Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი საფრთხე მიხეილ სააკაშვილისთვის


საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე ერთი წელიწადი რჩება. პოლიტიკური პროცესი, ზაფხულის შემდეგ, ჯერ კიდევ ნახევრად მთვლემარე ფაზაშია, თუმცა უახლოეს თვეებში ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. ჩემი აზრით, პროცესის განვითარების ჩარჩო საკმაოდ პროგნოზირებადია და დღეს სწორედ ამ „ჩარჩო-პროგნოზებს“ განვიხილავთ.

ვერსია პირველი: 2012-2013 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალთა ამჟამინდელი განლაგება უცვლელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში საკონსტიტუტიო უმრავლესობით კვლავ ნაციონალური მოძრაობაა წარმოდგენილი; პრეზიდენტი სახელისუფლო პარტიის ერთ-ერთი ლიდერია; პრემიერ-მინისტრი კი თავად მიხეილ სააკაშვილი ხდება. ამ პროგნოზის გამართლება იმის მაუწყებელი იქნება, რომ სახელისუფლო პარტიამ წარმატებით გადაცურა ცდუნებების მდინარე და უახლოესი ათი წლით ქვეყნის მართვის სადავეებს დაეუფლა.

მომხრე არგუმენტი: პროცესის ამგვარი გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს, რომ პირადად გააკონტროლოს სიტუაცია საკუთარ პარტიაში და შეინარჩუნოს ამჟამად არსებული ბალანსი შიდა სახელისუფლო გუნდებს შორის. ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან არ ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, უჭირს თუ არა მიხეილ სააკაშვილს თავის გარემოცვასთან გამკლავება. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, ქვეყანას მომავალშიც ამჟამინდელი პრეზიდენტი წარუძღვეს, ოღონდ, პრემიერის ამპლუაში.

საწინააღმდეგო არგუმენტი: ნაციონალურ მოძრაობაში არის რამდენიმე ადამიანი, რომლსაც, შესაძლოა, მიაჩნდეს, რომ პოლიტიკურად გაცილებით ნაკლებად არის გაკოტრებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი; რომ სააკაშვილი უფრო მეტს ერთობა, ვიდრე მუშაობს და რომ ეს იციან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც საქართველო მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წიაღში გაჩნდეს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი „ანტიმიშური“ მოძრაობა, რომელიც შეეცდება, წინააღმდეგობა გაუწიოს სააკაშვილის „უვადო“ გაპრემიერებას.

ვერსია მეორე: ნაციონალური მოძრაობის ერთიანი მმართველი გუნდი იხლიჩება. კარგა ხანია, მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია პრეზიდენტობის ორ სავარაუდო კანდიდატზე ნაციონალური მოძრაობიდან – გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეზე. უგულავა, რომელიც დიდხანს ცდილობდა, ორივე სახელისუფლო გუნდთან დაბალანსებული ურთიერთობა შეენარჩუნებინა, ბოლოს, როგორც ჩანს, ადეიშვილი-ბოკერიას გუნდისკენ გადაიხარა; შესაძლოა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილმა არჩევანი ბაქრაძეზე შეაჩერა. თუ ორი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ხმები „მოდელირებული“ არ არის და თუ ხელისუფლებაში არსებული ორი დაჯგუფებიდან თითოეული მართლაც შეეცდება, საკუთარი გუნდის წევრი იხილოს პრეზიდენტად, ეს იმის დასტური იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესები ხელიდან გაექცა. ამ შემთხვევაში კი ნამდვილად უნდა ველოდოთ ნაციონალური მოძრაობის ხლეჩას და მრავალპარტიულ პარლამენტს.

მომხრე არგუმენტი: ამჟამად ნაციონალურ მოძრაობაში ძალაუფლების სამი ქვეცენტრია: თავად მიხეილ სააკაშვილი პირობითად „ლიბერალები“ და, პირობითად, „კონსერვატორები“. პარლამენტს, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურას და მთავრობის ნაწილს „ლიბერალები“ აკონტროლებენ; ძალოვნებს, რეგიონებს, ოპოზიციის ნაწილს და მთავრობის ნაწილს კი – „კონსერვატორები“. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლებაში ძალაუფლების სულ ორი ცენტრი რჩება – პრემიერის გუნდი და პრეზიდენტის გუნდი. ასე რომ, დღევანდელი სამი ქვეცენტრიდან, წესით, ერთი უნდა გაუქმდეს. თუ მიხეილ სააკაშვილი გუნდში უპირობო ლიდერობას ვერ შეინარჩუნებს, ცხადია, ძალაუფლების სქემიდან სწორედ იგი ამოვარდება. მაგრამ თუ ბალანსი უფრო „რბილად“ დაირღვევა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება, ოღონდ, მას შიდა სახელისუფლო ორი გუნდიდან ერთ-ერთის გაძლიერება და მეორის დასუსტება მოუწევს. ვის უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებს და ვის დაეყრდნობა მიხეილ სააკაშვილი? ძალოვნებს თუ ინტელექტუალებს? „დევებს“ თუ „ქაჯებს“? ბუნებრივი იქნება, ორივე გუნდი ფიქრობდეს, ახალი კონსტიტუციის პირობებში როგორ შეინარჩუნოს (და გაზარდოს!) ძალაუფლების საკუთარი წილი; როგორ „ითამაშოს“ იმგვარად, რომ მინიმალური დანაკარგით (ან გაცილებით გაძლიერებული!) გამოვიდეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მწვავე კონკურენციის ლოგიკური შედეგი ერთიანი გუნდის ხლეჩა შეიძლება აღმოჩნდეს.

საწინააღმდეგო არგუმენტი: გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ, პრეზიდენტის ვინაობა მხოლოდ პრემიერთან ბმაშია საინტერესო. მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად შეეცდება, თავიდან აიცილოს კონფლიქტები პარტიაში და ამით საკუთარი გაპრემიერება უზრუნველყოს. სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებიც არ წავლენ რისკზე, თუკი ძალაუფლების მათ წილს საფრთხე არ დაემუქრება. ოღონდ, თუ პროცესი მაინც დაპირისპირების ხაზით განვითარდება, კონფლიქტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იჩენს თავს მთელი ენერგიით.

ვერსია მესამე: ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება ცალ-ცალკე პარტიებით, ან მცირე კოალიციებად გაერთიანებული სუბიექტებით და აგებს არჩევნებს. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი პარტია/კოალიცია პარლამენტში მოიპოვებს რამდენიმე ადგილს, ოღონდ, ჯამურად ოპოზიციური პარტიების მანდატების რაოდენობა არ გაადაჭარბებს 60-ს (უფრო ზუსტად, 63-ს, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ს).

მომხრე არგუმენტი: იმის შემდეგ, რაც 2008 წლის ზამთარში გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალა, ნაციონალური მოძრაობისთვის სერიოზული პრობლემა პოლიტიკურ ოპონენტებს აღარ შეუქმნიათ. არც ქართული პარტია, არც სახალხო კრება, არც ლეიბორისტები, არც „რვიანი“ და არც „ექვსიანი“ ხელისუფლების რეალურ საპირწონეს არ წარმოადგენს. თუმცა, წლების განმავლობაში, არაერთ ოპოზიციურ ლიდერს ჰქონია ილუზია, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე, საკუთარ პარტიაზე დაყრდნობით შეძლებდა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას. დღეისათვის ასეთი ამბიცია მხოლოდ ირაკლი ალასანიას შემორჩა. მაგრამ, გასული წლების გამოცდილების თანახმად, ნაციონალური მოძრაობა მეტისმეტად ბევრ ბერკეტს ფლობს საიმისოდ, რომ ერთ რომელიმე პარტიასთან არჩევნები არ წააგოს: კანონმდებლობა, ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები, მედია, სასამართლო, პოლიტიზებული პოლიცია... ამ ფაქტორებზე თავად ირაკლი ალასანია საუბრობს, ოღონდ, საზოგადოებას მკაფიოდ ვერ განუმარტავს, როგორ აპირებს ამდენი წინააღმდეგობის დაძლევას და მმართველი პარტიის დამარცხებას.

პოლიტიკაში ჩაუხედავმა ადამიანმაც იცის, რომ არჩევნების მოგების ერთადერთი შანსი ოპოზიციას იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანდება ყველა პარტია, რომელიც ფარულად არ ფინანსდება ნაციონალური მოძრაობისგან. მაგრამ ასეთი ერთიანი სულისკვეთება პოლიტიკურ სპექტრში არ შეინიშნება. ოპოზიციის ლიდერები ვერ თანხმდებიან, მათი უმთავრესი ამოცანა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაა თუ, ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი აცდენების ან თანამდებობრივი ამბიციების კულტივირება. ბოლო პერიოდში არაერთხელ მსმენია დამანამუსებელი შეკითხვა: „შეგიძლიათ, ალასანია და ბურჯანაძე ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერებად წარმოიდგინოთ?“ ცხადია, არა. მაგრამ თუ ერთი საარჩევნო სუბიექტი გააერთიანებს არა მხოლოდ ამ ორი ლიდერის პარტიას, არამედ, ყველა სხვა პარტიასაც, რომელთა გულწრფელი მიზანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაა, ცხადია, ბურჯანაძის და ალასანიას გვერდიგვერდ დგომა გაცილებით ლოგიკური გამოჩნდება, ვიდრე მათი დაპირისპირება.

სანამ პარტიები ვერ თანხმდებიან, რა არის მთავარი ამოცანა დღევანდელ ეტაპზე, მოსახლეობის პროტესტულად განწყობილ ნაწილში სულ მეტად იზრდება აგრესია ოპოზიციის მიმართ. სავარაუდოდ, აგრესია და წყენა სწორედ იქიდან მოდის, რომ პარტიული ლიდერები ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მარტივ პოლიტიკურ ლოგიკას და, გაერთიანების ნაცვლად, უპირატესობას ქვითკირის კედლისთვის ეულად თავის ხლას ამჯობინებენ.

საწინააღმდეგო არგუმენტი: გულწრფელად გეტყვით, მე არ ვიცი არგუმენტები, რომლებიც შემიძლია შემოგთავაზოთ იმის დასტურად, რომ ერთი რომელიმე პარტია 2012 წელს არჩევნებს მოუგებს ნაციონალურ მოძრაობას. ბიძინა ივანიშვილმა რომ შექმნას პარტია და საქართველოს პრეზიდენტობა გადაწყვიტოს, ალბათ, მასაც კი გაუჭირდება ორი ათწლეულის განმავლობაში ნაგები ძალადობის და გაყალბების მანქანის მწყობრიდან გამოყვანა.


* * *

საბოლოოდ, პროგნოზი ასე გამოიყურება:

ცვლილებებისთვის აუცილებელია, პოლიტიკური პროცესი ორიდან ერთ-ერთი მიმართულებით გაგრძელდეს – ან ნაციონალური მოძრაობა გაიყოს; ან ოპოზიცია გაერთიანდეს. ეს არის ორი რეალური საფრთხე, რომელიც ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას.

ხოლო თუ 2013 წლის ბოლომდე ნაციონალური მოძრაობა ერთიან გუნდად შენარჩუნდება და ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე შეეცდებიან მის დამარცხებას, ძალთა დღევანდელი განლაგება მრავალი წლის მანძილზე არსებითად აღარ შეიცვლება.

სიამოვნებით მოვისმენ ამ პროგნოზის საწინააღმდეგო არგუმენტებს. ოღონდ, გავითვალისწინოთ, რომ ამჯერად მხოლოდ პოლიტიკური პროცესის შესაძლო გაგრძელებაზე ვსაუბრობთ და არა საქართველოს ეგვიპტიზაციის საფრთხეზე, რაც ხალხის და ხელისუფლების სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს. ვაღიარებ, რომ ამ საფრთხისგან დაზღვეულები არ ვართ, თუმცა მაინც მგონია, რომ მშვიდობიანი ცვლილებების რესურსი ამოწურული არ არის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG