Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ გეგეშიძე - პოლიტოლოგი


9 ოქტომბერი, კვირა
ამ დილით ჩამოვფრინდი თბილისში. ხანგრძლივი მგზავრობა გამომივიდა. მიუხედავად კარგი რეპუტაციისა, „იუნაიტედის“ რეისმა დამაღალატა და მიუნხენიდან თბილისში მომავალ დილის რეისს ვერ ჩამოუსწრო. მთელი დღე მიუნხენის აეროპორტში ვიყურყუტე, დროის მოკვლის მიზნით ბევრჯერ ავიარ-ჩავიარე ბზვინვარე ვიტრინების წინ... Burberry, Escada, Ermenegildo Zegna… მერე, რა ხეირი? ყველაფერს იმოდენა ფასები ადევს, შიგნით მხოლოდ ექსკურსიაზე თუ შევა კაცი. ერთადერთი ხეირი რეისის დაგვიანებისგან ის იყო, რომ შევძელი ინგლისი-საფრანგეთის თამაშის ნახვა. გამახარა საფრანგეთის რიგებში ჩვენი თანამემამულის, დიმიტრი იაშვილის კარგმა თამაშმა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საფრანგეთის ნაკრების სენსაციურ გამარჯვებაში. მართალია, რაგბის წესები ბოლომდე არ მესმის, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ამ თამაშის მიმართ ინტერესი გამიღვივა. თამაში ძალიან ლამაზი და დაძაბული გამოვიდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. აი, რეისისთვის რომ ჩამომესწრო, თამაშს ვერ ვნახავდი. ჯერჯერობით „ლუფტჰანზის“ რეისებზე პირდაპირი ტელერეპორტაჟების ნახვის საშუალება მგზავრებს არა აქვთ. ალბათ, ასე, 10 წლის მერე ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. იმედია, მოვესწრები...

სახლში დილაუთენია მივედი. რამდენიმე საათში რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების სხვა მეოთხედფინალური თამაშების ტრანსლაცია იწყებოდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, პირველი თამაში გამოვტოვე: დილის ცხრა საათზე ღრმად მეძინა. მეორე თამაში კი ვნახე - დიდებული სანახაობა იყო! ახალმა ზელანდიამ საჩემპიონო თამაში აჩვენა. ეს ნამდვილად გასახარი ამბავია: ახალი ზელანდია ხომ ჩვენსავით პატარა ქვეყანაა... და რა რაგბის თამაშობს! ეგებ, ოდესმე ჩვენც შევძლოთ იგივე.

დღის მეორე ნახევარში ჩემს ოჯახთან ერთად ქალაქში გავედით სასეირნოდ. თბილისობა იყო. ტრადიციულად, თბილისობა ოქტომბრის ბოლოსკენ ტარდებოდა-ხოლმე, მაგრამ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობამ კალენდარული დრო დააჩქარა. თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლი ჯერ კიდევ საქართველოს, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშის ფერებში შეკაზმული დაგვხვდა. ორი დღით ადრე ამ ადგილას პრეზიდენტ სარკოზის „ისტორიული სიტყვა“ უთქვამს. კვლავ დაუდასტურებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ჩვენი ევროპული მისწრაფებებიც შეუქია. ეჰ, კარგი იქნებოდა იმ ავადსახსენებელი აგვისტოს დღეებში პრეზიდენტ სარკოზის მიერ გამოვლენილი დიპლომატიური ჟინი და ენთუზიაზმი ერთი-ორი წლით ადრე გვეხილა. ეგებ, იმ ომამდე საქმე არც მისულიყო. Vous êtes d'accord, monsieur le Président? მაგრამ სულ უმადურობაც რომ არ გამოგვივიდეს, მაინც მადლობა ვუთხრათ იმისთვისაც, რაც გააკეთა. მაგრამ, აი, „მისტრალი“ რომ მიჰყიდა რუსეთს, ამას ნამდვილად ვერ მოვუწონებთ.

თავისუფლების დღიურები - არჩილ გეგეშიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:18 0:00

10 ოქტომბერი, ორშაბათი
წუხელ კარგად გამოვიძინე და სამსახურში „ჯეტლეგის“ გარეშე წავედი. ერთი კვირით წასულს, უამრავი წვრილმანი თუ მსხვილმანი საქმე დამხვდა. მუშაობა ნამდვილად არ მეზარება, მაგრამ ერთი კვირით საქმეებისგან მოწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ ეს უცხოეთში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული, „მორჩენილი“ თუ ახალი საქმეებისკენ მიბრუნება ყოველთვის მიჭირს. არადა, სანამ მოვწყდები ხოლმე საქმეს, წინასწარ ვგეგმავ: აი, რომ დავბრუნდები, პირველ ორ დღეში ამა და ამ საქმეს გავაკეთებ, შემდგომ სამ დღეში - კიდევ სხვას და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, ხელახალ აკლიმატიზაციას და ადაპტაციას იმდენი დაუგეგმავი დრო მიაქვს, რომ მუდმივად გრაფიკის ჩამორჩენით მიწევს მუშაობა. ბოლოს, როდესაც ყველაფრის „დედლაინი“ ერთად მოახლოვდება, ავრალური წესით, ხშირად ღამისთევითაც, „ვასწორებ ჩამორჩენას“ და ყოველივე ამის გამო იმ მომენტში თვითკმაყოფილებას განვიცდი. ალბათ, ცუდი ჩვევაა, მაგრამ მისგან განთავისუფლება რთულია.

11 ოქტომბერი, სამშაბათი
ქართული სტანდარტების მიხედვით სამსახურში, როგორც წესი, ადრე მივდივარ. ამჯერადაც ადრე მივედი. საქმე ის არის, რომ მე და ჩემი მეუღლე ტერიტორიულად ერთ უბანში ვმსახურობთ, ის კი სამსახურში ათის ნახევარზე უნდა გამოცხადდეს. ვინაიდან ოჯახში ერთი მანქანა გვყავს, ერთად მგზავრობა გვიწევს. მანქანა კი ერთი გვყავს, მაგრამ სამაგიეროდ - კომფორტული. „სიდი-ჩეინჯერს“ შეძლებისდაგვარად ვაახლებთ ახალი ჩანაწერებით. ამჯერადაც უცხოეთში მოგზაურობიდან მორიგი „სიდი“ ჩამოვიტანე. ამ ბოლო დროს ცნობილი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებების „გაჯაზებული“ ვერსიების მოსმენა შემიყვარდა. საკმაოდ კარგი კოლექციაც დამიგროვდა: ბახი, ბეთჰოვენი, ჰენდელი, ჩაიკოვსკი ჯაზ-კვარტეტის ან ჯაზ-პიანისტის შესრულებით! რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსიკის სხვა ჟანრი არ მომწონს. შეიძლება სტივი უანდერი, სტინგი ან პოლ საიმონი არ მოგწონდეს? შეიძლება ვინმემ დამძრახოს, შენ რა პატრიოტი ხარ, ქართული მუსიკა სულ არ გყვარებიაო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ, გულახდილად თუ ვიტყვი, მანქანაში მოსასმენად მაინც უცხოურს ვამჯობინებ. მე და ჩემს მეუღლეს, ორივეს გვსიამოვნებს, რომ მუსიკალური გემოვნება მსგავსი გვაქვს. ამიტომ „სიდი“ იქნება, თუ FM-რადიო, ერთმანეთს არ ვეკამათებით, რას მოვუსმინოთ. ძალიან გვახარებს, რომ ჩვენს ქალიშვილსაც, რომელსაც, ბუნებრივია, „ტინეიჯერული“ გატაცებებიც აქვს, ნორმალური გემოვნება ჩამოუყალიბდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მიგვაჩნია.

სამშაბათი ერთი რიგითი სამუშაო დღე აღმოჩნდა. თუმცა, იმ დღეს საღამომდე შემოვრჩი. ჩვენთან ხშირად იმართება მრგვალი მაგიდები თბილისში მოღვაწე დიპლომატებისა თუ სტუმრად მყოფი მოქმედი ან გადამდგარი უცხოელი ჩინოვნიკების, ანდა მკვლევრების მონაწილეობით. ამჯერადაც ერთი გერმანელი მკვლევარი გვსტუმრობდა, რომელმაც „გაჭრილი ტექსტით“ განგვიმარტა, თუ რატომ არ გვიჭერს გერმანია მხარს ნატოში გაწევრიანების საკითხში და დაამატა, რომ მიუხედავად პატივცემული სარკოზის გამამხნევებელი გზავნილებისა, გერმანია მაინც მაგრად დადგება და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, სადაც უნდა იყოს, ყველგან დაბლოკავსო. სახლში არცთუ კარგ გუნებაზე დავბრუნდი.

