Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონი ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი


თბილისის მერია ახალი ინიციატივით – სატრანსპორტო ვაუჩერით გამოდის. მერიის ინფორმაციით, 5-ლარიან ვაუჩერს საქალაქო ტრანსპორტის ყველა ის მგზავრი მიიღებს, ვისაც 17 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით ერთხელ მაინც აქვს გადახდილი. მოქალაქეებს შეუძლიათ, 17 ოქტომბრიდან 1-ელ იანვრამდე მათთვის სასურველ მეტროსადგურის სალაროში მივიდნენ და გაააქტიურონ ბარათზე 5 ლარი.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 17 ოქტომბრის დილას, მეტროსადგურ ”ავლაბარში” მყოფ მგზავრებს პირადად შეატყობინა ამბავი იმის შესახებ, რომ ყველა ის მგზავრი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც უსარგებლია სატრანსპორტო ბარათით, 1-ელ იანვრამდე, ერთჯერადად ხუთლარიან სატრანსპორტო ვაუჩერს მიიღებს. ერთგვარი შეხიდება თბილისელებისათვის, რათა შევუმსუბუქოთ მათ ფასების მატებასთან დაკავშირებული პრობლემები - ასე ხსნის თბილისის მერი გიგი უგულავა სატრანსპორტო ვაუჩერის გაცემის მიზეზს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება: ”ეს არის დახმარება თბილისელებისათვის, რათა შევუმსუბუქოთ მათ ყოველდღიური ხარჯები – სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო ნივთების გაძვირების ფონზე”.

იმდენად არასერიოზული გადაწყვეტილებაა, რომ ძალიან მიჭირს რაიმე სერიოზული და შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება. თუმცა, თუ ეს არის პირველი ფურცელი წინასაარჩევნო კამპანიისა...
როდესაც საუბარი ხარჯების შემცირებას და, მითუმეტეს, ტრანსპორტის ხარჯების შემცირებას ეხება, კარგი იქნება, თუკი არც თუ შორეულ წარსულში სატრანსპორტო სფეროში განვითარებულ ცვლილებებს გავიხსენებთ. ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერების დარიგებას, მიმდინარე წლის ივლისში წინ უძღოდა მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაძვირება. თუმცა, მაშინ მერიამ ფასის ზრდაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ფასებს ბაზარი არეგულირებს. მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირებას კი გასული წლის ნოემბერში წინ კიდევ ერთი სატრანსპორტო ცვლილება უძღოდა, რომელიც ყვითელ ავტობუსებს ოპტიმიზაციის სახით შეეხო, ანუ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ორივე ცვლილებას მგზავრთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც, თავისთავად, ხარჯების გაზრდას უკავშირდებოდა.

თუკი ისევ აწმყოს დავუბრუნდებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ 17 ოქტომბრიდან მეტროსადგურებში გრძელი რიგები დგას. სატრანსპორტო ვაუჩერების გააქტიურებას მოქალაქეები დილიდანვე, ასე ვთქვათ, აქტიურად შეუდგნენ. 21 წლის ნათია მეტროსადგურ ”რუსთაველში” სატრანსპორტო ბარათზე თანხის ჩასარიცხად ჩვეულებისამებრ მივიდა, თბილისის მერიის ინიციატივის შესახებაც სწორედ იქ გაიგო. მოვუსმინოთ მას და მასთან ერთად ხუთლარიანი ვაუჩერის მოლოდინში, გრძელ რიგში მდგარ თბილისელებს:

- თითქმის ყოველ დღე ვმგზავრობ მეტროთი, მართლა კარგი შეღავათია.
- საერთოდ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, არც ხუთს, არც ათს... ათჯერ წავალ-მოვალ და ეგ იქნება.
- აბა, ამხელა რიგში ვინ ჩადგება, შერავათი რომ არ იყოს?
- აი, გახარებულია ხალხი, რომ ხუთი ლარი ჩაერიცხებათ. თუკი მსგავსი ტიპის აქციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ამაზე უკეთესს რას გააკეთებენ.
- რა არის ჩადებული ამაში, არ ვიცი, რა მიზანი და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვერ გეტყვით.

რა მიზანი ამოძრავებდა თბილისის მერიას, როდესაც ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო? აღნიშნული ინიციატივის საკუთარი ვერსია აქვს თბილისის საკრებულოს წევრს, რესპუბლიკელ თინათინ ხიდაშელს. მისი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ თბილისის მერიის წამოწყება წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყოს, თუმცა, ის თბილისის მერს ინიციატივას უწუნებს და მას არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ხუთლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუსაბუთებელი აქტივობაა: ”იმდენად არასერიოზული გადაწყვეტილებაა, რომ ძალიან მიჭირს რაიმე სერიოზული და შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება. თუმცა, თუ ეს არის პირველი ფურცელი წინასაარჩევნო კამპანიისა და ამას მოჰყვება მსგავსი ტიპის, საზოგადოების მოსყიდვაზე ორიენტირებული მოქმედებები საბიუჯეტო რესურსის ხარჯზე, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვეძლება ამ თემაზე უფრო სერიოზულად ვისაუბროთ”, – მიაჩნია თინა ხიდაშელს.

ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერების გაცემას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებაში ვაჟა ბერიძე გაუმართლებელ ნაბიჯად მოიაზრებს. მისი თქმით, როგორც ეთიკური და ზნეობრივი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მზგავსი ტიპის ერთჯერადი დახმარებები მიუღებელია.

როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, დღესდღეობით, სატრანსპორტო ვაუჩერით, დაახლოებით, მილიონი ადამიანი სარგებლობს. ანუ, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივისათვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ხუთი მილიონი ლარით დაფინანსება კი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელ აკაკი ჯოხაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტში გაჩენილმა შეღავათმა უზრუნველყო: ”რეგულარული მგზავრებისათვის ქალაქში სხვადასხვა ტიპის შეღავათის გავრცელებას ვფიქრობდით. იმის ხარჯზე, რომ ქალაქის ბიუჯეტში გარკვეული ტიპის შეღავათი შეიქმნა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი, რითაც მოსახლეობას ნაწილობრივ მაინც შევუმსუბუქებდით ქალაქში გადაადგილების ხარჯს”, – ამბობს აკაკი ჯოხაძე.

რაც შეეხება ქალაქში გადაადგილების ხარჯის შემსუბუქებას, თბილისის მერიის, ასე ვთქვათ, უხეში გამოთვლებით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ათთეთრიანი ტარიფით სარგებლობენ, შესაძლოა, ხუთლარიანი ვაუჩერი ერთი თვის განმავლობაში ეყოს. დანარჩენი მგზავრებისათვის კი, იმის გამო, რომ ქალაქში გადაადგილება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით 50 თეთრიდან 80-თეთრამდე მერყეობს, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება საკმარისი.
XS
SM
MD
LG