Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ბაზარზე შემოდის ”იოტა რიდერი” და ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზია


15 ნოემბრიდან ქართული საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი ლიტერატურული პორტალი www.lit.ge კონცეფციას მთლიანად იცვლის და პირველ ქართულ ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზიად გადაიქცევა. ქართული კლასიკა მთლიანად, თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების ელექტრონული წიგნები, ახალი თარგმანები... ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, საავტორო უფლებები - დაცული, ელექტრონული წიგნები, ნაბეჭდ წიგნებთან შედარებით, - გაცილებით იაფი. და რაც მთავარია, ელექტრონული წიგნების მაღაზიას ბაზარზე ახალი ქართული ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა ”იოტა რიდერი” შემოაქვს.

”იკითხე ყველგან და იკითხე კომფორტულად ” - ეს ახალი ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზიის მთავარი დევიზია. სხვანაირად ამ პროექტს მისი ავტორები “წიგნების წყალდიდობასაც“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს იქნება მკითხველების და ავტორების შეხვედრის ადგილი ვირტუალურ სივრცეში. ეს შეხვედრა მალე შედგება მისამართზე www.lit.ge. პროექტის ერთ-ერთი ავტორი, შპს. ”ლითერასის” დირექტორი ავთო სულაძე ამბობს, რომ ელექტრონული წიგნების გაყიდვამ ამერიკასა და ევროპაში უკვე გადააჭარბა ქაღალდის წიგნების გაყიდვის მაჩვენებელს, საქართველოში კი ეს პროცესი ახლა იწყება:

”ჩვენც არ ვაპირებთ ამ ტენდენციას ჩამოვრჩეთ, ამიტომაც წამოვიწყეთ ეს პროექტი. მსოფლიოში ელექტრონული წიგნი სულ უფრო დიდ ადგილს იმკვიდრებს...”
დასაწყისისათვის ჩვენს საიტზე 200-ზე მეტი ქართულენოვანი წიგნი იქნება - თანამედროვე ავტორებიც, მაგალითად, გურამ დოჩანაშვილი...

ელექტრონული წიგნების მაღაზიაში იქნება ყველა ის ქართული და ქართულად ნათარგმნი წიგნი, რაც კი დღეს ელექტრონულ ფორმატში არსებობს. პარალელურად მომზადდება ახალი წიგნების ელექტრონული ვერსიებიც. მიზანი ერთია - მკითხველმა ელექტრონულ მაღაზიაში ყველა ის წიგნი იპოვოს, რისი მოძებნაც ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიის თაროზეა შესაძლებელი. ქართული კლასიკა, მთლიანად, www.lit.gე-ს მაღაზიაში უფასო იქნება. პროექტის კოორდინატორი პაატა სირბილაძე მოგვითხრობს უფრო დეტალურად:

”დასაწყისისათვის ჩვენს საიტზე 200-ზე მეტი ქართულენოვანი წიგნი იქნება - როგორც თანამედროვე ავტორები, მაგალითად, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ბესო ხვედელიძე და სხვები, ასევე ქართველი კლასიკოსები და უცხოენოვანი თარგმანები. განთავსდება უცხოენოვანი წიგნებიც ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად. ესენი ძირითადად უფასო წიგნები იქნება, რომლებზეც საავტორო უფლებების პრობლემა არ არის, თუმცა პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო გამომცემლობებთანაც და მათი წიგნების განთავსებასაც ვგეგმავთ. მათი ფასი იქნება ოდნავ მაღალი, ვიდრე დღეს საიტზე განთავსებული წიგნებისა. მაგალითად, დღეს ჩვენთან ყველაზე ძვირი წიგნი არის გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი - ღირს 4.80 ლარი და მისი ბეჭდური ვერსია მასზე სამჯერ ძვირია.”

პაატა სირბილაძე მკითხველებისათვის განმარტავს, რომ ელექტრონული წიგნები ე. წ. pdf ფორმატში წასაკითხი წიგნებისგან იმით განსხვავდება, რომ ელექტრონული წიგნი კითხვისთვის სპეციალურად შექმნილი კომფორტული ფორმატია, რომელშიც შესაძლებელია შრიფტის ფორმის და ზომის შეცვლა. რაც მთავარია, ელექტრონული წიგნების მაღაზიაში წიგნები დაცული იქნება:

”ჩვენი წიგნები დაშიფრული იქნება, რაც ნიშნავს, რომ მათი წაკითხვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად ამ წიგნებისათვის შექმნილი ელექტრონული წამკითხველის, ”იოტა რიდერის” მეშვეობით ან სპეციალური აპლიკაციების დახმარებით - კომპიუტერში, ნოუთბუქებში და სულ მალე მომზადდება ვერსიები აიპადისა და ტაბლეტებისათვის, რომელთა რაოდენობა ბაზარზე სულ უფრო იზრდება. ყველა ეს წიგნი დაცულია არასანქცირებული გავრცელებისგან სპეციალური პროგრამით. ”იოტა რიდერის” მფლობელი ჩვენს საიტზე არეგისტრირებს თავის მოწყობილობას, რის მერეც წიგნების გადაწერა სხვა მოწყობილობაზე შეუძლებელი ხდება.”
წიგნი იდება საიტზე, იყიდება, მაღაზია თავის საკომისიოს იღებს, ხოლო დანარჩენი თანხა ავტორისა თუ გამომცემლის ანგარიშზე მიდის...

„იოტა რიდერზე“ ოდნავ მოგვიანებით ვიტყვით. ჯერ ვნახოთ როგორ თანამშრომლობენ გამომცემლები და წიგნების ავტორები ელექტრონული წიგნების მაღაზიასთან. ავთო სულაძე გვიყვება, რომ ისინი შეთავაზებული წიგნების ელექტრონულ ვარიანტს ამზადებენ, ავტორთან შეთანხმებით ადებენ ფასს (რაც ნაბეჭდ წიგნზე გაცილებით დაბალია) და ათავსებენ მაღაზიის ვირტუალურ თაროზე. სპეციალური სამართავი პანელის მეშვეობით ავტორი და გამომცემელი თავად აკონტროლებს წიგნის გაყიდვას, არეგულირებს ფასს და აქციებსაც კი აწყობს - ყველა მისი აქტივობა კი ფეისბუქის საავტორო გვერდზეც აისახება:

”წიგნი იდება საიტზე, იყიდება, მაღაზია თავის საკომისიოს იღებს, ხოლო დანარჩენი თანხა ავტორისა თუ გამომცემლის ანგარიშზე მიდის. ასევე, გამყიდველს შეუძლია არეგულიროს ფასი, - ასწიოს ან, პირიქით, დააკლოს, - მოაწყოს სხვადასხვაგვარი აქცია და ა.შ.“
ეს მოწყობილობა, სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან შედარებით, ძვირია. ის 350 ლარი ღირს, მაგრამ არის ადაპტირებული ქართული ბაზრისთვის...

მკითხველი საიტზე ჩვეულებრივი წესით რეგისტრირდება. ის კლასიკურ ლიტერატურას უფასოდ წაიკითხავს, დანარჩენ ლიტერატურას კი სურვილის მიხედვით ირჩევს და ელექტრონული გადარიცხვის გზით ყიდულობს. აი, აქ უკვე შეგვიძლია დროულად ვახსენოთ ”იოტა რიდერი”, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ”კინდლის” მსგავსი, ოღონდ მთლიანად ქართულად დაფორმატებული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ასევე www.lit.ge-ს ბრენდია. იოტას დარქმევის იდეა კი პირველი ქართული ელექტრონული წამკითხველისათვის პაატა სირბილაძეს გაუჩნდა:

”ეს მოწყობილობა, სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან შედარებით, ძვირია. ის 350 ლარი ღირს, მაგრამ არის ადაპტირებული ქართული ბაზრისთვის - ქართულად კითხვისთვის, ქართული მენიუთი და პლუს ამას, მას მოჰყვება ასი უფასო წიგნი - მთლიანად ქართული კლასიკა და სხვა საინტერესო საკითხავი.”

ელექტრონული წიგნების მაღაზია 15 ნოემბრიდან გაიხსნება. თქვენი არჩევანია იქ განთავსებულ ელექტრონულ წიგნებს კომპიუტერში წაიკითხავთ თუ “იოტა რიდერით” თან გაიყოლებთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG