Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავის სამიტი: ბელორუსია ყურადღების ცენტრში


ვარშავა, 30 სექტემბერი: (მარცხნიდან) საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე
ვარშავა, 30 სექტემბერი: (მარცხნიდან) საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე
გეგმით, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს, პირველ რიგში, უნდა ეჩვენებინა პოლონეთის მისწრაფება, ხელი შეუწყოს ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დაახლოებას ევროკავშირთან. თუმცა ის, რითაც ვარშავაში გამართულ სამიტს მომავალში გაიხსენებენ, ალბათ, ბელორუსიის კრიტიკა იქნება, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ბედით შეშფოთების გამოთქმასთან ერთად.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ დანარჩენ ქვეყნებზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდავეთზე, საქართველოზე შედარებით ნაკლები ითქვა. თუმცა, საქართველოს რაც შეეხება, დადასტურდა სამიტამდე გამოთქმული ვარაუდი მნიშვნელოვან საკითხზე: ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთან, ისევე როგორც მოლდავეთთან, წელსვე დაიწყება მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.
ბელორუსიის შემთხვევაში, ევროპის კავშირს კვლავაც აქვს მისი დემოკრატიული მომავლის იმედი - იმედი, რომ ბელორუსიას ექნება სათანადო ადგილი ევროპის ქვეყნების თანამშრომლობაში...

როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა „დღეს, სამიტზე ვარშავაში ვაცხადებთ ასევე, რომ 2011 წელს შესაძლოა, დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება უკრაინასთან და ეს იქნება აგრეთვე საქართველოსთან და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების წელი“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს პარასკევს მოუწია იმის გამოცხადებაც, რომ ვარშავის სამიტს (წინა დღისაგან განსხვავებით) აღარ ესწრებოდა ბელორუსიის დელეგაცია, ბელორუსიის მხარის გადაწყვეტილებით. თუმცა, ეს ქვეყანა, როგორც უკვე ითქვა, მაინც დარჩა ყურადღების ცენტრში.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწიოს მინსკს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, თუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი არ შეცვლის თავისი პოლიტიკას ოპოზიციის მიმართ. „ბელორუსიის შემთხვევაში, ევროპის კავშირს კვლავაც აქვს მისი დემოკრატიული მომავლის იმედი - იმედი, რომ ბელორუსიას ექნება სათანადო ადგილი ევროპის ქვეყნების თანამშრომლობაში“, განაცხადა რუმპემ და იქვე დაამატა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს ბელორუსიასთან „სრულად თანამშრომლობას, დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისაკენ წინსვლის გარეშე. და ეს ნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის სახით, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და რეაბილიტაციას და ოპოზიციასთან სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვას“.

რუმპეს ამ მოწოდებას შეესაბამება ევროკავშირის განცხადება, რომელიც ვარშავის სამიტის ბოლოს მიიღეს. მასში გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება ბელორუსიაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ვითარების გაუარესების გამო“. საყურადღებოა, რომ ვარშავის სამიტის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ, 1 ოქტომბერს, მინსკში გაათავისუფლეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დმიტრი ვუსი. ის ლუკაშენკოს მეტოქე იყო შარშანდელი დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - კენჭისყრაში, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. არჩევნების შემდეგ დმიტრი ვუსი მალე დააპატიმრეს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აი, ვარშავის სამიტის შემდეგ ერთ დღეში გაათავისუფლეს. თუმცა, ევროკავშირის წევრებმა სამიტზე მოითხოვეს მინსკის მიერ ყველა ოპოზიციონერის გათავისუფლება, რაც, ბელორუსიაში, როგორც ჩანს, ახლო მომავალში არ მოხდება.
ჩვენში კვლავაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობას და ჩვენი სურვილია, ეს საკითხი მოგვარდეს...

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: გეგმით, ბელორუსიის შესახებ განცხადება უნდა ყოფილიყო ნაწილი ვარშავის სამიტის მონაწილეთა ერთობლივი დეკლარაციისა, მაგრამ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებმა, როგორც ჩანს, არ მოისურვეს ბელორუსიის კრიტიკაში მონაწილეობა და ითხოვეს, რომ მინსკზე განცხადება ცალკე გაკეთებულიყო, მათი ხელმოწერის გარეშე.

"აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე კრიტიკა დაიმსახურა უკრაინის ხელისუფლებამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის გამო. ითქვა, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს კიევის შანსზე, მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ უარს იტყვის უკრაინასთან შეთანხმების რატიფიცირებაზე, თუ ბოლო არ მოეღება ტიმოშენკოს სამართლებრივ დევნას. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, ის ტიმოშენკოს საკითხზე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც ასევე მონაწილეობდა ვარშავის სამიტში.

ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს თავის გამოსვლაში შეეხო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუც. „ჩვენში კვლავაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობას და ჩვენი სურვილია, ეს საკითხი მოგვარდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თუმცა, მოგვიანებით ითქვა (როგორც სამიტის მასპინძლის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ისე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს მიერ), რომ წელსვეა მოსალოდნელი უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება.

ასე ჩატარდა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი პოლონეთში. სამიტში, როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცხადჰყოფს, რომ ის კმაყოფილი დარჩა ვარშავაში გამართული შეხვედრებით. ”ძალიან ბევრი ლიდერი ევროკავშირის ლაპარაკობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. არასოდეს, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკიც არ შეიძლებოდა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამა ამჟამად არ ითვალისწინებს ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG