Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული ნობელი შვედ პოეტს გადაეცა


2011 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ცნობილ შვედ პოეტსა და მთარგმნელს ტუმას ტრანსტრომერს მიენიჭა. ის რიგით 108-ე და ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი პოეტი ნობელიანტია. წელს ნობელის პრემიის ნომინანტებს შორის ტრანსტრომერის გვერდით დასახელებულნი იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა ამერიკელი ბობ დილანი, სირიელი არაბი ადონისი, იაპონელი ჰარუკი მურაკამი და სხვები.
ის აღწერს სინამდვილეს ხშირად საკმაოდ სასტიკად. ამავე დროს, ძალიან თავდაჭერილი, ზომიერი და მშვიდია. მე მას პოეზიის ინგმარ ბერგმანს ვუწოდებდი...

”მსუყე და გამჭვირვალე ხატებით ის რეალობის ცოცხლად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს” - ასეთი იყო ძალიან მოკლედ ტუმას ტრანსტრომერისათვის ლიტერატურის დარგში ნობელის მინიჭების მოტივაცია, 80 წლის შვედი პოეტისა და მთარგმნელის რეაქცია კი გამოიხატა სიტყვებით:”ძალიან კარგი, ძალიან კარგი”... შვედეთის აკადემიის მიერ ლიტერატურაში ნობელის პრემიის მფლობელის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ტუმას ტრანსტრომერის ბოლო კრებული The Great Enigma (”დიდი საიდუმლო”) ამაზონის საიტზე პირველ ოც ბესტსელერს შორის მოხვდა. ლიტერატურის კრიტიკოსები 1931 წელს დაბადებულ შვედ პოეტსა და მთარგმნელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სკანდინავიელ ავტორად მიიჩნევენ.

მთარგმნელი და პოეტი ჯონათან გალასი ტუმას ტრანსტრომერზე წერს:

”ის აღწერს სინამდვილეს ხშირად საკმაოდ სასტიკად. ამავე დროს, ძალიან თავდაჭერილი, ზომიერი და მშვიდია. მე მას პოეზიის ინგმარ ბერგმანს ვუწოდებდი.”

ტრანსტრომერის ლექსები 60 ენაზეა თარგმნილი. პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ ეს ავტორი პირველად სწორედ მისი ლექსების სპარსული თარგმანებით გაიცნო და შეიყვარა. მერე ტრანსტრომერის ქართულ თარგმანსაც გაეცნო:

“ბოლო ხანს წავიკითხე ტრანსტრომერის ლექსების მანანა კობაიძის მიერ შვედურიდან შესრულებული თარგმანები და მივხვდი, რომ ეს ჩემი პოეტია. პირველყოფილი უბრალოებით და სიღრმისეულობით მხიბლავს ეს ავტორი და მასთან ჯერ კიდევ ცოცხალია ყველა ის ლიტერატურული ხერხი, რაც ნამდვილ პოეზიას ქმნის.”

და როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების საბოლოო სია გახდა ცნობილი, გიორგი ლობჟანიძემ ამ სიაში სამი ერთმანეთზე უკეთესი პოეტი აღმოაჩინა: ამერიკელი ბობ დილანი, სირიელი არაბი ადონისი და შვედი ტუმას ტრანსტრომერი:
”ამ სამი ავტორიდან რომელსაც არ უნდა მიეღო ნობელი, სასიხარული იქნებოდა ჩემთვის, როგორც ლიტერატურის მოყვარული ადამიანისათვის. მიუხედავად იმისა, რომ უკეთესად ვიცნობ ადონისს, ამ არაბ პოეტს, და ერთი პერიოდი მისი თარგმნაც მინდოდა, და ბობ დილანიც წამიკითხავს, ჩემი სიმპათია შინაგანად მაინც იხრებოდა შვედი გენიოსისაკენ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის პოეზიის ცოცხალი, მფეთქავი ნერვი. ისე როგორც ტყეში ამოდის წყარო და ხელუხლებელია, არ მოუპირკეთებიათ, მაგრამ რაღაც სხვა სიღრმეები მოაქვს მიწის წიაღიდან, რაღაც ასეთი მგონია ტრანსტრომერის პოეზია.”

ძალიან გამიხარდა ისიც, რომ 1997 წლის შემდეგ პოეტს არ აუღია ნობელის პრემია ლიტერატურაში. ანუ ათ წელზე მეტია უკვე. მეორეც ის, რომ ტრანსტრომერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა...
პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი კი ტრანსტრომერის პოეზიამდე თავისი საყვარელი ამერიკელი პოეტის, რობერტ ბლაის თარგმანებით მივიდა. 1990-იანი წლების ბოლო იყო. მაშინ ზვიად რატიანი თავად თარგმნიდა რობერტ ბლაის. სწორედ მის ორტომეულში გადააწყდა ტრანსტრომერის ერთ-ერთი ცნობილი პოემის, ”სევდიანი გონდოლის”, ბლაისეულ თარგმანს. და იქიდან დაიწყო. მთლად სიყვარული არ იყო, მაგრამ ეს პოეტი ძალიან მეუცნაურაო, - იხსენებს ზვიად რატიანი:

”რაც მომწონს, ეს არის ძალიან შეკუმშული ენა - ერთი მხრივ, ძალიან ჰერმეტული, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორღაც ახერხებს იყოს ძალიან ავტობიოგრაფიული და ადამიანური. და ეს მონაცვლეობა ყოველთვის მოულოდნელია.”

90-იანი წლების ბოლოს ბაკურ სულაკაურმა შვედური პოეზიის ქართული თარგმანების მცირე ანთოლოგიის გამოცემაც გადაწყვიტა. ზვიად რატიანმა პირველად სწორედ მაშინ თარგმნა ტრანსტრომერის ლექსები შვედურიდან ნანა გურულის პწკარედების დახმარებით. თუმცა შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა. რატიანისათვის კი ტრასტრომერი დარჩა ავტორად, რომელსაც ხშირად კითხულობს და რომელიც უყვარს. შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებამაც მასში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია:

”ძალიან გამიხარდა ისიც, რომ 1997 წლის შემდეგ პოეტს არ აუღია ნობელის პრემია ლიტერატურაში. ანუ ათ წელზე მეტია უკვე. მეორეც ის, რომ ტრანსტრომერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის 90-იანი წლების დასაწყისში ავტოავარიაში მოხვდა და, ფაქტობრივად, ხეიბრად იქცა, დიდხანს ვერ წერდა.. თან ასაკშია, 80 წლისაა, და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღირსეული პოეტი დღევანდელ მსოფლიოში და სულ მინდოდა და ვბრაზდებოდი შვედეთის აკადემიაზე, როცა მას, ჩემთვის გაურკვეველი მოსაზრებებით, - შესაძლოა იმიტომ, რომ პოეტიც შვედია და აკადემიაც შვედური, - რატომღაც ამ პრემიის მიღმა ტოვებდნენ ხოლმე.”

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ნობელიანტი არ არის პოეტ პაატა შამუგიას საყვარელი ავტორი, მისი შემოქმედების მნიშვნელობას მსოფლიო პოეზიაში არც ის უარყოფს.

”ჩემთვის ტრანსტრომერის სალექსო გამოხატვის ფორმა ცოტა დამღლელი და არქაულია. თუმცა ცხადია, არ უარვყოფ, რომ ის მართლა დიდი პოეტია. ზოგადად წლევანდელი ნობელი კი პოეზიისთვის, პოეტური მუხტის აგორებისთვის მშვენიერი ბიძგი იქნება. თან სულ ითვლებოდა, რომ პოეზია არ თუ აღარ იყო აქტუალური.. არა მგონია, ნობელი არააქტუალურ ლიტერატურას გადასცემოდა.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG