Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობა “მედიაპალიტრას”!


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ინიციატივით გაიმართა აქცია, სახელწოდებით - "სოლიდარობა "მედიაპალიტრას!". 13 ივნისის გაზეთებისა თუ ჟურნალების პირველი გვერდი სოლიდარობის შესახებ იუწყება. კოალიციამ გასული კვირის მიწურულს გაავრცელა სპეციალური განცხადებაც, სადაც გამოთქმულია ეჭვი, რომ “მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს „პალიტრის” მიერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის გაშუქებას.

თუკი 13 ივნისს, დილით, გაზეთების ჯიხურებს ან სტენდებს ჩაუვლიდით, თვალში ორად ორი სიტყვა მოგხვდებოდათ: სოლიდარობა ”მედიაპალიტრას”. "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ვერსია", "ასავალ-დასავალი", ჟურნალი "ლიბერალი", ჟურნალი ”რეიტინგი”, სპორტული გაზეთები ”ოლიმპი”, ”მსოფლიო სპორტი”, ”ლელო” და არაერთი რეგიონალური გამოცემა ”მედია პალიტრას” სოლიდარობას უცხადებს. ბეჭდური მედიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი პირის შეკვრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ კვირას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ოთხ სხვადასხვა სტრუქტურაში, რომლებიც ძირითადად ბეჭდური და საგამომცემლო საქმიანობით არიან დაკავებულნი, შემოწმება ერთდროულად დაიწყო.

მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მწვავე ფორმა, რომელმაც უნდა დააფიქროს, ერთი მხრივ, ხელისუფლება იმაზე, თუ როგორ არ უნდა გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები...
13 ივნისის ”რეზონანსის” პირველი გვერდი ცარიელია. ერთადერთი წინადადება, რაც ამ გვერდზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ, არის ”სოლიდარობა ‘მედიაპალიტრას’ ”. გაზეთის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ „მედიაპალიტრაში“ დაწყებული უეცარი შემოწმება სხვადასხვა ეჭვს იწვევს. სწორედ ამის გამო ქართული მედია ვალდებულია თვალყური მიადევნოს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები: ”ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რაც ხდება, და ვართ სოლიდარულები ”მედიაპალიტრასთან”. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ წარიმართება პროცესები, რა ხდება დღეს, რა იქნება ხვალ”, - ამბობს ლაშა ტუღუში.

13 ივნისს ყოველდღიური ფორმატით გამოვიდა გაზეთი ”24 საათი”. მისი პირველი გვერდი არ ღალატობს ჩვეულ წესს და ძირითადად სხვადასხვა საერთაშორისო ამბების შესახებ იუწყება. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პაატა ვეშაპიძე ამბობს, სოლიდარობის აქციის შესახებ მას არაფერი სმენია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ”24 საათი” მაინც არ მიიღებდა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას: ”მიზეზი კი ის არის, რომ, ჯერ ერთი, ეს არ არის მედიასაშუალების შემოწმება, ეს არის მედიასაშუალების მფლობელთა კომპანიების შემოწმება. რამდენადაც მე ვიცი, მედიასაშუალებაში არავინ შესულა. და მეორეც, პირადად მე ასეთი კამპანიური სახის აქტივობები არ მომწონს”, - ამბობს პაატა ვეშაპიძე.

სოლიდარობის აქციას, რომელიც დაგეგმა კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისათვის”, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული მედიის ისტორია არ არის მდიდარი ასეთი პრეცედენტებით. ასეთ აქციას კონკრეტული მიზანი აქვს, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მწვავე ფორმა, რომელმაც უნდა დააფიქროს, ერთი მხრივ, ხელისუფლება იმაზე, თუ როგორ არ უნდა გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები, გნებავთ, ცენზურის, გნებავთ, რაიმე სხვა, არაფისკალური ეფექტისათვის და, მეორე მხრივ, თავად ჟურნალისტებმა იგრძნონ, თუ რამდენად საჭიროა ასეთ დროს სოლიდარობა”, - ამბობს ზვიად ქორიძე.

არავის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული აქ შევალთ თუ იქ შევალთ. არსებობს რისკის მენეჯმენტზე აწყობილი პროგრამა, რომელიც არჩევს რისკებს და აგდებს შესაბამის დავალებებს...
თუკი ქართული ბეჭდური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი 13 ივნისს სოლიდარობას უცხადებს „მედიაპალიტრას“, თავად „მედიაპალიტრის“ ერთ-ერთი გამოცემა, გაზეთი ”კვირის პალიტრა”, სოლიდარობისათვის მადლობას უხდის ქართულ პრესას. მარიკა დარჩია, ”მედიაპალიტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი, ამბობს, რომ ასეთი მხარდაჭერა „მედიაპალიტრის“ თითოეული თანამშრომლისათვის დიდი სტიმულია. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ შემოწმება ”მედიაპალიტრის” რამდენიმე ობიექტში ერთდროულად დაიწყო, გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა:

”ჩვენ არც არანაირ გაოცებას და რეაქციას არ გამოვხატავდით, ეს შემოწმება ასე ერთდროულად რომ არ განხორციელებულიყო. რადგან სხვა დროსაც ყოფილან შემოწმებაზე შემოსულები, თუმცა ამის შესახებ არავის არაფერი გაუგია. უბრალოდ, ასე ერთდროულად შემოსვლა იმ კომპანიებში, რომლებიც ჩვენს ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფენ, გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა”, - ამბობს მარიკა დარჩია.

ეს არის გეგმიური შემოწმება, რომელიც ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა და რომელსაც რისკების მართვის პროგრამის კარნახით ვასრულებთ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სოხაძე:

”არავის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული აქ შევალთ თუ იქ შევალთ. არსებობს რისკის მენეჯმენტზე აწყობილი პროგრამა, რომელიც არჩევს რისკებს და აგდებს შესაბამის დავალებებს. ”მედიაპალიტრაში” შემავალი 53 კომპანიიდან მოწმდება ექვსი კომპანია. ამჟამად ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, რომ ჩვენ ”მედიაპალიტრის” მუშაობა აბსოლუტურად არ შეგვიფერხებია. ვიმუშავეთ 24 საათიან რეჟიმში. ფაქტობრივი ნაშთები დავითვალეთ ”მედიაპალიტრის” წარმომადგენლებთან ერთად. ამჯერად მათგან ველოდებით საბუღალტრო ნაშთის წარმოდგენას. 24 ივნისამდე ისინი შეძლებენ წარმოადგინონ დოკუმენტაცია და ამის შემდგომ ჩვენ შევძლებთ გარკვეული დასკვნის გაკეთებას”, - ამბობს ზურაბ სოხაძე.
XS
SM
MD
LG