Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია პრესის გავრცელებაზე იზრუნებს


პრესის გამავრცელებელი დახლი თბილისში
პრესის გამავრცელებელი დახლი თბილისში
“საქართველოს პრესის ასოციაციის” მიერ დაფუძნდა ახალი ”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია”, რომლის მთავარი მიზანი პრესის გავრცელების ხელშეწყობა იქნება. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, ორგანიზაციის ძირითადი წყარო გრანტები და კერძო შემოწირულებები იქნება. უკვე ცნობილია ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებლის ვინაობა, ის ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. ორგანიზაციის შექმნის პარალელურად, კვლავ გრძელდება აქციები თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად. ამჯერად აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა, აქციის მონაწილეები პრესის გავრცელების ჯიხურების აღებასა და ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” მთავარი მიზანი ერთია -პრესის სადისტრიბუციო ქსელის შექმნა და ამით ბეჭდური მედიის განვითარების ხელშეწყობა. ერთ-ერთი მიზეზი კი, რის გამოც ორგანიზაცია დაფუძნდა, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ”1000 ახალი ჯიხურის” გარშემო განვითარებული მოვლენებია, კეძოდ ის, რომ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეული საგაზეთო ჯიხური აიღო, ამით პრესის გავრცელებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა და, შედეგად, შემცირდა საქართველოში გამომავალი გაზეთების ტირაჟიც.

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში
ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას გაუწევს გაზეთის სადისტრიბუციო კომპანიებს, ამბობს საქართველოს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში. მისივე თქმით, ორგანიზაცია იხელმძღვანელებს მაღალი გამჭვირვალობის პრინციპით და თითოეული დაახრჯული თეთრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პრესის საშუალებით მიეწოდება. ლაშა ტუღუში რადიო თავისუფლებასთან იმ სავარაუდო მექანიზმზე საუბრობს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება პრესის გავრცელების ხელშეწყობა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში პრესის გავრცელების ჯიხურები ყოველ წუთს მცირდება, შევიმუშავეთ გავრცელების ახალი მექანიზმი, ამბობს ის:

”მოვიფიქრეთ, რომ იქნებ მოძრავი საშუალებებით მოხდეს პრესის დისტრიბუცია. ქალაქის მასშტაბით ახალგაზრდები ურიკების დახმარებით გაავრცელებენ გაზეთებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯიხურების მიღმა, ქუჩაში აღმოჩნდნენ და დილიდან დაღამებამდე მოუწევთ ქუჩაში დგომა, აღიჭურვონ შესაბამისი ტანისამოსით. ესენი ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან და ძალიან რთული სამუშაოს შესრულება უწევთ...”

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები მიუთითებენ, ძირითადი დაფინანსების წყარო გრანტები და შემოწირულებები იქნება. ამ ეტაპისათვის ცნობილია ერთ-ერთი დამფინანსებლის შესახებ: ”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას” ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაუწევს დახმარებას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში პრესის წარომადგენლებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესმენმა მაშინ თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა.

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან თავისუფალი მედიის დასაცავად
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან თავისუფალი მედიის დასაცავად
”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” შექმნის პარალელურად, კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები თავისუფალი მედიის დასაცავად. დაჩი გრძელიშვილმა, გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას რადიო თავისუფლებას უთხრა, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ქუჩაში გაზეთის ყიდვას ვეღარ მოვახერხებთო. ის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ”1000 ახალი ჯიხურის” ნაკლოვანებებზე ამახვილებას ყურადღებას და ამბობს, რომ ცენტრალურ ტერიტორიებზე განთავსებულ ჯიხურებზე გამოცხადებული აუქციონის მსვლელობისას ფასი იმდენად მაღალ მაჩვენებელს აღწევს, რომ გაზეთის გამავრცელებლები ასეთი საფასურის გადახდას ვერასდროს მოახერხებენ.

”იქ, სადაც გაზეთი იყიდება, ფასები 30 ათასს ასცდა. დავითვალე და დღეში დაახლოებით 300 ათასი გაზეთი უნდა გაყიდო, რომ თანხა გაისტუმრო. ასეთი ტირაჟი ქართულ გაზეთებს კი არა, ”ნიუ იორკ თაიმსს” არა აქვს”, - ამბობს დაჩი გრძელიშვილი.

ბეჭდური მედიის წარმომადგენლების გვერდით 20 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტელეკომპანია ”მაესტროს” წარმომადგენლებიც დადგნენ. ჟურნაილსტებმა გარშემო ამკრძალავი ლენტი შემოირტყეს და ამით სიმბოლურად გამოხატეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა:

”ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ჩვენთვის ნორმალურ პირობებში მუშაობა მუდმივ პრობლემად იქცა. აი, დღევანდელი საქართველო: აქეთ პრეზიდენტის რეზიდენცია და იქით კი ჩამონგრეული აივანი”...

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ უკვე ორ კვირაზე მეტია საგანგებო რეჟიმში - რადიოსტუდიიდან მაუწყებლობს. ისინი უარს აცხადებენ დაბრუნდნენ იმ შენობაში, რომელიც 30 ნოემბრიდან "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ დამფუძნებლისა და ტელევიზიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ის მესაკუთრეებისა და ჟურნალისტებისგან დამოუკიდებლად, „მაესტროს“ სიგნალს სატელიტით ავრცელებს, ხოლო ტელევიზიის მფლობელებს სასამართლოში უჩივის, 7 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდასა და კონტრაქტის პირობების შესრულებას მოითხოვს, თუმცა, როგორც პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ირწმუნებოდა, კონტრაქტი ეროსი კიწმარიშვილთან შეწყვეტილია, ხოლო თანამგზავრთან არხის დამაკავშირებელი კომპანია ”თურქსატი”, მათი მოთხოვნით, ორ დღეში ”მაესტროს” სატელიტურ მაუწყებლობასაც გათიშავს.

პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას“ დააფინანსებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი თბილისში პრესის გავრცელების ახალი სისტემის შექმნა და მისი განვითარება იქნება. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ 2011 წლის 13 დეკემბერს „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ დააფუძნა. თავის მხრივ, „პრესის ასოციაციის“ დამფუძნებლები 2009 წლიდან „რეზონანსის“, „კვირის პალიტრის“ და „ასავალ-დასავალის“ გამომცემლები არიან.

დღეს პრესის ჯიხური თითქმის აღარ დარჩა. ამიტომ შევქმენით არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება გაზეთების სადისტრიბუციო კომპანიებს ...
ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა ვაკანსიები აღმასრულებელი დირექტორის, რეალიზატორების, რეგიონალური განვითარების, ოფისისა და PR მენეჯერის თანამდებობაზე. ანაზღაურება 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია 19 დეკემბერს პრესის საშუალებით გავრცელდა.

„საქართველოს პრესის ასოციაციის“ ხელმძღვანელის ლაშა ტუღუშის თქმით, ახალი ორგანიზაციის შექმნა პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია. თბილისის მერიის პროექტ „1000 ახალი ჯიხურის“ განხორციელებისთვის ზედამხედველობის სამსახურმა საგაზეთო ჯიხურების დიდი ნაწილი აიღო, რაც „პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს კიდეც.

„დღეს პრესის ჯიხური თითქმის აღარ დარჩა. ამიტომ შევქმენით არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება გაზეთების სადისტრიბუციო კომპანიებს“, - უთხრა media.ge-ს ლაშა ტუღუშმა.
ბიძინა ივანიშვილი პრესის წარმომადგენლებს ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შეხვდა და დახმარება აღუთქვა. ტუღუშის განცხადებით, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ფინასური წყარო ბიძინა ივანიშვილის ფონდი იქნება.

„დისტრიბუტორებს თავად გაზეთებიც შეეხიდებიან, რამდენადაც ექნებათ საშუალება. ეს ფინანსები კი პრესის გავრცელებას მოხმარდება“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა media.ge-სთან ინტერვიუში ეს ინფორმაცია არ უარყო:

„ლაშა ტუღუშმა თუ თქვა, ესე იგი, დააფინანსებს“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

ვაკანსიების შესახებ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ორგანიზაციის ძირითადი წყარო გრანტები და კერძო შემოწირულებები იქნება. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ ასევე მიმართავს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს და, ფინანსური დახმარების სურვილის შემთხვევაში, „ქართუ ბანკსა“ და „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას სთხოვს.
XS
SM
MD
LG