Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ისტორიული შედეგით


ვარშავა, 2011 წლის 9 ოქტომბერი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა (ცენტრში) და მისი თანაპარტიელების რეაქცია საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებზე
ვარშავა, 2011 წლის 9 ოქტომბერი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა (ცენტრში) და მისი თანაპარტიელების რეაქცია საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებზე
კვირას პოლონეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომლებსაც ისტორიული შედეგი მოჰყვა: პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველად, მმართველი პოლიტიკური ძალა რჩება ხელისუფლების სათავეში.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგი ისტორიული გამარჯვებაა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისათვის: ის პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომლის პარტიამაც ამომრჩევლების საკმარისი მხარდაჭერა მიიღო საიმისოდ, რომ მეორე ვადითაც დარჩეს ხელისუფლების სათავეში.
პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი არჩევნების შედეგს მიიჩნევს პოლიტიკური სტაბილურობის მკაფიო სიგნალად და საუბრობს პოლონეთში დემოკრატიის ახალ ეტაპზე. დადებითია საფინანსო ბაზრების რეაქციაც: პოლონური ზლოტის კურსმა ევროსთან მიმართებით ბოლო სამი კვირის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია, გაიზარდა აქციების კურსიც.

თვით ტუსკი ჩვეული პრაგმატულობით აფასებს ვითარებას: „ვიცი, რომ მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება, რადგან საჭირო იქნება, გავაორმაგოთ ჩვენი ტემპი, საჭირო იქნება, ორჯერ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ პირველ რიგში იმის გამო, რომ პოლონელებს აქვთ უკეთესად ცხოვრების უფლება, უფლება, ჰქონდეთ უფრო მაღალი ხარისხის პოლიტიკა“.

იაროსლავ კაჩინსკი
იაროსლავ კაჩინსკი
კვირას გამართული კენჭისყრის საბოლოო შედეგებით, დონალდ ტუსკის პარტიას, მემარჯვენე-ცენტრისტულ სამოქალაქო პლატფორმას ერგო ხმების 39,18 პროცენტი. მეორე ადგილზეა იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ თითქმის 30 პროცენტით.

„საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ახლა როგორც არის საქმე, კარგია. ჩვენ კი ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე: გვჯერა, რომ პოლონეთს სჭირდება შორსმიმავალი ცვლილებები“, - განაცხადა კვირას, კენჭისყრის დასრულების შემდეგ იაროსლავ კაჩინსკიმ. მისი პარტია, რომელსაც ტრადიციულად მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთში უაღრესად გავლენიან კათოლიკურ ეკლესიასთან, ყურადღებას ამახვილებდა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურ პრობლემებზე - ინფლაციაზე, დაბალ პენსიებსა და ჯანდაცვის ხარვეზებზე, მოითხოვდა რიგითი პოლონელების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში იაროსლავ კაჩინსკი სერიოზულ კონკურენციას უწევდა პრემიერ-მინისტრის პარტიას, თუმცა, ბოლო ეტაპზე პოზიცია შეუსუსტდა, რის მიზეზადაც ბევრი მიიჩნევს ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამომხატველ განცხადებებს, უწინარეს ყოვლისა, კრიტიკას გერმანიის კანცლერის მისამართით. მაშინ, როცა დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად აღიარებენ მეზობელ გერმანიასთან ტრადიციულად მძიმე ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ტუსკის მცდელობა, რუსეთთანაც გაეუმჯობესებინა ურთიერთობა. 2010 წლის 10 აპრილის ავიაკატასტროფას, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტისა და კიდევ ასამდე ადამიანის, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვაგვარად აფასებენ მოსკოვი და ვარშავა. უფრო ზუსტად, საქმე ეხება ავიაკატასტროფის მიზეზების სხვადასხვაგვარ შეფასებას.

პოლონეთი 2004 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში და ამჟამად, ისტორიაში პირველად, არის ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე. საყურადღებოა, რომ დონალდ ტუსკის პარტიისაგან განსხვავებით, წლევანდელ არჩევნებში დამარცხდნენ მმართველი პარტიები ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრ ქვეყანაში - მათ შორის პორტუგალიაში, ლატვიაში, დანიაში, ირლანდიაში. პოლონეთი გამორჩეულია იმითაც, რომ 2009 წელს, გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ერთადერთი წევრი იყო, რომლის ეკონომიკაც გაიზარდა - მართალია, სულ 1,7 პროცენტით, მაგრამ გაიზარდა...

გავრცელებული ცნობებით, ვარშავაში უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ახალი მმართველი კოალიციის შესაქმნელად. მოსალოდნელი წარმატების შემთხვევაში, ტუსკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ერგება 234 მანდატი სულ 460-ადგილიან პარლამენტში.

საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთში კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს - „პალიკოტის მოძრაობა“, რომელიც მესამე ადგილზეა, სამოქალაქო პლატფორმისა და პარტია სამართალი და სამართლიანობის შემდეგ. მას ხმების 10 პროცენტი ერგო, რაც სენსაციურ წარმატებად ითვლება პარტიის ლიდერის, იანუშ პალიკოტისთვის. მას, ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ჯამბაზად მოიხსენიებენ. 46 წლის ბიზნესმენმა მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა არყის წარმოებით, ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდა, ჯერ სამოქალაქო პლატფორმის წევრი იყო, მაგრამ მას გამოეყო და საკუთარი მოძრაობა შექმნა. სახელი გაითქვა სკანდალური პრესკონფერენციით, რომელზეც ვიბრატორის ქნევა დაიწყო... პალიკოტს ლაპარაკი ეხერხება (სამაგისტრო ნაშრომი კანტის ფილოსოფიაზე აქვს დაცული) და რიტორიკულ ნიჭს, უმეტესწილად, კათოლიკური ეკლესიის, მისი რწმენით, მეტისმეტად დიდი გავლენის გასაკრიტიკებლად იყენებს. ემხრობა ჰომოსექსუალთა ქორწინებას, მიზნად ასახელებს აბორტისა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას. მისი პარტიული სიით პოლონელ პარლამენტარებს შორის პირველად აღმოჩნდება ტრანსსექსუალი - ანა გროდზკა.

სხვა მხრივ, პოლონეთის პარლამენტში, ან მთავრობის მუშაობაში თვალშისაცემი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივია, არ არის მოსალოდნელი ცვლილებები არც დონალდ ტუსკის მთავრობის საგარეო-პოლიტიკურ კურსში და, შესაბამისად, არც საქართველოს მიმართ, ტრადიციულად, მეგობრულ დამოკიდებულებაში. ამ კეთილგანწყობაზე არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული პოლონეთის ლიდერებს, უნდა ითქვას, მათი პარტიული კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად.
XS
SM
MD
LG