Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დაეთანხმა შვეიცარიის შეთავაზებას


რუსეთი დაეთანხმა შვეიცარიელი შუამავლების მიერ მომზადებულ კომპრომისულ წინადადებებს, რასაც საქართველომ 27 ოქტომბერს დაუჭირა მხარი, - რუსეთის მხარის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია 3 ნოემბერს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ჟენევიდან დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა - რუსეთისა და საქართველოს ვერბალური თანხმობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთნ დაკავშირებით წერილობით დოკუმენტებში უნდა აისახოს. დასკვნების გამოტანა ჯერ ისევ ჭირს, რადგანაც რუსეთ-საქართველოს შეთანხმების სრული შინაარსი ჯერ ისევ გასაიდუმლოებულია. მაგალითად, უცნობია, რა ლოგიკა უდევს საფუძვლად სავაჭრო დერეფნების გაგრძელებას გორამდე და ზუგდიდამდე.
ეს შეთანხმება შეესაბამება რუსეთის პოზიციას და, ასე ვთქვათ, არ სცდება მის პრინციპულ ხაზს ვმო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით...

პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა, 8-დღიანი პაუზის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შვეიცარიელი შუამავლების შეთავაზებაზე, 2 ნოემბერს საღამოს გაავრცელეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა და მათ წყაროს წარმოადგენს მაქსიმ მედვედკოვი, რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. ის ამბობს, რომ შვეიცარიული მხარის შეთავაზება მისაღებია მოსკოვისთვის, რამდენადაც ის ”არ სცდება რუსეთის პრინციპულ პოზიციებს“.

3 ნოემბერს, რუს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, მედვედკოვის სიტყვები დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა და დიდი კმაყოფილებაც გამოხატა მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით:

”ეს შეთანხმება შეესაბამება რუსეთის პოზიციას და, ასე ვთქვათ, არ სცდება მის პრინციპულ ხაზს ვმო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით... და ის ასევე შეესაბამება თვითონ ამ ორგანიზაციის ნორმებსა და ნორმატივებს. ამიტომ ეს მისალოცი ამბავია.”

ალექსანდრ ლუკაშევიჩს დეტალებზე არ ულაპარაკია, არც საქართველო უხსენებია და არც ის უთქვამს, რომ 3 ნოემბერს მხარეები ისევ შეიკრიბნენ 2-დღიან მოლაპარაკებებზე ჟენევაში, რათა შვეიცარიული მხარის მიერ შემუშავებული კომპრომისული წინადადებების მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ორმხრივი შეთანხმების წერილობითი დოკუმენტის ტექსტი შეათანხმონ.

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით, ჟენევაში 3 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრა. ამ შეხვედრას ესწრება ასევე საქართველოს მისიის ხელმძღვანელი შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბარში გამორიცხავს ცვლილებებს შვეიცარიული მხარის მიერ შემუშავებული კომპრომისული წინადადებების თავდაპირველ ტექსტში, რომელსაც საქართველო 27 ოქტომბერს, ხოლო რუსეთი 2 ნოემბერს დაეთანხმა:

”სადღაც შეიძლება სასვენი ნიშანი აკლდეს და სადღაც შეიძლება ზმნა იყოს არასწორად. ლაპარაკია მხოლოდ წმინდა ტექნიკური დეტალების დახვეწაზე და გრამატიკულად გასწორებაზე. ტექსტში არაფერი არ იცვლება.”
პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. შესაბამისად, მონიტორები განლაგდებიან მდინარე ფსოუზე...

ტექსტი, რომელიც, ელჩის თქმით, არ იცვლება, ჯერჯერობით ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მცირე ულუფებით, მაგრამ მაინც ჟონავს და, მაგალითად, კომენტარში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ გააკეთა 3 ნოემბერს, ჟენევაში გამგზავრების წინ, მოიცავს მნიშვნელოვან დეტალებს შეთანხმებაში აღწერილ სამ სავაჭრო დერეფანთან დაკავშირებით. მართალია, დოკუმენტში ტერიტორიები არა სახელებით, არამედ გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით იქნება მოხსენიებული, მაგრამ სერგი კაპანაძე ცდილობს განმარტოს, თუ რა ტერიტორიებს მოიცავს ეს დერეფნები:

”პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. შესაბამისად, მონიტორები განლაგდებიან მდინარე ფსოუზე და გააკონტროლებენ ყველაფერს, რაც შემოვა ამ კორიდორში, ანუ რაც შევა აფხაზეთში. მეორე სავაჭრო კორიდორი იწყება როკის გვირაბის ჩრდილოეთით და მთავრდება ქალაქ გორში. შესაბამისად, ყველა ტვირთი, რაც ამ კორიდორში იმოძრავებს, იქნება გაკონტროლებული. ხოლო მესამე სავაჭრო კორიდორი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი.”

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ რა ლოგიკით უნდა განლაგდნენ საერთაშორისო მეთვალყურეები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რას ემსახურება სავაჭრო დეფრეფნების გაგრძელება გორამდე და ზუგდიდამდე. თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განმარტება კონტექსტის ცოდნას მოითხოვს, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე კი ამ კონტექსტის გახმაურება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ელჩი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო კავშირს ითვალისწინებს და ის არ გულისხმობს რუსეთ-საქართველოს საზღვაო საზღვარზე მოძრავი ტვირთების კონტროლს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, შეთანხმებული დოკუმენტი მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც მას რუსეთი და საქართველო მოაწერენ ხელს და ეს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისშია მოსალოდნელი.

შეთანხმებული საკითხები შესაბამისად უნდა აისახოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მომუშავე ჯგუფის საბოლოო 700-გვერდიან ანგარიშში, რომელზე მუშაობაც 10-11 ნოემბერს ჯგუფის დასკვნით სესიაზე უნდა დასრულდეს. ხოლო შემდეგ, 15 დეკემბრის კონფერენციისთვის, განსახილველად მინისტრთა კომიტეტს უნდა გადაეგზავნოს. დიდი ალბათობით, რუსეთი სწორედ 15 დეკემბერს გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG