Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკვლევის შედეგები


იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას ეფუძნება.

ამომრჩევლის პოლიტიკური განწყობის და მიმდინარე პროცესებისადმი დამოკიდებულების გასარკვევად 3 ათასამდე ადამიანი გამოიკითხა და როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საიმედოობა 95%-ს შეადგენს.

განსაკუთრებულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა, რადგან, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, მსგავსი გამოკითხვებისას ბოლო პერიოდში მოქალაქეთა არაგულწრფელობის მაღალი ხარისხი შეინიშნება. კვლევა შეეხება არაერთ საკითხს, მათ შორის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს პირველ რიგში რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს, 36% პასუხობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 32% - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, 4,3%-ით მესამე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მეოთხეზე და მეხუთეზე შესაბამისად, 1,6%-თა და 1,5%-ით - ლეიბორისტული პარტია და "თავისუფალი დემოკრატები."

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში, გამოკითხულთა 12,4% ბიძინა ივანიშვილის პარტიას ასახელებს, 12,2% - ქრისტიან-დემოკრატებს, 8,8% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5,7% - "თავისუფალ დემოკრატებს" და 3,5% - ლეიბორისტულ პარტიას.

ამ ორი შედეგის შედარების საფუძველზე იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა შედარებით რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიებს საერთო ჯამში ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 18%-ს ართმევს. მისივე თქმით, ჯერჯერობით აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია არ არის, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გადაბირებაც.
XS
SM
MD
LG