ხასიათი ისევ ნიტამ, ჩემმა ქალიშვილმა, გამომისწორა, როდესაც სახლში დაბრუნებულს მახარა, ბიოლოგიასა და ქართულ წერაში ათიანები მივიღეო!

ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი
„სტრანა რადნაია ა-ზ-ე-რ-ბ-ა-ი-ჯ-ა-ნ, ჯან... ჯან!“ არ ვიცი, როდის და რატომ აეკვიატა ეს საღიღინო ფრაზა ალიკა რონდელს, ჩვენი ფონდის პრეზიდენტს, რითაც ყოველ დილას იგი ჩვეული და თან გადამდები ოპტიმიზმით და მხიარულებით ამცნობს თავის მოსვლას თანამშრომლებს. ოთხშაბათი დღეც ასე დაიწყო. ჩვენი ოფისი იმგვარად არის დაგეგმარებული, რომ ალიკას ხმის ტემბრით ჩაღიღინებული ეს ფრაზა სამივე სართულზე შთამბეჭდავი აკუსტიკური ეფექტით გაისმის. განსაკუთრებით მხიარულობენ ჩვენთან მყოფი უცხოელი სტაჟიორები და მკვლევრები.

თავს უფლებას ვაძლევ, იგი საჯაროდ პირდაპირ ალიკას სახელით მოვიხსენიო, ვინაიდან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა, ბოლო წლებში კი მეგობრობა გვაკავშირებს. მართალია, მე და ალიკას დროდადრო სახელისუფლებო პოლიტიკის ამა თუ იმ მიმართულების შესახებ კამათი გვიწევს, მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. საერთოდ, იგი, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უნიკალური პიროვნებაა. მასთან მუშაობა ყველას სიამოვნებს. იუმორი, ერუდიცია და კოლეგიალობა - ეს ის თვისებებია, რაც მასში ყველას მოსწონს. ამავე დროს, ალიკა უაღრესად ლიბერალი ხელმძღვანელია. იმდენად ლიბერალი, რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ფონდი თვითმენეჯმენტის რეჟიმში ფუნქციონირებს. შენ ერთდროულად თვითონ ხარ შენი თავისთვის დავალების მიმცემიც და შენი თავისადმი ანგარიშვალდებულიც. მართვის ეს ერთგვარი laisser faire-ის ფორმა სხვაგან, შესაძლოა, არ გამოდგეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამართლებს - მაქსიმალურად წახალისებულია ინიციატივიანობა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთ გუნდად ვრჩებით. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თითოეულ ჩვენგანში არსებული საქმისადმი, უფრო ზოგადად კი ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციისადმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამოა შესაძლებელი.

13 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ხუთშაბათი დატვირთული დღე გამოდგა - საქმითაც და ემოციითაც. ბევრი რუტინის პარალელურად ორი საინტერესო რამ მოხდა. თავიდან მინდა აღვნიშნო საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გამართული ლექცია, რომელიც საქართველოში თურქეთის ელჩმა წაიკითხა. ბევრი საინტერესო თუ საკამათო თეზისი გააჟღერა ბატონმა ელჩმა, მაგრამ დამსწრე სტუდენტები თუ ლევანის ჭაღარაშერეული მეგობრები და კოლეგები კმაყოფილი დარჩნენ გულახდილი საუბრით, რაც დიპლომატს ხშირად არ ჩვევია. ვცდილობ, ამგვარი ღონისძიებები, არ გამოვტოვო. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი ლევანის ხსოვნას უკავშირდება, ჩვენი სამეგობროს თავშეყრის საბაბიც არის. ისეთი ცხოვრება დადგა, რომ ერთმანეთს ზოგჯერ თვეობით ვერ ვნახულობთ. მომიზეზება ბევრი რამის შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, რაც დრო გავა, სულ უფრო მეტად გავაცნობიერებთ, რომ ვცდებოდით, როდესაც სხვა საქმეებს ვანიჭებდით უპირატესობას. ლევანი რომ ჩვენთან აღარაა, ეს ხომ სწორედ ამაზე მიანიშნებს.

სამსახურში რომ დავბრუნდი, მობილურზე ზარი გაისმა: „ბიჭი გვყავს!“ - სიხარულით მამცნო ჩემმა დეიდაშვილმა ანიმ ამქვეყნად მისი შვილიშვილის მოვლინება. უზომოდ გამიხარდა! წარმოვიდგინე, როგორ გაიხარებდა დეიდაჩემიც, რომელსაც ჩემზე დიდი ამაგი აქვს გაწეული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელი მისი შერჩეული მქონია. სამშობიაროს წინ მოლოდინში მამაჩემს დეიდაჩემისთვის სახელების სია მიუცია და უთქვამს - „ნორაჯან, თვალი დახუჭე და თითის დადებით შენ ამოირჩიე სახელიო“. დეიდაჩემის თითიც პირდაპირ არჩილზე შეჩერებულა.

14 ოქტომბერი, პარასკევი
მივლინებიდან დაბრუნებულს, უაღრესად გამოცოცხლებული დამხვდა პრესა და ტელევიზია. ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებო. მთელი კვირაა, ყველა ამ თემაზე საუბრობს. თუმცა, დავაზუსტებ - შედარებით ნაკლებად ისმის მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მაღალჩინოსნების კომენტარები. ერთნი ამბობენ, დაბნეული არიანო, მეორენი - ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაცას ამზადებენ და ამიტომ არიან გასუსულებიო. მათი რიგებიდან ერთი-ორი ვითომ უშიშარი იხტიბარს არ იტეხს და გვარწმუნებს, სულაც არა ვართ პანიკაშიო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა ძალთა დღევანდელი ბალანსის სამომავლო ცვლილების ზუსტად განჭვრეტა, ერთი რამ ცხადია: რაღაც აუცილებლად შეიცვლება და ეს აქამდე არხეინად მყოფ მმართველ ელიტას ნამდვილად შეუქმნის დისკომფორტს. არადა, საკითხი მართლაც საინტერესოა - შეძლებს ივანიშვილი რეალური პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას? ამ პიროვნების და მისი გეგმების მიმართ უამრავი კითხვა არსებობს და, ამბობენ, ამ ყველაფერს მალე საკუთარ რეზიდენციაში მოწვეულ პრესკონფერენციაზე ის თავად გასცემს პასუხსო. ამ კაცის გამოჩენამ უზარმაზარი ინტრიგა გააჩინა და, შესაბამისად, უფერულ პოლიტიკურ ყოველდღიურობას სიღაჟღაჟე შესძინა და ბევრში იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

შაბათი, 15 ოქტომბერი
სასაფლაოზე ვარ გასაქცევი. დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, 13 წელიწადია აღარ მინახავს. უსასრულოდ დიდი მეჩვენება ეს დრო. გალიაც უნდა ვნახო, სამი თვის ფული მაქვს მისაცემი. ვიცი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაწკრიალებულს დამახვედრებს მშობლების საფლავს. მერე უნდა დავბრუნდე და რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალს ვუყურო. საფრანგეთი და უელსი ითამაშებენ. ალბათ, საფრანგეთს გავუწევ გულშემატკივრობას. იქ ხომ ჩვენი თანამემამულე თამაშობს.

საღამოს, იმედია, ივანიშვილთან დაკავშირებით ახალი ამბები გაჩნდება. გუშინ როიტერისთვის მიუცია ინტერვიუ, თუმცა მისი შინაარსი ჯერ არავინ იცის. იქნებ დღეს გავრცელდეს მისი ტექსტი. დარწმუნებული ვარ, ყველა ელის რაიმე ახალს - ზოგი შიშნარევი მოლოდინით, ზოგიც - იმედით.
XS
SM
MD
LG