Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე პირველი იანვრიდან დანია გახდება


პირველი იანვრიდან ევროპის კავშირის მორიგეთავმჯდომარეობას პოლონეთისგან ჩაიბარებს დანია, ქვეყანა, რომელიც ექვსი თვე გაუძღვება ევროპის ბლოკს.

ბოლოს, როცა დანია ევრკავშირის თამჯდომარე იყო, ცვლილებები მართლა მოხდა ევროკავშირში. ეს იყო ისტორიული 2002 წელი, როცა, ანდერს ფოგ რასმუსენის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ევროკავშირს ათი ქვეყანა დაემატა, მოხდა მისი დიდი გაფართოება, როცა უმეტესად შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ბლოკს. პირველი იანვრიდან დანია კვლავაც შეუდგება კავშირის თავმჯდომარეობას, მაგრამ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. პირველი განსხვავება 2002 წლისგან ისაა, რომ ევროკავშირს ახლა პოლიტიკური ლიდერი ჰყავს, ჰერმან ფონ რუმპეს სახით, და მორიგე თავმჯომარეს გადამწყვეტი როლის თამაში აღარ შეუძლია. ამას ის ემატება, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კრიზისისა, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში მძვინვარებს, კვლავ გაფრთოება რეალურად არ გახდება განხილვის საგანი. ევროპის პოლიტიკის კვლევის ბრიუსელში დაფუძნებული ცენტრის თანამშრომელი ამანადა პოლი ამბობს, რომ დანია უკვე მიმდინარე თემებს გაჰყვება, არ დააჩქარებს პროცესებს მარტივი მიზეზის გამო - ის არ არის სამომავლო ევროპული ინტეგრაციის მომხრე.

როგორც გასულ წელიწადში, ევროზონის პრობლემა დარჩება უმთავრეს საკითხად, რის თაობაზეც სამიტი უკვე დანიშნულია იანვრისთვის. გაზაფხულზე კი უნდა განიხილონ ახალი საფინანსო შეთანხმების დეტალები, რაც, თუკი მოხერხდა მორიგება, ევროკავშირს საფინანსო კავშირადაც გადააქცევს. დანია თვითონ ევროზონას არ მიეკუთვნება და, პოლონეთის მსგავსად, გაუჭირდება გარედან, არა ევროზონიდან, გავლენა მოახდინოს საერთო ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პოლონეთისგან განსხვავებით, რომელიც გარკვეულ თანადგომას უწევდა თავის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, დანიას გეოგრაფიული თვალსაზრისით სამიზნე არ გააჩნია. ამდენად, აღმოსავლეთთან სამეზობლო პოლიტიკის თემა დანიისთვის არ იქნება წინა პლანზე. რაც დაგეგმილია, გარგძელდება: 2012 წელს მოლაპარაკებები განახლდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმების შეცვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაშიც საქართველოც ჩართულია. უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიღწეულია მორიგება, მაგრამ მომავალ ექვს თვეში ამ მხრივაც არ არის მოსალოდნელი ცვლილებები. მიზეზი ამისა ამ ქვეყანაში ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს, დაპატიმრება და გასამართლებაა, რამაც ბრიუსელსა და კიევს შორის ურთიერთობა დაძაბა. ამიტომ ბრიუსელი დაელოდება შემოდგომას, როდესაც უკრაინაში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები. უკრაინასთან შეთანხმებული დოკუმენტის რატიფიცირება კი, რასაც ყველა წევრის - 27-ვე ქვეყნის - თანხმობა სჭირდება, მომავალში მოხდება. კარნეგის ცენტრის ევროპის განყოფილების თანამშრომელი ოლგა შუმილო ტაპიოლა ამბობს, რომ ურთიერთობა არ შეიცვლება არც ბელორუსიასა და ევროკავშირს შორის, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ლუკაშენკოს წასლვას შეიძლება მოჰყვეს განახლება ამ ქვეყანაში. მანამდე, მისი აზრით, ევროკავშირი იცდის და ეს ლოდინი მას ხელს აძლევს. ყველაზე დიდი და ყველაზე შესაძლებელი ცვლილება შეიძლება შეეხოს დანიის მორიგეთავმჯდომარეობის პერიოდში სერბიას, რომელიც ესწრაფვის წევრობას და, მისი ყოფილი ოლქის, კოსოვოს თაობაზე გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას მართლაც შეიძლება გზა გაეხსნას ბრიუსელისკენ, რასაც ბოლოს გერმანიამ შეუშალა ხელი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG