Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მომავალი აქვს ქართულ-ამერიკულ სავაჭრო ურთიერთობებს?


25 ოქტომბერს ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს საქართველოში გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების აღიარებას ამერიკულ ბაზარზე. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს მთავრობის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ უახლოეს მომავალში ქართული პროდუქცია ამერიკული ბაზრისათვის შეიძლება მიმზიდველი გახდეს. ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს საამისოდ არც საკმარისი პროდუქცია აქვს და ვერც ამერიკული ბაზრის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
როდესაც მსოფლიო ეკონომიკა არის საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში, საქართველო ინარჩუნებს ძალიან სერიოზულ მაკროპარამეტრებს...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მსგავს შეხვედრებზე, როგორიც ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ფორუმია, წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესებული ამერიკული კომპანიების რიცხვი:

”ეს ის კომპანიებია, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიციები საქართველოში ან მომავალში გეგმავენ. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა არის საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში, საქართველო ინარჩუნებს ძალიან სერიოზულ მაკროპარამეტრებს, აგრძელებს ეკონომიკურ ზრდას და ამით კიდევ უფრო იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს.”

ამავე პათოსით ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან 25 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე გაფორმებული ორი მემორანდუმის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ლეჟავა:

”ამერიკის საზღვრებს გარეთ ინვესტირების ფონდმა გასცა კრედიტი ქართული კომპანია ”თელიანის ველისათვის” , ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარება და მეორე ამერიკის სტანდარტების ნაციონალურ ინსტიტუტსა და საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომელიც გულისხმობს საქართველოში გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების აღიარებას ამერიკულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას.”
ამერიკის მხარდაჭერაზე ლაპარაკობდა აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც:

”ჩვენ ვხედავთ, რომ წლევანდელ კონფერენციას უფრო მეტი ამერიკული ბიზნესკომპანია ესწრება, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოსთან სამომავლო საინვესტიციო ურთიერთობებით. ვფიქრობ, ეს მიანიშნებს საქართველოს მზარდ პროგრესზე ამ სფეროში და საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენ კვლავაც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.”

ჯერ ჩვენი ექსპორტი საერთოდ მოიკოჭლებს ზოგადად და, მით უმეტეს, შეერთებულ შტატებში ჩვენი პროდუქციის ექსპორტი...
რა შანსი აქვს რეალურად ქართულ პროდუქციას მოხვდეს ამერიკულ ბაზარზე და რა გზა უნდა გაიაროს მან ამისთვის, ან საქართველოს ეკონომიკის რომელი სფეროებია საინტერესო ამერიკული ბიზნესისათვის? ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, რომ დღეს რეალურად საქართველოს უცხოურ ბაზარზე გასატანი ბევრი არც არაფერი აქვს, თუმცა თავისთავად ბაზრების გახსნა ინვესტორების ინტერესის ზრდას ნიშნავს. ნოდარ ხადური ამბობს:

”ჩვენ, ცხადია, იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ თუ ამერიკულ ბაზარზე შეგვიშვებენ კიდეც, ამერიკელები ყველაფერს გვერდზე გადადებენ და მხოლოდ ქართულ ღვინოს ან სხვა პროდუქციას იყიდიან. ჩვენ სერიოზული ხარჯების გაწევა მოგვიწევს, რომ ამ საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი ადგილი დავიკავოთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან მცირე ბაზარი აქვს, ანუ შიდა ბაზარზე ინვესტირებისათვის აქ არავინ შემოვა. ეს სერიოზული ინვესტორისათვის სტიმული არ არის.”

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაც ადასტურებს, ამბობს ხადური, რომ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები ამ ეტაპზე ქვეყნისათვის არც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და, ასეც რომ იყოს, ეს არც ისე ადვილად მისაღწევია:

”ჯერ ჩვენი ექსპორტი საერთოდ მოიკოჭლებს ზოგადად და, მით უმეტეს, შეერთებულ შტატებში ჩვენი პროდუქციის ექსპორტი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ბაზრის სიშორეა და, ამას გარდა, აშშ-ს გარკვეული ბარიერები აქვს დაწესებული, არასატარიფო ბარიერებს ვგულისხმობ, ეს უფრო პროდუქციის ხარისხს ეხება, რომელსაც ჩვენ ჩვენი სტანდარტებით ვერ ვაკმაყოფილებთ.”

გია ხუხაშვილი კი საქართველოს საინვესტიციო რუკის აღწერისას ამბობს, რომ საქართველოში დღეს სერიოზული ამერიკული ინვესტიცია არ არსებობს, ხოლო რაც იყო რამდენიმე კომპანიის სახით, მათ ქვეყანა უკვე დატოვეს:

”ერთი იყო ”მეტრომედია” და მეორე ”ეი ესი” - ორივემ დატოვა ეს ქვეყანა სხვადასხვა მიზეზების გამო. რაც შეეხება ქართული პროდუქციის ექსპორტს შეერთებულ შტატებში, ჩვენ არ გვაქვს, ჩვენდა სამწუხაროდ, საექსპორტო პროდუქცია და თუ რამე გვაქვს, ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ორიენტირებული პროდუქცია, მათ სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქცია.”

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ხუხაშვილის აზრით, მისი გაფორმება, თუ გავითვალისწინებთ რა ეტაპზეა საქართველო ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის არაფრის მომცემი იქნება:

”თუნდაც რომ გაიხსნას ამერიკული ბაზარი, რას შევიტანთ იქ? ჩვენ არ გვაქვს ის პროდუქცია, რაც ამერიკულ ბაზარზე შეიძლება გაიყიდოს, თუნდაც ნულოვანი რეჟიმი გვქონდეს ყველაფერზე”...
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG