Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე არჩეულ პარტნიორებთან ერთად


ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი
ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი
გადაწყვეტილია, შეიქმნას სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიცია, რომელშიც შევლენ: ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის, ჯერ დაუარსებელი პარტია, ირაკლი ალასანიას ”თავისუფალი დემოკრატები” და დავით უსუფაშვილის ”რესპუბლიკური პარტია”. სამომავლოდ კოალიცია, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, საარჩევნო ბლოკის შექმნას აპირებს და სათანამშრომლოდ ყველა დანტერესებულ პირს იწვევს.

ბიძინა ივანიშვილის არჩევანი სიახლეს არ წარმოადგენს. პოლიტიკურ პარტნიორებად, პირველ რიგში, სწორედ თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს რომ ისურვებდა, მილიარდერი ბიზნესმენისგან საზოგადოებამ ჯერ კიდევ ოქტომბერში მისი პირველი ვრცელი წერილიდან შეიტყო.
ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი, ან ჩემი უფროსი შვილი - უტა, ან, ვთქვათ, სხვა (გვარად) ივანიშვილი გამოჩნდება იმ პარტიაში, ჩვენს ჯგუფთან ერთად. კონცენტრაციისთვის ეს კარგი იქნება...

დაახლოებით ორთვიანი კონსულტაციების შემდეგ კი, თანამოაზრე მხარეებმა გამოაცხადეს შეთანხმება პოლიტიკური კოალიციის შექმნის თაობაზე და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყეს. თუმცა, ლოგიკურად, სამსუბიექტიანი კოალიცია ოფიციალურად ვერ ჩამოყალიბდება მანამ, ვიდრე არ შეიქმნება მესამე სუბიექტი, ანუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულწილად უკავშირდება ბიზნესმენისთვის შეწყვეტილი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება-არდაბრუნების პერსპექტივებს.

საქმე ის არის, რომ პარტიის სათავეში ჩადგომას ივანიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუკი ის შეძლებს შეწყვეტილი მოქალაქეობის დაბრუნებას და ამისთვის მისმა მხარემ სამართლებრივი ბრძოლის გზა შეარჩია.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მაინც დროულად ვერ მოხერხდა მოქალაქეობის დაბრუნება, ბიძინა ივანიშვილის გუნდი იმოქმედებს სხვა გეგმით, რომელიც ასევე გულისხმობს პარტიის შექმნას. სწორედ ამ გეგმის გარკვეულ დეტალებზე საუბრობს ბიზნესმენი 7 ნოემბერს მედიაჰოლდინგ ”პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

”ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი, ან ჩემი უფროსი შვილი - უტა, ან, ვთქვათ, სხვა (გვარად) ივანიშვილი გამოჩნდება იმ პარტიაში, ჩვენს ჯგუფთან ერთად. კონცენტრაციისთვის ეს კარგი იქნება.”
თუკი შეიქმნა პარტია, რომელსაც პირდაპირი ასოციაცია ექნება ივანიშვილთან, მაშინ ასეთი პარტია შეძლებს თავის თავზე აიღოს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის რეიტინგი...

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პარტიის თუნდაც მის გარეშე შექმნით ”სიტუაცია დიდად არ შეიცვლება” და ასეთი პერსპექტივის წარმატებას ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძეც ვარაუდობს:

”თუკი შეიქმნა პარტია, რომელსაც პირდაპირი ასოციაცია ექნება ივანიშვილთან, მაშინ ასეთი პარტია შეძლებს თავის თავზე აიღოს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის რეიტინგი... და, შესაბამისად, მასთან კავშირში მყოფი სხვა პარტიებიც, თუ შეიძლება ითქვას, ისარგებლებენ ამ რეიტინგით.”

რამაზ საყვარელიძის მიერ ხსენებული სარეიტინგო სარგებლის მიღების საშუალება ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვით, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს. თუმცა ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცალკეულ პოლიტიკოსებსაც ვხვდებით.

ამ წყაროს ცნობით, შეთანხმება უკვე შედგა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც „თავიანთი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში“.

როგორც რადიო თავისუფლაბასთან საუბრით ირკვევა, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ”პიროვნულად” მიღება სულაც არ ანელებს ზვიად ძიძიგურის ენთუზიაზმსა და აქტიურობის სურვილს:

”ჩვენ მივიღებთ ამ კოალიციის მმართველობაში ჩვეულებრივად მონაწილეობას. უბრალოდ, ეს იქნება არა, ვთქვათ, კონსერვატორების კვოტა, არამედ ეს იქნება ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პიროვნული მონაწილეობა.”
სამი პოლიტიკური ძალის კოალიციის დეკლარირება უკვე მოხდა. ახლა სისტემაა შესაქმნელი, უზარმაზარი საარჩევნო პოლიტიკური მანქანაა ასაწყობი და... ხაზს ვუსვამთ, რომ კარი არ არის დახურული...

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ საერთო საქმისთვის მთავარია არა პირველობის ამბიცია, არამედ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გარშემო შემოკრება და საერთო საქმის კეთება - კოალიციისა თუ შემდეგ უკვე საარჩევნო ბლოკის დონეზე. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა ჯანსაღ ძალას ექნება:

”სამი პოლიტიკური ძალის კოალიციის დეკლარირება უკვე მოხდა. ახლა სისტემაა შესაქმნელი, უზარმაზარი საარჩევნო პოლიტიკური მანქანაა ასაწყობი და... ხაზს ვუსვამთ, რომ კარი არ არის დახურული. მიმდინარეობს საუბარი სხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ ერთიან სისტემაში მათი შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.”

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ხედავს ამ ”ერთიან სისტემაში” საკუთარ ადგილს ”ეროვნული ფორუმი”. გავიხსენოთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა თეორიულად ასევე მოიაზრებოდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარკვეული სახის პარტნიორად, თუმცა ის არ არის ნახსენები ბიზნესმენის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე

რას აპირებს ”ეროვნული ფორუმი”? - ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად რადიო თავსუფლება 14 დეკემბერს უშედეგოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ხსენებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ სამსუბიექტიანი კოალიციის შექმნის გადაწყვეტილების გამოცხადებამ შესაძლოა დააბრკოლოს ისეთი წონიანი პოლიტიკური ძალის აქტურობა, როგორიც ”ეროვნული ფორუმია”. სხვა რომ არაფერი, ფსიქოლოგის განმარტებით, პოლიტიკოსებს არ უყვართ ”უკვე აშენებული შენობის ღია კარში შესვლა”, რადგანაც ისინი ასეთ შემთხვევაში თავს არა მასპინძლად, არამედ სტუმრად გრძნობენ.

თუმცა ურთიერთობის შთაბეჭდილება მთლად სახარბიელო, სავარაუდოდ, არც მანამდე იყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ საგაზეთო ინტერვიუში გუბაზ სანიკიძე ერთგვარი გაწბილების სინანულით აცხადებდა, რომ ვერ ხედავს ტემპებს ახალი პოლიტიკური ფრონტის ჩამოყალიბების პროცესში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG