხელისუფლებას. გიგა ბოკერიას პასუხი ასეთი იყო:

“საზოგადოებაში ვის გულისხმობთ? თუკი თქვენ გულისხმობთ ძალიან პატარა ჯგუფს ადამიანების, რომლებსაც მუდმივად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ან მათ მემკვიდრეებს, აქვთ პრეტენზია, რომ ელიტას წარმოადგენენ და მათი კეთილგანწყობის გარეშე არაფერი არ უნდა კეთდებოდეს, ამას ვუყურებ სკეპტიკურად და ირონიით.”(სტილი დაცულია).

საქართველოს ხელისუფლებამ იმხანად, ე.ი. 2005 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ზურაბ წერეთლის შემოქმედების პროპაგანდა დაიწყო – აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ზურაბ წერეთლის მოღვაწეობაზე, რომელიც ქართველი დოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებშია ასახული, თუმცა ლუჟკოვის ღვაწლს გვერდი აქაც ვერ აუარეს.

2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ნაციონალურ არხებზე ასეთი ფილმის ჩვენება ჯერ კიდევ ნაკლებად აღიზიანებდა საზოგადოებას. უფრო მეტიც, თავისუფლების მოედანზე წერეთლის ქანდაკების დადგმას ზოგჯერ იმით ამართლებდნენ, რომ გავლენიანი ზურაბ წერეთელი ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარებას შეუწყობდა ხელს. იმხანად დაიწყო სწორედ ლაპარაკი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმზე, რომლისთვისაც, როგორც ამბობდნენ, წერეთელმა რუსთაველზე შენობა შეისყიდა... ანუ: ”მერე რა, რომ რუსული ფულია, მთავარია რომ ფულია” – ეს პრიციპი ზურაბ წერეთლის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაში კარგად გამოჩნდა... თავად წერეთელი მოსკოვს გასცდა და სოჭის ოლიმპიადის ”სკულპტურული გაფორმება” მოინდომა, მერე კი, მედვედევის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ აპირებს წერეთელ-მედვედევის სკულპტურული პორტრეტის გამოძერწვას.

იური ლუჟკოვის მმართველობის ეპოქა დასრულდა. ახლა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ წერეთელი თავად დაესწრება 14 ოქტომბერს ”მიმინოს” სკულპტურული კომპოზიციის გახნას თბილისში.. ”მერე რა, რომ ზურაბ წერეთლის ქანდაკებაა, მთავარია რომ ქანდაკებაა” – იტყვის გულუბყვილო ქართველი კაცი... შეიძლება ილია მეორის ქანდაკებაზეც თქვას იგივე: მერე რა, რომ მართლმადიდებლობა მრგვალ ქანდაკებას არ ცნობს... მთავარი ხომ მაინც ისაა, ვის გამოხატავს ძეგლი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG