Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 29 ნოემბერი, 2011


არჩევნების წინ პრესა მმართველ გუნდს სკრუპულოზურად აკვირდება. ამ დაკვირვებიდან შეგვიძლია რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ. ერთი, რომ მმართველი გუნდის პოპულარობა ეცემა და, შესაბამისად, მმართველი გუნდის მხრიდან პროცესების მართვის ძველი მეთოდები სულ უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება. მეორე ამ პირველიდან მომდინარეობს, რადგან, მიმომხილველთა აზრით, იმის გამო, რომ სისტემა შიდა საფრთხეს, ანუ საკუთარი პოპულარობის დაცემას, გრძნობს, გამოსავალს ქვეყნის გარეთ, მტრულ ძალებში ეძებს. მოდით ამ ფაქტორებს მივყვეთ.
პირველი, რაც არჩევნების წინ გაზეთების ყურადღების ცენტრშია, ძალაუფლების მიერ მასობრივი მედიის საშუალებების გამოყენებაა. იმისათვის, რომ საკითხი პერსპექტივაში დაინახოს, პრესა იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა და ცდილობს მმართველი გუნდი, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მასობრივი კომუნიკაციის სივრცის კონტროლს. წესები, რომლისაც მმართველობას სჯერა, მიმომხილველ იულია ლატინინას მიხედვით, მარტივია: „ის, რაც არ უჩვენებიათ ტელევიზორში, არც მომხდარა“. სწორედ ამ რწმენით გაჯერებულმა მმართველმა გუნდმა, ავტორის აზრით, პირველი, რაც ძალაუფლებაში მოსვლისას გააკეთა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე კონტროლის დაწესება იყო. ეს, ავტორის თქმით, ძალაუფლებამ ყველა სხვა რესურსის კონტროლამდე მოახდინა და ამას სისტემა აკეთებდა და აკეთებს, რადგან სჯერა, რომ ეს საზოგადოების მართვის ყველაზე ეფექტური მეთოდია. თუმცა, მიმომხილველის აზრით, დღეს სიტუაცია იცვლება. დღეს, ლატინინას თქმით, რეალურად ’ხდება ის, რაც ხდება ინტერნეტში’, ინტერნეტში კი, ტელევიზორისგან განსხვავებული რაღაცები ხდება. ლატინინა იხსენებს ბოლო მოვლენას, როცა ტელევიზიებმა დარბაზში ადამიანების სტვენა ჩაახშეს, როცა მაყურებელი ვლადიმირ პუტინს უსტვენდა. ამის მიუხედავად კი, სტვენა მაინც მთელი თავისი სისავსით ისმის ინტერნეტსივრცეში. სტატიას, სადაც ეს საკითხებია განხილული, ჰქვია: „ან რეჟიმი გაანადგურებს ინტერნეტს, ან ინტერნეტი გაანადგურებს რეჟიმს“...

იმის გარდა, რომ არსებული სისტემა, გაზეთების აზრით, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად შეეცდება აკონტროლოს ინტერნეტსივრცე, რომელიც ძალაუფლებისთვის ახალი ხილია და ამიტომ ჯერ არ იცის რა მოუხერხოს მას, მიმომხილველთა დაკვირვებით, ის ადამიანების აზრის სამართავად ინტერნეტის კონტროლამდე სხვა, უფრო ტრადიციულ და ისტორიულად აპრობირებულ, მეთოდებს იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, გარე საფრთხეებზე აქცენტების გადატანა, რაც შიდა არასტაბილურობის სამართავად გამოიყენება. სწორედ ამ კონტექსტში ხედავს ზოგიერთი მიმომხილველი რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბოლო ვიდეომიმართვას, სადაც ეს უკანასკნელი საზოგადოებას ანგარიშს აბარებს და ამბობს, დასავლეთი ჩვენი ინტერესების იგნორირებას ახდენს და ამიტომ, ჩვენი ყველას ინტერესების დაცვის მიზნით, ჩემი ბრძანებით ქვეყნის თავდაცვის სისტემის გააქტიურება ხდებაო. პრესის მიმომხილველი ანდრეი კოლესნიკოვი ამ, ასე ვთქვათ, ფანდში რამდენიმე ფაქტორს ხედავს. ერთი, რომ ამ გზით მმართველი ელიტა საფრთხის და, შესაბამისად, ადამიანებში შიშის გაჩენას იწვევს, და, მეორე, შეშინებულთათვის ქმნის ძლიერ მმართველ ელიტას, რომელმაც იცის როგორ უნდა დააღწიოს თავი რთულ სიტუაციას, ელიტას, რომელსაც არ ეშინია. ამ გზით კი ‘უშიშარნი’, კოლესნიკოვის აზრით, ‘შეშინებულთა’ მართვას ცდილობენ. ამას გარდა, „საერთო ინტერესები“ დისკურსია, რომლის ინტერპრეტირებასაც მმართველი გუნდი ისე ახდენს, რომ „საერთო ინტერესები“ სწორედ ამ გუნდის მხარდაჭერას ნიშნავს....
კოლესნიკოვის აზრით, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ძველი მეთოდებით სისტემის მმართველობას, აჩვენებს ასევე შიშს თავად სისტემის შიგნით, რომელსაც კრიტიკული და სარისკო მეთოდების გამოყენება უხდება საზოგადოებაში ერთიანობის - უფრო კი, ‘შეშინებულ’ ან ‘პატრიოტულად’ განწყობილ მხარდამჭერთა -მობილიზებისთვის.
XS
SM
MD
LG