Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია სერიოზული პოლიტიკური პროცესის მონაწილე იქნება“


რესპუბლიკური პარტიის მე-14 ყრილობა
რესპუბლიკური პარტიის მე-14 ყრილობა
თბილისში დღეს რესპუბლიკური პარტიის მე-14 ყრილობა ჩატარდა. ყრილობას პარტიის 600-მდე დელეგატი დაესწრო. ისინი სპეციალურად ამ ყრილობისთვის შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ფარული არჩევნების საფუძველზე, რესპუბლიკური პარტიის 35-კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად კენჭს იყრიდა 61 კანდიტატი, ხოლო 5-კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად - 10 კანდიდატი. დღესვე ახლად არჩეულმა ეროვნულმა კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მომდევნო ორი წლით დავით უსუფაშვილი დატოვა, რაც წინასწარ იყო მოსალოდნელი, რადგან პარტიის ლიდერები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პარტიის შიგნით ცვლილებებს არ მიესალმებოდნენ.
მინდა მივულოცო ნაცმოძრაობას. დიახ, მათ მოახერხეს და რესპუბლიკურ პარტიას ჩამოაშორეს ყველა შესაძლო კერძო დონორი...

რესპუბლიკური პარტიის მე-14 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პარტიაში არსებული ვითარება შეაფასა. მან ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში ოპონენტებზე ახორციელებდა; აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტია ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა რეგიონებში არსებული 45 ოფისიდან 39 დაეხურა:

”მინდა მივულოცო ნაცმოძრაობას. დიახ, მათ მოახერხეს და რესპუბლიკურ პარტიას ჩამოაშორეს ყველა შესაძლო კერძო დონორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტიის ანგარიშზე თვეში 100-200 ლარი ირიცხება, როგორც კერძო შემოწირულობა, საბიუჯეტო დაფინანსება კი თვეში 11 ათას ლარამდეა. ეს არის ის დაფინანსება, რომლითაც საერთოდ ვარსებობთ. მაგრამ ამით რესპუბლიკური პარტიის შემართება და ბრძოლისუნარიანობა ვერ შესუსტდა.”

ამ ფონზე კი რესპუბლიკური პარტიისთვის უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან არის დაკავშირებული, ახალი მიზნებისკენ სვლის სტიმული გახდა.
ამ გამოცდილებით ჩვენ თამამად უნდა წავიდეთ წინ და დავისახოთ ამოცანად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობის წევრობა...

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური კურსი ორიენტირებული იქნება იმ ერთობის ჩამოყალიბებაზე, რაც არის ანონსირებული - ეს არის ბიძინა ივანიშვილის, თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ერთობის ჩამოყალიბება. ამ ერთობის ჩამოყალიბების შედეგად კი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანაპარტიელებს უმრავლესობის წევრებს შორის ხედავს:

”ამ გამოცდილებით ჩვენ თამამად უნდა წავიდეთ წინ და დავისახოთ ამოცანად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობის წევრობა.”

დავით უსუფაშვილისვე განცხადებით, ძალიან მალე რესპუბლიკური პარტია სერიოზული პოლიტიკური პროცესის მონაწილე გახდება:
გამიხარდება, თუ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს ვნახავთ ეროვნულ კომიტეტში...

”ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან მალე - შესაძლოა ამ წლის ბოლომდე - ჩვენ რეალურ საქმეში ვიქნებით ჩართული ყველა ატრიბუტით, გეგმით, სქემით და წარმომიდგენია, რომ რესპუბლიკური პარტია სერიოზული პოლიტიკური პროცესის სერიოზული მონაწილე იქნება.”

სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრის გარდა, რესპუბლიკური პარტიის დელეგატები დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებითაც იყვნენ დაკავებული, მათ 35-კაციანი ეროვნული კომიტეტი და 5-კაციანი სარევიზიო კომისიაც აირჩიეს.

პარტიის ლიდერები კენჭისყრამდე აცხადებდნენ, რომ მოცემულ პოლიტიკურ ვითარებში ახალი თავმჯდომარის არჩევა უმართებულო იქნებოდა და ვარაუდობდნენ, რომ თანამდებობას დავით უსუფაშვილი შეინარჩუნებდა.
ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

”დარწმუნებული ვარ, ცვლილება იქნება, ძირითად ბირთვს ჩვენ შევინარჩუნებთ. გამიხარდება, თუ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს ვნახავთ ეროვნულ კომიტეტში. ეროვნული კომიტეტი, თავის მხრივ, აირჩევს თავმჯდომარეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ ყრილობაზე თავმჯდომარეს არ შევცვლით და ავირჩევთ ისევ დავით უსუფაშვილს”, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე.

რესპუბლიკური პარტიის მომავალი ყრილობა, პარტიის წესდების მიხედვით, ორ წელიწადში ჩატარდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG