Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მედია 2011 წელს


2011 წელს ჟურნალისტები, მედიაექსპერტები და, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეები ქართული მედიის მხარდასაჭერად არაერთხელ გავიდნენ ქუჩაში და საპროტესტო აქციები მოაწყვეს. წლის ბოლოს გასულ 2011 წელს ისინი მედიაზე განსაკუთრებული ზეწოლის წლად მოიხსენიებენ.


ბრძოლა მედიის გადასარჩენად – საკანონმდებლო ცვლილებებით

ბრძოლა მედიის გადასარჩენად ჯერ კიდევ 2011 წლის იანვარში დაიწყო.

საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც მედიაექსპერტები, იურისტები, კონსტიტუციონალისტები შედიოდნენ, საქართველოს პარლამენტს რვა კანონპროექტში შესატანი ის ცვლილებები და დამატებები წარუდგინა, რომლებსაც საქართველოს მედიაში არსებული მძიმე ვითარება უნდა შეეცვალა. განსაკუთრებით მკვეთრი პოზიცია კანონპროექტების ავტორებს მედიამფლობელების გამჭვირვალობის თაობაზე ჰქონდათ. წლის დასაწყისში მედიაში არსებული ვითარება ამ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა შეაფასა როგორც უკიდურესაც მძიმე და თქვა, რომ არასდროს საჯარო ინფორმაციის მოპოვება ისე რთული არ ყოფილა, როგორც ბოლო დროს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივასთან შეჯერებული ვარიანტი, რომელიც მედიამფლობელების გამჭვირვალობას ეხებოდა, პარლამენტმა საბოლოოდ მხოლოდ 2011 წლის მაისში დაამტკიცა. კანონის თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან 2012 წლის 1 იანვრამდე გაასაჯაროონ ყველა ფიზიკური პირის სახელი, ვინც რაიმე წილს ფლობს კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მედიასთან დაკავშირებულ სხვა კანონების განხილვას პარლამენტი აღარ მიბრუნებია.


26 მაისი - ანგარიშსწორება ჟურნალისტებთან

26-მა მაისმა კი, „სახალხო კრების“ მომხრეების საპროტესტო აქციის დარბევის ღამემ, ყველა სხვა თემა გადაფარა. იმ ღამეს პოლიცია ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული იყო. არაერთ ჟურნალისტს წაართვეს და დაუმტვრიეს ტექნიკა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნაწილმა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისა და ტექნიკური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა.
სასამართლომ მათი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა: კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილსა და ნატო გოგელიას აუნაზღაურდებათ ჯანმრთელობის ზიანი - სტალინსკის 12 ლარის, კუპრეიშვილს 30 ლარის, გოგელიას 17 ლარის ოდენობით; გაზეთ „ბათუმელებს“ კი ორივე კამერის დაკარგვით მიყენებული ზარალი - 1940 ლარი და 40 თეთრი. ჟურნალისტები ითხოვდნენ ვიდეოჩანაწერების დაბრუნებასაც, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, რომ ამ ფორმით დანაკარგს ვერ აანაზღაურებდნენ.


„მედიაპალიტრის“ შემოწმება და 2011 წლის პირველი ჟურნალისტური აქცია

7 ივნისს, შუადღისას, ”მედიაპალიტრის” 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად გამოჩენამ და 4 კომპანიის საწყობის დალუქვამ მეორე დღეს თბილისში საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. ”მედიაპალიტრას” სოლიდარობა სხვა მედიასაშუალებებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოუცხადეს.
13 ივნისის ქართული პრესის პირველ გვერდებზე კი მხოლოდ ერთი ფრაზა ეწერა: „სოლიდარობა ”მედიაპალიტრას“.
”მედიაპალიტრის” წარმომადგენლები, ისევე როგორც 8 ივნისს გამართული მხარდამჭერი აქციის მონაწილენი, შემოსავლების სამსახურის მიერ ე.წ. გეგმიურ შემოწმებას ამ მედიასაშუალების მიერ 26 მაისის აქციის დარბევის ობიექტურად გაშუქებას უკავშირებდნენ. შემოსავლების სამსახური კი აცხადებდა, რომ მათ მედიასაშუალებების მუშაობა არ შეუფერხებიათ.


ფოტოგრაფების საქმე

ფოტოგრაფების საქმე, ალბათ, 2011 წლის ყველაზე ემოციური ამბავია. კითხვაზე, რას გამოყოფდით გასული წლის მედიამოვლენებიდან, ჟურნალისტების უმრავლესობა სწორედ ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს ასახელებს. ფოტოგრაფები ორ კვირაში, აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ისე გამოუშვეს ციხიდან, რომ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ არ მოხსნია. საზოგადოებას დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.

ჟურნალისტები კი, საპროტესტო წარწერებიანი მაისურებითა და სასტვენებით, მთელი ორი კვირის განმავლობაში აწყობდნენ პერმანენტულ აქციებს ხან ციხესთან, ხან პარლამენტთან, ხან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ხან შსს-სთან და მოითხოვდნენ საქმე გამხდარიყო საჯარო. „არ არის ფოტო – არ არის დემოკრატია“, „თავისუფლება ფოტორეპორტიორებს“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.

საზოგადოებისათვის საჯარო გახდა მხოლოდ ბოლო სასამართლო სხდომა, როდესაც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


აუქციონი თბილისის ანძის გასაყიდად

აგვისტოში ჟურნალისტები ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ამჯერად მათ თბილის ანძის გაყიდვა გააპროტესტეს. 110 000 ლარად თბილისის ანძა შპს „ალფა კომმა“ 4 წლის ვადით გადაიბარა მმართველობაში და 12 000 000 დოლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულებაც აიღო. ამ კომპანიაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ტელემაუწყებლობათა ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ანძა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში.


ზეწოლა პრესაზე

შემოდგომაზე მძიმე დღეები უკვე პრესას დაუდგა. მერიის პროექტის - „1000 ჯიხურის“ - ფარგლებში, ქალაქის ხელისუფლებამ ქალაქში მდგარი პრესის ჯიხურების ადგილებზე გამოაცხადა ონლაინ აუქციონი, რომელშიც პრესის გამავრცელებლების უმეტესობამ მაღალი ფასების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო და წლების განმავლობაში ამ საქმით დაკავებული პრესის გამავრცელებლები გაურკვეველი დროით ჩამოშორდნენ საქმიანობას – „მაცნეს“ თუ „პლანეტა ფორტეს“ ჯიხურების უმრავლესობა მერიის ბრძანებით აიღეს, მათ ადგილზე კი „ნუგეშის“, „კოდას“ და სხვა მსგავსი ფირმების წარმომადგენლებმა მოიპოვეს საკვები პროდუქტის ჯიხურების ჩადგმის უფლება.

ფოტოგრაფების საქმისდროინდელმა ცნობილმა ლოზუნგმა ოდნავ იცვალა სახე - „არ არის გაზეთები - არ არის დემოკრატია“ - და აქციები ჯერ მერიასთნ, შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა. ”რეზონანსის” ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ასე გამოეხმაურა მომხდარს: ”ეს ფოტოგრაფების საქმის გაგრძელებაა. როგორც მაშინ გვსურდა ჩვენი კოლეგები დაგვეცვა, ახლა გვსურს ჩვენი პროფესია დავიცვათ - დავიცვათ გაზეთი, რომელიც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია დღეს.”

თუმცა მერიამ პოზიცია არ დათმო. ქალაქის ხელისუფლება პასუხად აცხადებდა, რომ ინტერნეტაუქციონის გამოცხადებით მათ ყველა დაინტერესებული პირი თანაბარ პირობებში ჩააყენეს და რომ ახალი ჯიხურების მფლობელებს პრესის გაყიდვას არავინ უკრძალავს.


„მაესტრო“ – SOS

ნოემბრის ბოლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ მუშაობა მას შემდეგ შეფერხდა, რაც მისი ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიის ღობეზე გადაძვრა და შენობაში ისე შეაღწია. ეროსი კიწმარიშვილსა და „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის დაპირისპირებას ტელევიზიის რამდენიმე საათით შეჩერება მოჰყვა:

ტელეკომპანია „მაესტრო“ ეთერში დღემდე რადიო „მაესტროს“ ოფისიდან გადის და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჟურნალისტები კი შენობაში დაბრუნებას და სათანადო სამუშაო პირობების აღდგენას მოითხოვენ.


მედიაგაერთიანება

გამოსავლის მოსაძებნად 19 დეკემბერს, მამუკა ღლონტის ინიციატივით, მედიასაშუალებებმა მედიაგაერთიანების შექმნა გადაწყვიტეს, რათა ერთმანეთს თავად დაეხმარონ და საკუთარი თუ სხვა მედიასაშუალებები დაიცვან.


მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზარი

წლის ბოლოს მედიაში შექმნილ სურათს, შეიძლება ითქვას, ბოლო შტრიხი შემატა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის დედააზრიც ასეთი იყო: საქართველოს სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია. კვლევის ავტორი მამუკა ანდღულაძე მიუთითებდა, რომ მონოპოლისტი ამ სფეროში რეკლამების გაყიდვის სახლი ”ჯენერალ მედიაა”, რომელიც მხოლოდ იმ ტელეარხებთან თანამშრომლობს, რომლებიც ხელისუფლების მომხრეებად ითვლებიან.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები დღემდე გრძელდება. მაგალითად, გრძელდება „მედიაპალიტრის“ შემოწმება, პრესა ტირაჟების შემცირების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, პარლამენტს განსახილველი აქვს მედიასთან დაკავშირებული არაერთი კანონი, გადასაწყვეტია ”მაესტროს” ბედი. კითხვები დარჩენილია ფოტორეპორტიორების საქმეშიც. ჯერ ცნობილი არ არის შეექმნებათ თუ არა ანძის გაყიდვით პრობლემები კერძო ტელეკომპანიებს.

საინტერესოა, როგორ შეფასდება საქართველო გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში. ეს ანგარიში, როგორც ცნობილია, მსოფლიოში მედიათავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად და გასულ წელს, 55 ქულით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG