Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჭირდება 30-ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი?


სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, ვაუჩერის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე იქნება. ვაუჩერის გამოყენება მის მფლობელს მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა და სხვა...) ან სასუქის შესაძენად შეეძლება. სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იმ შემთხვევაში, თუ ვაუჩერის მფლობელი მას არ გამოიყენებს ან არ გააჩუქებს, საშუალება ექნება ის 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ლიბერთი ბანკის ფილიალებში გაანაღდოს. მექანიზატორებსა და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ. ხელისუფლების ამ ინიციატივას, რომელიც დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაჯდება, უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები. მათ შორის არიან ისინი, ვინც უშუალოდაა დაკავებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით.
30 ლარი ეს არის 13-14 ლიტრი დიზელი. 13 ლიტრი მხოლოდ ადგილამდე მისვლას სჭირდება...

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ხელისუფლების ინიციატივას - 30-ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით - უკვე უწოდა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ითქვა ისიც, რომ ამ აქციას ეფექტი არ ექნება. კახელი გლეხი ტარიელ ბეგიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ ვაუჩერს გავაჩუქებო, რადგან მის ფუნქციას ვერ ხედავს - ამბობს, იქნებ ვაუჩერი სხვა, უფრო ხელმოკლე ადამიანს გამოადგესო:

”30 ლარი ეს არის 13-14 ლიტრი დიზელი. 13 ლიტრი მხოლოდ ადგილამდე მისვლას სჭირდება. მომაკვდავი რომ არის ადამიანი და ტუჩებს დაუსველებენ ხოლმე, აი ასე შეიძლება ჩავთვალოთ ეს 30 ლარი.”
კარგია, დახმარება ვის არ სჭირდება, მით უმეტეს, გლეხობას. წაადგება ხალხს - საწვავს შეიძენენ, სხვა თანხებს გადაიხდიან...

მისგან განსხვავებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას გლეხებისთვის სტიმულის მიცემად მიიჩნევს რაჭველი გლეხი ზურაბ ჭელიძე. მისი სიტყვებით, ეს შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიაც იყოს, მაგრამ თავად ვაუჩერის მიმღების გადასაწყვეტია, 30 ლარად შეიცვლის თუ არა პოზიციას:

”კარგია, დახმარება ვის არ სჭირდება, მით უმეტეს, გლეხობას. წაადგება ხალხს - საწვავს შეიძენენ, სხვა თანხებს გადაიხდიან.”

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რეალურად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად გლეხს გაცილებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე გამოყოფილი 30 ლარია, ”ბიზნეს-რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე მიიჩნევს, რომ ეს თანხა უსარგებლოა; მთლიანობაში კი, 24 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან ამ გეგმის განსახორციელებლად არის გამოყოფილი, სასოფლო-სამეურნეო სფეროში გაცილებით ეფექტიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო.
ზვიად შვანგირაძე
ზვიად შვანგირაძე

”ერთ ჰექტარზე გაწეული სამუშაოები წლის განმავლობაში 200-250 ლარად არის შეფასებული. გარდა ამისა, გლეხს სჭირდება სასუქი. ერთი ტომარა აზოტოვანი გვარჯილა ღირს 40 ლარამდე. გამოდის, რომ გლეხი ერთ ტომარა აზოტოვან გვარჯილასაც ვერ იყიდის და ერთ ჰექტარს სჭირდება ასეთი 10 ტომარა. ასე რომ, ამ 30 ლარით გლეხი ვერაფერს შეძლებს, მაქსიმუმ დასამუშავებელ მიწამდე მისვლას მოახერხებს. ასე რომ, 24 მილიონის გამოყოფა ასეთი საქმისთვის არ არის მიზანშეწონილი და, საერთოდაც, არ შეიძლება, რადგან ეს არ არის სოციალური ტიპის აქცია”, - ამბობს ”ბიზნეს-რეზონანსის” მთავარი რედაქტრი ზვიად შვანგირაძე.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ეს დახმარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ვერ გამოიწვევს, უბრალოდ, იმ დაახლოებით 50 პროცენტს მოსახლეობისა, რომელიც სოფლად ცხოვრობს, ყოფა მცირედით შეუმსუბუქდება. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ეს სახელმწიფოს მცდელობაა, ადამიანებს უკან დაუბრუნოს გადასახადებიდან ამოღებული ფული:
ამ პრობლემებს ზოგადად ხელისუფლების ჩარევა ვერ გადაჭრის. ამას სჭირდება დრო...

”კარგი იქნებოდა ეს ფული ეკონომიკიდან საერთოდ არ ამოეღოთ, ანუ გადასახადები ყოფილიყო უფრო დაბალი, მაგრამ რადგან ამოღებულია და ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს ფული ისევ ხალხს დაუბრუნოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა ეს არ არის გამიზნული იქითკენ, რომ ამან გადაჭრას სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები. ამ პრობლემებს ზოგადად ხელისუფლების ჩარევა ვერ გადაჭრის. ამას სჭირდება დრო.”

ამ გეგმის განსახორციელებლად, მთლიანობაში, ბიუჯეტიდან გამოყოფილ 24 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯებაო, ამბობს პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი, რაც, მისი შეფასებით, საბოლოო შედეგს ვერ გაამართლებს:
ჩვენ გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, იცით, რა? ეს დეპუტატები, გუბერნატორები, გამგებლები, სხვა სახელმწიფო მოხელეები ოჯახებში სიარულს და ამ ვაუჩერების დარიგებას რომ დაიწყებენ...

”ასეთი კამპანიურობა, ასეთი პარადულობა არავითარ შედეგს არ იძლევა. ჩვენ გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, იცით, რა? ეს დეპუტატები, გუბერნატორები, გამგებლები, სხვა სახელმწიფო მოხელეები ოჯახებში სიარულს და ამ ვაუჩერების დარიგებას რომ დაიწყებენ.”

პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში, სწორედ წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ხელისუფლებას, მთლიანობაში, 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებზე. ის გულისხმობს გლეხებისთვის გამოყოფილ უფასო 20 ლიტრ დიზელს და 20 კილოგრამ აზოტს. პაატა კოღუაშვილის სიტყვებით, ამ დახარჯული 100 მილიონის მარგი ქმედების კოეფიციენტი ბევრად გაიზრდებოდა, ხელისუფლებას ამ თანხით აგროტექნიკა რომ შეეძინა ან იაფი კრედიტების სისტემა აემუშავებინა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG