Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მესამე დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი
აფხაზეთში გაიმართა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაცია. ინაუგურაციის ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონცერტო დარბაზში სულ ნახევარ საათს გაგრძელდა. მას დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები, უზენაესი სასამართლოს წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინაუგურაციას, მოწვეული სტუმრის სტატუსით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკოც ესწრებოდა. დარბაზში იჯდა გარდაცვლილი დე-ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის, მეუღლეც. იმაზე, თუ რა აქცენტები გააკეთა ინაუგურაციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა და რა მოლოდინები აქვთ საქართველოში, მის საპრეზიდენტო მმართველობასთან დაკავშირებით, ნინო ხარაძე მოგვითხრობს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის, ინაუგურაციის ცერემონია რომ მოკრძალებული იქნებოდა, წინასწრ იყო ცნობილი. მიზეზად წინა დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი შამბას, გარდაცვალება სახელდებოდა. და მართლაც, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონცერტო დარბაზში აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სახელმწიფო სიმბოლიკა გადაიბარა, დროშა და ბეჭედი, დე ფაქტო სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით – აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

მანამდე კი ალექსანდრ ანქვაბმა საქვეყნოდ, აფხაზურ ენაზე, ფიცი დადო:

„ფიცს ვდებ მრავალეროვანი აფხაზი ხალხის წინაშე, რომ საკუთარ ცოდნას, ძალას მოვახმარ მის კეთილდღეობას, მშვიდობას და სიმშვიდეს. საკუთარ საქმიანობაში მკაცრად დავიცავ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვიქნები ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მისი აღსრულებისა და რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტი“.
განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში შენარჩუნებულია რევანშისტური განწყობები. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული, გაერთიანებული მე-7 სამხედრო ბაზის არსებობის განსაკუთრებული მნიშვნელობა...

ალექსანდრ ანქვაბის საინაუგურაციო ტექსტი, ძირითადად, შიდა პოლიტიკურ მოსალოდნელ ცვლილებებს ასახავდა, მათ შორის, საკადრო ცვლილებებს მთავრობაში, რეფორმას პოლიციაში, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში. ანქვაბი შეეხო რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთობებს, რუსეთი მან სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ, მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების დეკლარირებისა და იმ ფონზე, როდესაც ინაუგურაციაზე მიწვეული რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკო, აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების რევანშისტურ განწყობებზე საუბრობს, საქართველოში ცოტას თუ სჯერა, რომ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი საკუთარ დეკლარირებულ პოლიტიკაში რაიმეს შეცვლის მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად.

აქვე გეტყით, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, განაცხდა, რომ რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში განსაკუთრებულ ადგილს უსაფრთხოების საკითხი იკავებს.

„განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში შენარჩუნებულია რევანშისტური განწყობები. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული, გაერთიანებული მე-7 სამხედრო ბაზის არსებობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომლის ამოცანაცაა ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა“.

ალექსანდრ ანქვაბს, მკაცრ, პრინციპულ და შრომისმოყვარე პოლიტიკოსად იცნობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი, ლევან კიკნაძე. ის, რომ ანქვაბი, თავის დროზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინააღმდეგი იყო, სწორედ ეს აფიქრებინებს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, კიდევ ექნება სურვილი, საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს, თუმცა ამ დიალოგის სურვილის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად როგორც რუსეთის, ასევე შიდა საზოგადოებრივი განწყობის ფაქტორს ასახელებს:

„ახლა პირდაპირ გადაჭრას და ამისკენ დაიწყოს სვლა, ის ამას არ გააკეთებს, კიდეც რომ სურდეს. მან ამისთვის ნიადაგი უნდა მოამზადოს. ვფიქრობ, რომ მას ამის რესურსიც გააჩნია, სურვილიც აქვს ალბათ, უფრო სწორედ, ალბათ, არ დაკარგვია ქართულ მხარესთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი და როცა ასეთი ორი საკითხი ერთიანდება ისეთი პრინციპული ადამიანისთვის, როგორიც ანქვაბია, მე მგონი ის ამისკენ სვლას დაიწყებს“, – აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი, ლევან კიკნაძე.
ჩვენ აღზრდილი ხალხი ვართ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კონტაქტებზე უარს არ ვეუბნებით... მათაც ხომ სჭირდებათ ხანდახან, რომ დახარჯონ ფული და აიღონ ხელფასი...

ეყოფა თუ არა პოლიტიკური რესურსი ალექსანდრ ანქვაბს, სურვილის შემთხვევაში, დიალოგი აწარმოოს თბილისთან, ან საქართველოს რა რესურსი აქვს, ანქვაბი დიალოგზე დაიყოლიოს? აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ასეთ რესურსად ევროპულ სტრუქტურებთან ორივე მხარის თანამშრომლობას ასახელებს. მას მიაჩნია, რომ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში ევროპა მასთან სათანამშრომლოდ ინვესტიციების ჩადების მეთოდს მიმართავს:
„ევროპის შეთავაზება, ალბათ, იქნება ინვესტიციები აფხაზეთში, როგორ დაუჭერს ამას მხარს რუსეთი, ვნახოთ და ეს იქნება ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ვექტორი ჩვენზე გადიოდეს, მაგრამ ის დღეს, რა თქმა უნდა, ლაპარაკობს და მოქმედებს ისე, როგორც ეს კრემლისთვის უფრო მისაღებია“.

თუმცა, თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანქვაბის მიერ გაკეთებული ერთი განცხადებით ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ევროპულ სტრუქტურებს მასთან თანამშრომლობა არ გაუადვილდება. აფხაზეთის ტელეეთერით აგვისტოს შუა რიცხვებში გამოსვლისას ალექსანდრ ანქვაბმა თქვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა –„ჩართულობა აღიარების გარეშე“, ღიმილს იწვევს:

„მათ ბევრჯერ უნდოდათ რაღაცაში ჩვენი ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და არასდროს – აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით. ჩემი აზრი ასეთია: ჩვენ აღზრდილი ხალხი ვართ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კონტაქტებზე უარს არ ვეუბნებით... მათაც ხომ სჭირდებათ ხანდახან, რომ დახარჯონ ფული და აიღონ ხელფასი“...

ევროპული ინვესტიციების საქართველოზე გავლის გზით აფხაზეთან დაახლოება, სხვა ანალიტიკოსების მოსაზრებით, იოლ გზად არ ჩანს. მით უფრო, თუ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებებსაც გავიხსენებთ. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ანქვაბი მკაცრად დაელაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისი მმართველობის დროს კარი კიდევ უფრო ჩაიკეტება:

„ისინი ევროპას უყურებენ ძალიან ცუდად, როგორც პროქართულ პოზიციაზე მდგარს. ევროპა, მათი თვალთახედვით, ვერ გახდა ნეიტრალური, ვერ ჩადგა შუაში და დაიჭირა ქართული მხარე. აა, ქართული მხარე დაიჭირე?! – კარგად იყავი მაშინ, – ასეთია მათი პოზიცია“.

პაატა ზაქარეიშვილს სჯერა, რომ ასეთი იზოლაციის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება აუცილებლად წამოვლენ ქართულ მხარესთან კონტაქტზე, თუკი ქართული მხარე აფხაზებს ამის გულწრფელ მზაობას დაანახვებს, ხოლო ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, აფხაზებთან „კონტაქტები არა მოლაპარაკებებით, არამედ დიალოგით უნდა დაიწყოს“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG