Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გრძელდება დაპირისპირება


ეგვიპტეში გრძელდება პოლიტიკური დაპირისპირება და შეტაკებები მიუხედავად ქვეყნის მმართველი სამხედროების წინადადებისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გეგმაზე ადრე გაიმართება.

ეგვიპტეში დაძაბულობა ვერ განმუხტა ქვეყნის დროებითი ლიდერის, მარშალ ჰუსეინ ტანტავის კომპრომისულმა წინადადებამ საპრეზიდენტო არჩევნების 2012 წლის შუა პერიოდში ჩატარების თაობაზე. აქამდე ქვეყნის მმართველი სამხედრო საბჭოს გეგმა ითვალისწინებდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2012 წლის მიწურულს, ან 2013 წელს. ტანტავი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს და სათავეში მოექცა სამხედრო საბჭოს თებერვალში მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ, სახელმწიფოს დე ფაქტო ლიდერია. ამასთან, ის ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, რომელსაც უთავსებს ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას.

სამშაბათს ტანტავიმ სატელევიზიო მიმართვაში პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება შვიდთვიან პერიოდში, მოახლოებული, 28 ნოემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ტანტავის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნები დროულად ჩატარდება და საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება 2012 წლის ივნისის მიწურულამდე. შეიარაღებული ძალები, რომლებიც წარმოდგენილია უზენაესი საბჭოს მიერ, არ მიისწრაფვის მმართველობისაკენ და პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ინტერესებს. სამხედროები მზად არიან, დაუყოვნებლივ გადასცენ პასუხისმგებლობა (სამოქალაქო მთავრობას) და დაუბრუნდნენ თავიანთ მთავარ პასუხისმგებლობა, დაიცვან ხალხი, თუ ხალხს სურს და ეს შეიძლება მოხდეს ეროვნული რეფერენდუმის მეშვეობით, თუ ამას ვითარება მოითხოვს“, განაცხადა ეგვიპტის სამხედრო ლიდერმა სატელევიზიო მიმართვაში.

მაგრამ ტანტავის დაპირებამ ვერ დააკმაყოფილა კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე სამშაბათს საღამოს შეკრებილი 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი. ბევრი მათგანი ამბობს, რომ არ სჯერა ტანტავის დაპირებების და მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოეღოს ბოლო სამხედრო მმართველობას.

მუბარაკის მმართველობის დამხობის შემდეგ, ეგვიპტელებში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს ტანტავის სამხედრო საბჭო სახელწოდებით „შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო“, რომელსაც მიიჩნევენ მუბარაკის რეჟიმის გაგრძელებად - რეჟიმად, რომელიც დისიდენტების დევნას განაგრძობს. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებსაც ითვალისწინებს დროებითი მთავრობის მიერ შემუშავებული წინადადება, არმია აღარ დაექვემდებარება სამოქალაქო კონტროლს.

კაიროში, ტაჰრირის მოედანზე მყოფ დემონტსრანტებს შორის არის მუჰამედ ალ-აბდი, რომლის თქმითაც, მოედანზე შეკრებილი ხალხი „კარგი ხალხია, ექიმები და ინჟინრები არიან, კარგი განათლებით. კულტურული ხალხია. სულაც არ არიან ბანდიტები. იმიტომ წამოვედი იქიდან, სადაც ვცხოვრობ - ბეჰეირიდან, რომ აქ მოვსულიყავი და მე თვითონ მენახა, ეს დემონსტრანტები მართლები არიან თუ არა. უშიშროების ძალები ცეცხლს უკიდებენ სახლებს და ამბობენ, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ. დილიდან საღამომდე გვესვრიან აალებად ყუმბარებსა და ტყვიებს. ღმერთს გეფიცებით! ჩემს გვერდით დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, მაგრამ თქვა, რომ მაინც დაბრუნდება. ისინი გვესხმიან თავს!“

გასული კვირის მიწურულს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს უკვე მოჰყვა დროებითი მთავრობის გადადგომა. ეს ორშაბათს მოხდა, ანუ, სულ რამდენიმე დღით ადრე 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. კაბინეტი ესამ შარაფის ხელმძღვანელობით მუშაობდა და დანიშნული იყო ტანტავის სამხედრო საბჭოს მიერ.

ტანტავიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ მიიღო დროებითი მთავრობის გადადგომა: „მე მივიღე ესამ შარაფის მთავრობის გადადგომა. ის მუშაობას გააგრძელებს, სანამ შეიქმნება ახალი მთავრობა, რომლის ხელშიც მოექცევა მთელი ძალაუფლება. ახალ მთავრობას ეს მისცემს შესაძლებლობას, მართოს გარდამავალი პერიოდი შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოსთან კოორდინაციის გზით“.

მედიკოსებისა და უფლებადამცველების მონაცემებით, შაბათიდან მოყოლებული, კაიროში მოკლულია, სულ ცოტა, 35 ადამიანი, სამხედრო მმართველობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისადმი მიმართული ძალადობის შედეგად. ძალადობის შესახებ იუწყებიან ქალაქ ალექსანდრიიდანაც. ცნობების თანახმად, სულ ცოტა, ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 28 დაიჭრა დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკების შედეგად.
XS
SM
MD
LG