Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ არ შეეპუა რეალიტი შოუს პაკისტანელი ვარსკვლავი მუფთის


ვეენა მალიქი პაკისტანის რეალიტი შოუს ვარსკვლავია. ის იმპროვიზაციის ოსტატია, მაგრამ კაცს, რომელიც მას ტელეშოუში მოულოდნელად ესტუმრა და რომლის მიზანი მისი წარსულის, მისი ტელეგამოსვლების კრიტიკა იყო, მაინც მოუმზადებელი შეხვდა. და ეს მოხდა ქვეყანაში, სადაც ტრადიციული ისლამი და თანამედროვეობა ერთმანეთს უპირისპირდება, სადაც ქალის როლს საზოგადოებაში ისლამური კანონი განსაზღვრავს. ვეენა მალიქს ცოცხალ ეთერში მუფთი ესტუმრა, თეთრწვეროსანი მაჰმადიანი სასულიერო პირი. მუფთის კრიტიკის შემდეგ, რომ მან უნდა გადახედოს თავის ქცევას ინდურ რეალიტი შოუში, მალიქმა ისეთი ფრაზა მიახალა, და თან საკმაოდ ხმამაღლა, რომ მსმენელებმა ყურებს არ დაუჯერეს:

„არიან მაჰმადიანი სასულიერო პირები, რომლებიც აუპატიურებენ ბავშვებს, რომლებსაც ისინი მეჩეთებში ასწავლიან. და კიდევ მეტსაც აკეთებენ... პაკისტანს ბევრი სხვა რამ აქვს უფრო სამარცხვინო, ვიდრე ვეენა მალიქია. თუკი აქ სასამართლოს აწყობთ, მე მოვითხოვ, რომ სასამართლო სამართლიანი იყოს“, - უთხრა მსახიობმა, მოდელმა, რეალიტი შოუს ვარსკვლავმა მუფთის და უთხრა არა სასამართლოში, არამედ ლაჰორის ტელესტუდიაში.

„უტიფარი“ 27 წლის ქალი პატივცემულ სასულიერო პირს, აბდულ ყავის შეელაპარაკა. ყავიმ ერთი წუთით ადრე მალიქს გამოუცხადა, შენ შენი გამოსვლებით მაჰმადიანობა და ისლამი შეარცხვინეო. მუფთიმ მოგვიანებით, სხვათა შორის, აღიარა, რომ მალიქის შოუსთვის არასოდეს უცქერია.
ბევრი წერილი მივიღე პაკისტანელი გოგონებისგან, რომლებიც მეუბნებიან, რომ მე მათ საკუთარი თავის დაცვის იმედი მივეცი. ასე რომ, მგონი, რაღაც დაიძრა...

ადვილი წარმოსადგენია, როგორ დააინტერესებდა ასეთი ტიპის დაპირისპირება მილიონობით მაყურებელს პაკისტანში. ხალხი მართლაც გააოგნა მსახიობი ქალის მხრიდან რელიგიური პირის ასეთმა გამოწვევამ. ვეენა მალიქი უყვართ, მაგრამ ბევრს ის უკიდურესად აღიზიანებს. ეს ბუნებრივია, რადგან რეალიტი შოუს ვარსკვლავი, ახალგაზრდა მაჰმადიანი, პაკისტანში პროგრესულ ისლამს ქადაგებს და ქალთა უფლების დამცველად გამოდის. მისი გამკიცხავები არიან კონსერვატიული რელიგიური პირები, ნაციონალისტები, თალიბანის მომხრეები და სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაფუძნებული გვერდის - „მძულს ვეენა მალიქი“ - 13 ათასი წევრი. მალიქის მონაწილეობა ინდურ რეალიტი შოუში, სახელწოდებით „ბიგ ბოს ოთხი“, რის გამოც ის გაკიცხა მოლამ, გახდა მიზეზი ჭორებისა, რომლებიც მოჰყვა მის იქ ვითომდა მიუღებელ გამოსვლას. მუფთისთან ერთად ტელევიზიით გამოსვლას კი პაკისტანის ტელევიზიის ისტორიაში უპრეცედენტო ტელედაპირისპირება მოჰყვა. ტელეარხ „ექსპრეს ნიუსის“ ეთერში გასული ამ გადაცემის პროდიუსერმა, მარიამ ალიმ, ელექტროფოსტით გამოგზავნილ წერილში გვითხრა, რომ მას შეეცვალა წარმოდგენა ვეენა მალიქზე, როცა იხილა, როგორ თამამად შეუტია მან მუფთის. ყოველ შემთხვევაში, ის არაა ფარისეველი, წერს მარიამ ალი, 25 წლის ქალი, რომელიც თავისი და თავისი მეგობრების სახელით ამბობს, ამ ქალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გვაქვს და ზემოდანაც არ ვუყურებთ მალიქსო. მალიქი თავისი ამ სითამამით ჩადგა ისეთი პაკისტანელი ქალების რიგში, როგორიცაა, მაგალითად, ყოფილი პრემიერი ბენაზირ ბჰუტო, რომელიც მოკლეს; ასევე, შედარებით უცნობი შეჰრბანო ტასირი, შვილი მოკლული გუბერნატორის, სალმირ ტასირისა, რომელიც რელიგიური უმცირესობების უფლებებს იცავდა. ახალგაზრდა ქალი ახლა ამბობს, მამის კვალს მივყვები, როგორი სახიფათოც უნდა იყოს ეს გზაო. მალიქი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სურს პაკისტანელ ქალებს, განსაკუთრებით ახლგაზრდებს, საზოგადოებაში მეტი ხმის უფლება ჰქონდეთ:

„ტელეგადაცემის შემდეგ, არ დაიჯერებთ, იმდენი გამოხმაურება მივიღე პაკისტანელი ქალებისგან, მათ შორის ისეთებისგან, ბურკას რომ ატარებენ. ბევრი წერილი მივიღე პაკისტანელი გოგონებისგან, რომლებიც მეუბნებიან, რომ მე მათ საკუთარი თავის დაცვის იმედი მივეცი. ასე რომ, მგონი, რაღაც დაიძრა. ვითარება პაკისტანში ახლა საშინელია, რადგან მთავრობას უწევს სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლა - ტერორიზმთან და ასე შემდეგ. მთავრობას ქალებისთვის დრო არა აქვს. ამიტომაც ქალებმა თავიანთ თავზე თვითონვე უნდა იფიქრონ. მათი დარდი აქ არავის აქვს.“
პაკისტანელ ქალებს მინდა ვუთხრა: თქვენ მშვენიერები, ძლიერები ხართ, რატომ უნდა დაიმალოთ კაცის ჩრდილქვეშ იმის გამო, რომ ქალები ხართ?! ...

ამ ტელეშოუს შემდეგ მალიქი დაშავდა საეჭვო ავტოავარიაში. ის საავადმყოფოში მოხვდა. ამას მოჰყვა ემიგრაცია და ახლა ის დუბაიში ცხოვრობს, მუშაობს ორგანიზაციაში „ქალების ხმა“. ეს არაკომერციული ჯგუფი აზიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. ქალების მიმართ ძალადობა პაკისტანში კატასტროფული მასშტაბებისაა. წელიწადში ამ ქვეყანაში ათას ქალს მაინც კლავენ საკუთარი ოჯახის წევრები - კლავენ „შელახული“ ღირსების გამო, როცა ქალი ტრადიციას არღვევს და ძმას, ან მამას, ან სხვა ნათესავს მისი მოკვლის ნება აქვს რომელიღაც წეს-ჩვეულების თანახმად. თვითონ მალიქი ტრადიციულ ოჯახში დაიბადა და შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მას თვითონ აქვს გამოცდილი ძალადობა ოჯახში:

„ბავშვობიდან ვხედავდი როგორ ურტყამდა ხოლმე მამა დედაჩემს. ურტყამდა უმიზეზოდ, ისე, თუნდაც იმის გამო, რატომ საჭმელი დროზე არ გააკეთეო. როცა წამოვიზარდე, ჩემი უფროსი, 14 წლის და მამამ გაათხოვა. მეორე და 11 წლისა იყო, როცა ასევე გაათხოვეს. მე ასე 12-13 წლისა ვიყავი, როცა მამამ გამომიცხადა, ახლა შენ უნდა გათხოვდეო. მე წინააღმდეგობა გავუწიე. ვუთხარი, არა, რატომ, რატომ უნდა გავთხოვდე-მეთქი. მამას განვუცხადე, რომ არ მინდოდა გათხოვება. მამას პასუხი კი იყო: „უნდა გათხოვდე!.“ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თავი დავიცავი.“

მალიქს უკვე სკოლაშივე - მართალია, მაღალ კლასებში - უწევდა თვითონ გამოემუშავებინა სწავლის გადასახადი. პირველად, როცა კაცი შეუყვარდა, 20 წლისა იყო. ახლა ამბობს, რომ შეყვარებული არ ჰყავს. გულწრფელად ჰყვება, დავშორდი, როცა ძალა იხმარა ყოფილმა მეგობარმაო. ამ შემთხვევამ მას გმოცდილება შესძინა და ის ქალებს მოუწოდებს:

„პაკისტანელ ქალებს მინდა ვუთხრა: თქვენ მშვენიერები, ძლიერები ხართ, რატომ უნდა დაიმალოთ კაცის ჩრდილქვეშ იმის გამო, რომ ქალები ხართ?! მათ უნდა გავაგებინო, რომ არ ევალებათ, კაცი შინ რომ მივა, საჭმელი დაახვედრონ. მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი ძლიერები არიან. ამ ქალებმა არც კი იციან, როგორი ლამაზები და ძლიერები არიან.“

როცა მუფთის არ შევეპუე, ვიფიქრე, ალბათ ტელეგადაცემის შემდეგ ან მომკლავენ, ან მიესალმებიან ჩემს სითამამეს-მეთქი, ამბობს მალიქი. მისალმება შეზღუდული მასშტაბისა იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, პაკისტანში იზრდება მის მსგავსად მოაზროვნე ქალების რიცხვი. ამ ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედი 30 წელიწადზე ნაკლები ასაკისაა. პაკისტანი, სხვა არაერთი საზოგადოების მსგავს სტადიაშია: ღრმად კონსერვატიული ფასეულობების მორიგება თანამედროვეობასთან, რომელიც იაფფასიანი ტექნოლიგიითა და ინგლისური ენის გავრცელების გზით ცდილობს ფეხი მოიკიდოს ამ ქვეყანაში, რთულად მიმდინარეობს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG