Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეზერვო სამსახური, რწმენის თავისუფლება და კონსტიტუცია


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული ვალდებულება არღვევს იმ პირთა კონსტიტუციურ უფლებებს, რომელთათვისაც, რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებების გამო, მიუღებელია სარეზერვო სამსახურის გავლა, - ასეთია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოც იზიარებს. 21 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

თუკი წვევანდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული, შრომითი სამსახურის არჩევის საშუალება აქვთ, ასეთ შესაძლებლობას მოკლებული არიან რეზერვისტები. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ”სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.”

სადავო ნორმა აიძულებს ”კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის” უფლების მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ ...
სახალხო დამცველისთვის ცხადია, რომ კანონის ეს ნორმა არ ითვალისწინებს მათ ინტერესებს, ვისთვისაც, ”რელიგიური, ეთიკური თუ სხვა ხასიათის შეხედულებების” გამო, მიუღებელია ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურის - და, მათ შორის, სარეზერვო სამსახურის - გავლა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კანონში ასახული უალტერნატივო ვალდებულება აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლებს.

საკონსტიტუციო სასამართლო ეთანხმება ომბუდსმენის შეფასებას და თავის მხრივ განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს ანიჭებს „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ უფლებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ”საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად”, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ის ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურით შეცვალოს.

”სადავო ნორმა აიძულებს ”კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის” უფლების მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს”, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩვენთან შემოსული ფაქტების მიხედვით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ეს პრობლემა ძირითადად იეჰოვას მოწმეებს ჰქონდათ ...
სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ”სადავო ნორმა, რომელიც არ ითავლისწინებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც, რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურის მიმართ ”კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის” უფლება აქვთ, არღვევს დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.”

როგორც სახალხო დამცველთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის რამდენიმე ანგარიშში ასახული პრობლემა უყურადღებოდ დარჩა, ერთადერთ გამოსავალს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა წარმოადგენდა:

”ჩვენთან შემოსული ფაქტების მიხედვით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ეს პრობლემა ძირითადად იეჰოვას მოწმეებს ჰქონდათ და მათ წააგეს რამდენიმე სასამართლო პროცესი. თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახური ითვალისწინებდა მის ჩანაცვლებას ალტერნატიული შრომით, სარეზერვო სამსახური ამას არ ითვალისწინებდა. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ორივე შემთხვევაში თანაბრად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ადამიანის სურვილი, რომ, რელიგიური თუ ეთიკური მოტივაციით, თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისთვის და ვალდებულება მოეხადა ალტერნატიულ სამსახურში.”

სახალხო დამცველის პოზიციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც იეზიდთა სათვისტომოს წარმომადგენელი, მიესალმება აგიტ მირზოევი - ”ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელი. ის ფიქრობს, რომ არჩევანის უფლება საჭიროა და განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომლებიც სასულიერო ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ, ამავდროულად, ”ნებისმიერი ადამიანის უარი დასაბუთებული უნდა იყოს, რათა სახელმწიფოს ინტერესები არ დაზარალდეს.”

ამ კონტექსტში, 36 წლის აგიტ მირზოევი იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს, როცა მან, თანამოაზრეებთან ერთად, შესაბამის უწყებას წერილობით მიმართა სარეზერვო სამსახურის გავლის სურვილით, თუმცა სახელმწიფომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვა:

”ამ კამპანიით გვინდოდა დაგვენახვებინა ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გვაქვს ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მოვიხადოთ სამხედრო ვალი... მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ შემოგვხმიანებია.”

აგიტ მირზოევი ამბობს, რომ თუკი გამოიძახებენ, ის აუცილებლად გაივლის სარეზერვო სამხედრო სამსახურს და სანაცვლოდ არასოდეს აირჩევს ალტერნატიულ, შრომით საქმიანობას. თუმცა მათ, ვისთვისაც იარაღის ხელში აღება კვლავაც რჩება პრინციპულად მიუღებელ საკითხად, კანონი აუცილებლად შესთავაზებს ალტერნატივას და ამის გარანტიას საკონსტიტუციო სასამართლოს 21 დეკემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG