Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია თავდაცვას იწყებს საკუთარი ძალებით


19 დეკემბერს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” მედიაორგანიზაციები გაერთიანების იდეით გამოვიდნენ. მედიის გაერთიანების მთავარი მიზანი ხელისუფლებიდან წამოსული ზეწოლისაგან ერთმანეთის დაცვა და მხარდაჭერა იქნება. ”ეს არ იქნება პროფკავშირი” - განაცხადა იდეის ავტორმა მამუკა ღლონტმა და ყველა მედიასაშუალებას გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. საორგანიზაციო ჯგუფი გაერთიანების სახელს, წესდებასა და სამოქმედო გეგმებს საზოგადოებას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს.

მედიაგაერთიანების წევრების საბოლოო სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ ვისაც სიტყვის თავისუფლების ბედი აღელვებს, კარი ყველასათვის ღიაა. მედიაგაერთიანებაში შესულმა ორგანიზაციებმა ერთმანეთიც უნდა დაიცვან და მის გარეთ დარჩენილი პრესის, ტელევიზიის, რადიოსა თუ ინტერნეტგამოცემების უფლებებიც, - თქვა მედიაგაერთიანების შექმნის იდეის ავტორმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა:

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი
მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი
“აქ საუბარი არ არის რაიმე იდეურ გაერთიანებაზე, პროფკავშირზე. წარმატებული იქნება ისეთი გაერთიანება, რომელსაც ეყოლება თანამშრომლები, რომელთა ხელფასები ალბათ ჩვენ, მედიათანამშრომლებმა უნდა დავაფინანსოთ და რომლებიც გაუძღვებიან ორგანიზაციას. ეს ადამიანები ისარგებლებენ ჩვენი ნდობით და მათ ექნებათ შემუშავებული სქემა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებენ, გაავრცელებენ ჩვენს განცხადებებს თუ დაგეგმავენ აქციებს და ა.შ.”

19 დეკემბრის შეხვედრაზე შეიქმნა ოთხი ჟურნალისტისაგან შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც სხვა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად უფრო კონკრეტულ გეგმებზე იმუშავებს. ჯგუფს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში უხელმძღვანელებს.

”ვფიქრობთ, რომ მედიას დღეს საკმაოდ ბევრი საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც სიტყვის თავისუფლებას დაიცავს”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი
ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი
ლაშა ტუღუშის გარდა, სამუშაო ჯგუფში გაერთიანდნენ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი ჯაბა ხუბუა, რადიო "მაესტროს" ჟურნალისტი ხატია ქვათაძე და ინტერნეტგამოცემა "პრესაჯი.ტვ"-ს წარმომადგენელი როზი ჯღამაია.

რით იქნება განსხვავებული ეს კონკრეტული მედიაგაერთიანება სხვებისგან და შეინარჩუნებს თუ არა ერთობას? - ეს კითხვა უჩნდება რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელს ია მამალაძეს, რომელიც იხსენებს სამიოდე წლის წინ ისევ ტელე ”მაესტროს”ინიციატივით ჩამოყალიბებულ ერთობას - ”ჟურნალისტები ძალადობის წინააღმდეგ”, რომელიც მალევე დაიშალა:

„ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ კამპანიურ გაერთიანებებს, როდესაც ერთი იდეის გარშემო იქმნება, ერთი პრობლემის გარშემო ერთიანდება, მაგრამ მეორე პრობლემის გამოჩენისთანავე ეს ერთობა უკვე აღარ არსებობს. თუ ჩვენ შევძლებთ ყველა გაჭირვების დროს მედია ერთიანი იყოს, მაშინ ასეთ გაერთიანებას ექნება აზრი და მეც სიამოვნებით მივესალმები.”

მედიაგაერთიანების დაფუძნების პარალელურად, 19 დეკემბრის ქართული გაზეთების "კვირის პალიტრის", "რეზონანსის", "ასავალ-დასავალის", "ვერსიის", "ახალი თაობის", "ქრონიკის” პირველ გვერდებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დიდი ასოებით დაიბეჭდა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი: ”პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!“
ამ ფორმით ქართული პრესა საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას აპროტესტებს და მისი შეჩერების მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG