Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი და ჯანმრთელობა


ქართული საახალწლო სუფრა, როგორც წესი, კერძების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, გემრიელი კერძები, ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელები, თუმცა ექიმები შეგვახსენებენ, რომ ყოველივე ეს - ალკოჰოლი, მაღალკალორიული ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები - ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. როგორ ეხამება ერთმანეთს ახალი წლის დღესასწაული და ჯანმრთელობა?
საერთოდ, ცდილობენ, რაც შეიძლება ლამაზი და უხვი სუფრა ჰქონდეთ ...

ქართული საახალწლო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს - ეს ერთგვარი დაუწერელი კანონი არ უშვებს გამონაკლისს და ერთნაირად ვრცელდება როგორც ხელმოკლე, ასევე შეძლებულ ოჯახებზე, რადგან ახალი წლის სუფრაზე თავს იყრის მთელი წლის დანაზოგით შეძენილი ხორაგი. ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის გოგია უიშვილის ღარიბი ოჯახი ამის კარგი მაგალითია: „კალანდა თენდებოდა, ხაჭაპურები ცხვებოდა, მსუქანი ღორი და ქათმები უნდა დაეკლათ.“ ეთნოლოგ გიორგი გოცირიძის თქმით, სუფრისა და მთელი რიგი კერძების გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია:

„ამზადებენ ნამცხვრეულს (კეცეული ეწოდება ამას რაჭაში), ამზადებენ ქადა-ნამცხვრებს (როგორც ამას ქართლსა და კახეთში უწოდებენ), ასევე მთაში, სადაც რიტუალურ პურეულს აცხობენ. ასევე სუფრაზე მოიტანენ ღვინოს და აუცილებლად დაკლავენ საკლავს... და, საერთოდ, ცდილობენ, რაც შეიძლება ლამაზი და უხვი სუფრა ჰქონდეთ.“

ადგილი ჰქონდა კვებითი ინტოქსიკაციის 109 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 227 შემთხვევას ...
თუმცა უხვიც არის და უხვიც. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთნაირად გადატვირთული და მრავალფეროვანი, როგორიც დღევანდელია და ჭამა-სმასაც არ ჰქონდა ისეთი მასშტაბები მიღებული, როგორიც დღესა აქვს.

ცხადია, ახალი წლის პირველ დღეებში მიღებული ბევრი საკვები და ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, რაც სათანადო ასახვას პოვებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობაზეც. ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის ბადრი გვარამიას თქმით,
ახალი წლის დადგომასთან ერთად მკვეთრად მატულობს მოწამვლის შემთხვევები:

„1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით, ჩვენი სამსახურის მონაცემებით, თბილისში ადგილი ჰქონდა კვებითი ინტოქსიკაციის 109 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 227 შემთხვევას.“

ამასთან, ჭარბი ალკოჰოლი, ცხიმიანი, ცხარე და მსუყე საკვები მკვეთრად ზრდის მიღებული საკვების ენერგეტიკულ პოტენციალს. ენდოკრინოლოგ ნინო დოლიძის თქმით, ახალი წლის დღეებში მკვეთრად ირღვევა ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც მიღებული კალორიების ხარჯზე ორ-სამჯერ იზრდება, თუმცა ეს არაა ერთადერთი პრობლემა.

„ჩვენი ფერმენტული სისტემა, რომელიც მოწოდებულია საკვების პროდუქტების გადასამუშავებლად, არ არის მზადყოფნაში იმ მრავალფეროვნებისთვის (იმ ცხიმებისა და ნახშირწყლებისათვის), რომელსაც ჩვენ ჭარბი რაოდენობით ვიღებთ და ერთბაშად მათი გადამუშავება ჩვენი ორგანიზმისთვის მარტივი და იოლი საქმე არ არის. ამავდროულად, ჩვენ ვცვლით კვების რეჟიმს, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მიჩვეული იყო სამჯერადი, ოთხჯერადი კვების გრაფიკს. ახალი წლის დღეებში ეს წონასწორობა დღის მეორე ნახევრისკენ არის გადახრილი და, მოგეხსენებათ, ღამის საათებში საკვებით გადატვირთვა კუჭ-ნაწლავისთვის ასევე სახარბიელო არ არის“, უთხრა ნინო დოლიძემ რადიო თავისუფლებას.

კუჭ-ნაწლავის გარდა, გაბმული ნადიმები ვნებს მთლიანად საჭმლის მონელების ტრაქტს, მათ შორის, როგორც პროქტოლოგი გელა მუხაშავრია ამბობს, სწორ და მსხვილ ნაწლავსაც. ამასთან, მავნებელი შეიძლება იყოს როგორც საკვები, ასევე - სასმელი:
არაყი, კონიაკი და ვისკი 100 გრამი შეიძლება. რაც შეეხება ზომიერ თრობას, სასურველია კახურად დაყენებული ნატურალური ღვინო ...

„ამ დროს არ ერიდებიან, ცხრა ოჯახში მიდიან, ცხრა სუფრაზე გადადიან... რომ მიიღებენ ალკოჰოლს, მერე არ ერიდებიან არც ცხარეს, არც ღორის ხორცსა და მწვადებს! ამ დროს მატულობს რისკის ფაქტორი კუჭზე, წვრილ ნაწლავზე, ნაღვლის ბუშტზე, ღვიძლზე. სწორი ნაწლავის გამწვავებასაც (წვას, სისხლდენას, კვანძების გამოვარდნას) იწვევს, რა თქმა უნდა, ზედმეტად მიღებული ცხიმიანი ხორცი და ცხარე საკვები.“

რაც შეეხება ალკოჰოლს, პროფესორ გელა მუხაშავრიას თქმით, განსაკუთრებით მავნებელია მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის ჭარბი მიღება:

„არაყი, კონიაკი და ვისკი 100 გრამი შეიძლება. რაც შეეხება ზომიერ თრობას, სასურველია კახურად დაყენებული ნატურალური ღვინო, რომელიც, თუ იუმორს მოვიშველიებთ, ეფერება კიდეც სწორ ნაწლავს.“

ზომიერად მიღებული ნატურალური ღვინო რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, ამას, ექიმების გარდა, ბიოქიმიკოსებიც ამტკიცებენ. პროფესორ არმაზ შალაშვილის თქმით, განსაკუთრებით სასარგებლოა კახურად ქვევრში, ჭაჭაზე დაყენებული ღვინო, რომელიც ფენოლური ნაერთების, კატეხინებისა და პროანტოციანიდინების მაღალი შემცველობის გამო ანტიოქსიდანტური, ანტისიმსივნური, კარდიო და ანტიჰიპერტენზიული აქტიურობით გამოირჩევა:

„ქვევრში დაყენებული კახური საფერავი შეიცავს 4,5 გრამ ფენოლურ ნაერთს ერთ ლიტრში, მაშინ როცა ევროპულად დაყენებულში 3 გრამზე ოდნავ მეტია. ერთ ჭიქა საფერავში შეიძლება იყოს სულ რაღაც10 მილი ლიტრი სპირტი. შესაბამისად, მცირე რაოდენობა ამ ალკოჰოლისა დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით სისხლ-ძარღვთა სისტემაზე.“

ექიმების თქმითაც, სწორედ ესაა გამოსავალი - მცირე რაოდენობით ალკოჰოლი და ზომიერი კვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუას სასწრაფო დახმარების ექიმმა დაასწროს, ხოლო ახალმა წელმა, წარმატებების ნაცვლად, ახალი დაავადებები მოიტანოს. ასოციაცია „ქართული ღვინის“ მონაცემებით, წლის განმავლობაში საქართველო 66 მილიონ ლიტრ ღვინოს, 65 მილიონ ლიტრ ლუდსა და 13 მილიონ ლიტრ არაყს მოიხმარს, ალკოჰოლის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სწორედაც რომ ახალი წლის პირველ დღეებში ისმება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG